სატურნირო ცხრილის მეზობელთა დაპირისპირებას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ვეტერინარებს ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდათ. მათ უკანასკნელად ზუგდიდელებთან იმარჯვეს, როცა მეტოქე ქუთაისის ,,ცენტრალურზე” 3:1 დაამარცხეს. რაც შეეხებათ ზღვისპირელებს, მათ ჩემპიონატის გახსნის მატჩში, რომელიც 9 აგვისტოს ,,ჩელე არენაზე” გაიმართა, იმავე ზუგდიდელებს 2:1 სძლიეს, ხოლო მას შემდეგ გამარჯვების გემო არ ენახათ (თუ არ ჩავთვლით მე-10 ტურის ჩაშლილ მატჩს გორის დილასთან, როცა ,,შუქურას” ტექნიკური გამარჯვება - 3:0 ჩაეთვალა).
საქართველოში მწვრთნელების ცვლით ვერავის გააკვირებ, თუმცა ზღვისპირელების მდგომარეობა მაინც გამორჩეულია. ჯერ ჩემპიონატის მეთორმეტე ტურია და ქობულეთელები უკვე მესამე დამრიგებელს გაჰყავს სათამაშოდ. მართალია მატჩის ტექნიკურ ოქმში მთავარ მწვრთნელად ისევ ამირან გოგიტიძეა მინიშნებული, მაგრამ გუნდის თამაშს უკრაინელი სპეციალისტი კონსტანტინ ფროლოვი წარმართავდა, რომელიც კლუბის პრეზიდენტ რევაზ ჩელებაძის თქმით, გუნდს ამ წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს, ხოლო შემდეგ შედეგის მიხედვით განსაზღვრავენ გააგრძელებს თუ არა იგი კლუბში მუშაობას. პრეზიდენტმა მატჩის დაწყებამდე ისიც თქვა, რომ გუნდს უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებდა. ქობულეთელთათვის ფრეც წაგების ტოლფასი იქნებოდა.
შეხვედრა საკმაოდ სწრაფ ტემპში წარიმართა და ძალიან საინტერესოდ დაიწყო. სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და მე-3 წუთზე ანგარიშის გახსნის ჩინებული შანსი მიეცათ. მარცხენა ფრთიდან კვირკვიას ჩაწოდებულზე მეკარემ და მცველებმა შეუთანხმებლად იმოქმედეს, რის შემდეგაც კახაბრიშვილი მეტოქის დაუცველი კარის წინ სრულიად მარტო აღმოჩნდა, თუმცა მისი დარტყმა ხარიხამ აისხლიტა და მომენტიც განიავდა.
მე-10 წუთზე ზღვისპირელებმაც სახიფათოდ შეუტიეს. ჩელებაძემ ახლოდან დანიშნული საჯარიმო ორიგინალურად შეასრულა და დაბალი ბურთი მეტოქის საჯარიმოში შეაცურა, თუმცა თანაგუნდელებმა კომბინაციას სწორი გაგრძელება ვეღარ მოუძებნეს.
ტაიმის მესამედის მიწურულს ისევ კახაბრიშვილს მართებდა თავის გამოჩენა. მაისურაძის ჩაწოდებულზე მან ზღვისპირელთა მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ხელსაყრელი მდგომარეობიდან თავური დარტყმა განახორციელა. ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-20 წუთზე ამჯერად ლობჯანიძე გაეპარათ მცველებს კახაბრიშვილის მაღლივი ჩაწოდების შემდეგ, მაგრამ მეკარემ ახლო კუთხე ჩაკეტა და თბილისელთა შემტევის თავური დარტყმა გააუვნებელყო. ხუთ წუთში სტუმრებს ანგარიშის გახსნის 100% - იანი შესაძლებლობა მიეცათ. თანაგუნდელებმა ლობჯანიძე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს, რომელიც ბურთიანად საჯარიმოში შეიჭრა და ჩალაძემ იგი წესების დარღვევით შეაჩერა. არბიტრმა ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტი გეთიაშვილმა შეასრულა, მაგრამ კაკალაძემ სტუმართა კაპიტანს დარტყმის მიმართულება გამოუცნო და ნახტომით ბურთი კუთხურზე მოიგერია.
გაცუდებული პენალტის მიუხედავად ვეტერინარები შეტევას განაგრძობდნენ. 31-ე წუთზე ლობჯანიძე დაუსხლტდა მცველებს და მეკარესთან პირისპირ გასულმა კაკალაძისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, თუმცა ამჯერადაც ზღვისპირელთა გოლკიპერმა იმარჯვა და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.
ასეთ დროს როგორც ფეხბურთში ხშირად ხდება გოლი საპირისპირო კარში გავიდა. 39-ე წუთზე ჩაფიძის დიაგონალური გადაცემის შემდეგ ზაზა ტუღუშმა ბურთი საჯარიმოში მიიღო და მარცხენა ფეხით შეუჩერებელი დარტყმა განახორციელა. სიმართლე ითქვას, დარტყმული აუღებელთა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა, თანაც შეროზიას ახლო კუთხე ჩაკეტილი ჰქონდა, მაგრამ ვეტერინართა გოლკიპერმა ტექნიკური წუნი დაუშვა და ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა - 1:0.
წარმატებამ ზღვისპირელებს ფრთები შეასხა და ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. პირველად თანაგუნდელებმა შეტევაში ჩართული ჩალაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, თუმცა ამჯერად შეროზია უნაკლოდ გაისარჯა და ფეხებში ვარდნით ბურთი კუთხურზე მოიგერია. მეორედ ჩელებაძემ ახლოდან დანიშნული საჯარიმო პირდაპირ კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას.
შეხვედრის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 53-ე წუთზე ,,შუქურამ” სწრაფი სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშა. მალანიამ მოედნის ცენტრში ჩელებაძეს მიაწოდა, ქობულეთელთა კაპიტანმა კი ჩაფიძე გაიყვანა გარღვევაზე. მცველებმა ბოლო მომენტში განმუხტეს სიტუაცია. თითქმის მაშინვე ჩელებაძე ცდილობდა ტექნიკური დარტყმით ანგარიშის გაზრდას, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა მიზანს.
მე-60 წუთიდან ისევ სტუმრებმა შეუტიეს. კახაბრიშვილი მარჯვენა ფრთიდან აწვდიდა სახიფათოდ, მაგრამ კაკალაძემ დამაჯერებლად ითამაშა, გამოსვლაზე მეტოქის ფეხბურთელებს დაასწრო და ბურთს დაეუფლა. ამის შემდეგ ერთი წუთის ინტერვალში ლობჯანიძეს ზედიზედ ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა. პირველად იგი მარჯვენა ფრთიდან გაიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერად გაისროლა, თუმცა სიზუსტემ დააღალატა. მეორეჯერ საჯარიმოს ხაზიდან მისი უძლიერესი დარტყმა მცველებმა საკუთარ თავზე მიიღეს და კუთხურზე მოიგერიეს.
ტაიმის შუაწელს მოვლენების ცენტრში ისევ ვეტერინართა ფორვარდი აღმოჩნდა. მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში ჩაწოდებულზე ლობჯანიძე მცველებთან ბურთისთვის ბრძოლაში წაიქცა. სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა, რითაც თბილისელი ფეხბურთელების გულისწყრომა დაიმსახურა.
ამდენი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ ,,ვიტ-ჯორჯია” მეორედაც დაისაჯა. 76-ე წუთზე ვეტერინართა მორიგი შეტევის შემდეგ ბურთს კაკალაძე დაეუფლა, რომელმაც ძლიერი დარტყმით მარცხენა ფრთაზე სიჩქარეაკრეფილი ჩალაძე მოძებნა, მან თავის მხრივ გარღვევაზე მეტრეველი გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ქობულეთელთა ფორვარდმა თანაგუნდელები არ დააღალატა და სწრაფი სამსვლიანი კომბინაცია მეკარის ახლო კუთხეში ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა - 2:0.
ანგარიშში საგრძნობი ჩამორჩენის მიუხედავად სტუმრები დანებებას არ აპირებდნენ. მე-80 წუთზე კვლავ კარგად ითამაშა ლობჯანიძემ, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე ორი მცველი ჩამოიტოვა და ქობულეთელთა კარისკენ ძლიერად გაისროლა. ბურთი მცირე მანძილით ასცდა მიზანს. 86-ე წუთზე სტუმრები ძალიან ახლოს იყვნენ გოლის გატანასთან. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საბაძე ურტყამდა თავით ახლო მანძილიდან, მაგრამ კაკალაძემ ბრწყინვალე სეივი განახორციელა და საკუთარი კარი გადაარჩინა.
შეხვედრის ბოლოს უკვე მასპინძლები დომინირებდნენ. კაკალაძის დაწყებული კომბინაცია შეცვლაზე შესულმა ლუკასმა გააგრძელა, ბრაზილიელმა ორი მეტოქე ჩამოიტოვა და გარღვევაზე ჩაფიძე გაიყვანა, რომლის დარტყმული შეროზიამ აკრობატულ ნახტომში მოიგერია და ვეტერინარები დიდი ანგარიშით დამარცხებას გადაარჩინა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:
კონსტანტინ ფროლოვი (,,შუქურა”): ,,სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ბიჭები ცოტათი დათრგუნულები იყვნენ და გამარჯვება ძალიან ჭირდებოდათ. ამ მოგებით ფსიქოლოგიური ტვირთი მოგვეხსნა და ვფიქრობ, მომდევნო თამაშებში უფრო უკეთ ვიასპარეზებთ.”
ზურაბ ბერიძე (,,ვიტ ჯორჯია”): ,, თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა. ამდენი საგოლე მომენტის გამოუყენებლობა არ შეიძლება და ამიტომ დავისაჯეთ. დაცვაშიც ძალიან უხეში შეცდომები დავუშვით. ამ მხრივ ბევრი სამუშაო გვაქვს. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას.”
,,შუქურა” (ქობულეთი) - ,,ვიტ ჯორჯია” (თბილისი) 2:0 (1:0)
9 ნოემბერი. 14.00. ქობულეთი. ,,ჩელე არენა’. 500 მაყურებელი.
,,შუქურა”: თ. კაკალაძე, ტვილდიანი, მალანია, გ. გურული, ჩალაძე, კუხიანიძე, ბერუაშვილი, ზ. ტუღუში (მეტრეველი 60), ჩელებაძე (კ) (ხოჭოლავა 80), კომახიძე (ლუკასი 46), ჩაფიძე;
მთ. მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე
,,ვიტ ჯორჯია”: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი (კ), მაისურაძე, დავლაშელიძე, გახარია (კუხალეიშვილმა 80), ღიბრაძე, კახაბრიშვილი (თათხაშვილი 67), ლობჯანიძე, კვირკვია (ხვისტანი 87);
მთ. მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
გოლები: 1:0 ზ. ტუღუში (39), 2:0 მეტრეველი (76);
გაფრთხილება: ჩალაძე (25), ღიბრაძე (45), მაისურაძე (55), ზ. ტუღუში (56), შეროზია (67), კვირკვია (87);
გამოუყენებელი პენალტი: გეთიაშვილი (26);
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი
1. | დინამო თბილისი | 12 | 8 | 2 | 2 | 23:9 | 26 | |
2. | დილა | 12 | 6 | 3 | 3 | 18:11 | 21 | |
3. | სამტრედია | 12 | 6 | 3 | 3 | 14:9 | 21 | |
4. | სპარტაკი | 12 | 6 | 2 | 4 | 12:18 | 20 | |
5. | მერანი | 12 | 5 | 3 | 4 | 11:9 | 18 | |
6. | ჩიხურა | 12 | 5 | 3 | 4 | 13:12 | 18 | |
7. | ზესტაფონი | 12 | 4 | 5 | 3 | 24:15 | 17 | |
8. | დინამო ბათუმი | 12 | 5 | 2 | 5 | 11:11 | 17 | |
9. | მეტალურგი | 12 | 4 | 4 | 4 | 15:14 | 16 | |
10. | ტორპედო | 12 | 3 | 6 | 3 | 13:12 | 15 | |
11. | შუქურა | 12 | 3 | 5 | 4 | 12:15 | 14 | |
12. | გურია | 12 | 3 | 5 | 4 | 12:20 | 14 | |
13. | სიონი | 12 | 3 | 3 | 6 | 11:17 | 12 | |
14. | ვიტ ჯორჯია | 12 | 3 | 2 | 7 | 11:14 | 11 | |
15. | კოლხეთი | 12 | 2 | 4 | 6 | 9:15 | 10 | |
16. | ზუგდიდი | 12 | 2 | 4 | 6 | 7:15 | 10 |
მეგოლეები:
9 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)
6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი)
4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.