რაგბი

12:56 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

არ გამოგვრჩეს - ჩემპიონატი ნოემბერშიც გრძელდება

საქართველოსა და მთელი სარაგბო მსოფლიოს ყურადღება ახლა ნოემბრის ტესტ-მატჩებისკენაა მიპყრობილი, მაგრამ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ამ პერიოდშიც გრძელდება და გულშემატკივრებს მომავალი, საინტერესო თამაშები მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს.

XXV პირველობის რეგულარული გათამაშების მე-8 ტურში ერთი თამაში გადაიდო, სამი კვირას, 9 ნოემბერს გაიმართება, ერთი კი 10 ნოემბერს (ორშაბათი) შედგება. წინა ტურის დარად, სამ შეხვედრას ახლაც “ავჭალის” სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს, ხოლო ერთი რეგიონში გამართება. წყვილებს თუ გადავხედავთ, რაგბის გულშემატკივარს განსაკუთრებული ჯახების ხილვა კვირას მოუწევს.

რეგულარული პირველობის ლიდერი, დაუმარცხებელი ბოლნისის “ყოჩები” “ბათუმს” თბილისში, 14:30 საათზე “ავჭალაზე” მასპინძლობს და რაღა თქმა უნდა წარმატებული სერიის გახანგრძლივებას ეცდება. პრემიალური ქულით მოგების შემთხვევაში ქვემოქართლელებს პირველი წრის პირველ საფეხურზე დასრულება პრაქტიკულად განაღდებული ექნებათ და რა თქმა უნდა ამაზე უარს არ იტყვიან.

მოცემული მომენტისთვის ბათუმელები ბოლოსწინა მე-9 ადგილზე არიან. მათ განვლილი ექვსი შეხვედრიდან ოთხი წააგეს და მხოლოდ ორი მოიგეს (10 ქულა), მაგრამ საპლეიოფო ზონას ორიოდე ქულა აშორებთ და საკუთარი შანსის გამოყენებას უცილობლად ეცდებიან. ზღვისპირელებმა ზაფხულში ახალი გუნდის მშენებლობა რომ დაიწყეს, ჩემპიონატის სტარტზე ორი მარცხი განიცადეს, მაგრამ მერე თამაშის ხარისხი გამოასწორეს და შემდეგი ოთხი შეხვედრიდან უქულოდ არცერთში დარჩენილან.

აღსანიშნავია, რომ “ბათუმმა” მე-4 ტურში “ყოჩების” უმთავრესი კონკურენტი “ხარები” რუსთავში 18:15 დაამარცხა და ახლა მეორე ლიდერის წაქცევისაც შეეცდება. უნდა ითქვას, რომ რუსთაველებისთვის ეს ერთადერთი მარცხია განვლილ 7 თამაშში. ამის შემდეგ “ბათუმი” ორჯერ მცირე სხვაობით დამარცხდა თბილისში - “არმაზთან” და “ჯიქებთან” და პრემიალური ქულები ჩაიწერა, ერთი კვირის წინ, ქუთაისის “აიასთან” შეხვედრა გადაიდო. ბათუმელები მეორე წრის თამაშების უმრავლესობას საკუთარ მოედანზე გამართავენ, რაც მათ გარკვეულ უპირატესობას მიანიჭებს, მანამდე კი, ქულების დაგროვებას თბილისშიც ეცდებიან.

სანაკრებო კუთხით გუნდები თანაბარ პირობებში არიან. “ყოჩებიდან” “ბორჯღალოსნებში” 9 ნომერი გიორგი ბეგაძე, ხოლო “ბათუმიდან” ფლანკერი გიორგი თხილაიშვილი ტონგასთან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებენ. შარშან “ყოჩებმა” ბათუმელები ბოლნისში 59:27 გაანადგურა, სტუმრად დიდი სხვაობით - 41:17 აჯობა და ორივეგან ჩაიწერა პრემიალური ქულა.

ტურის მეორე შეხვედრა ნახევარი საათის შემდეგ, 15 საათზე ქუთაისში იწყება და “აია” რუსთავის “ხარებს” უმასპინძლებს. ზემოთაც ვთქვით, რომ “ხარებმა” ერთადერთი თამაში საკუთარ მოედანზე დათმო, კიდევ ერთხელ კი, ქულები ჩემპიონ “ლელოსთან” დაკარგა, როდესაც ფრედ ითამაშა. დანარჩენ ხუთ მატჩში რუსთაველებმა გამარჯვებები მოიპოვეს და 24 ქულით მეორე ადგილზე არიან, თანაც ისე, რომ უახლოეს მდევარს მთელი 8 ქულით უსწრებენ. “აიას” გასულ ტურში არ უთამაშია, რადგან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში 9 მორაგბე ყავდა მივლინებული. ექვსი მატჩიდან ქუთაისელებმა მხოლოდ ორი მოიგეს, აქედან ერთი (“თიბიესთან”) ქუთაისში და ახლა გულშემატკივრისთვის ხასიათის გამოკეთებას ეცდებიან.

სანაკრებო კუთხით აქაც თანაფარდობაა - “აიამ” “ბორჯღალოსნებში” გიორგი აფციაური მიავლინა, რომელიც განაცხადში არაა, ხოლო “ხარებმა” ნაკრებს 9 ნომერი ვაჟა ხუციშვილი “დაუთმო”, რომელიც თადარიგშია. გასულ ჩემპიონატში გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის იბრძოდნენ და პირველ წრეში “აიამ” ქუთაისში 17:12 იმარჯვა, თანაც ისე, რომ პრემიალური ქულა ორივემ ჩაიწერა, ხოლო მეორე წრეში მატჩი პრემიალურების გარეშე დასრულდა - 15:3 ქუთაისელთა სასარგებლოდ.

მერვე ტურის ცენტრალური მატჩი “ავჭალაზე” 17 საათზე იწყება და დედაქალაქურ დერბიში ერთმანეთის წინაშე ძველი მეტოქეები - “ლოკომოტივი” და “ლელო სარასენსი” წარსდგებიან. იყო დრო, როცა ჩემპიონატისა თუ თასის გამარჯვებულის ვინაობა სწორედ ამ გუნდების შეხვედრებით ირკვეოდა. საბედნიეროდ, ახლა ასე აღარაა და მათ დავაში სხვა გუნდებიც ჩაერთვნენ, თუმცა, დერბიმ სტატუსი შეინარჩუნა და ახლაც საინტერესო ბრძოლა იქნება. მით უმეტეს, რომ ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა და სატურნირო ცხრილშიც მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “ლელო სარასენსმა” შვიდიდან სამი თამაში მოიგო, ორჯერ დამარცხდა, კიდევ ორი შეხვედრა კი ფრედ დაასრულა. გასულ ტურში ლელოელები “ყოჩებთან” დამარცხდნენ და მესამე ადგილი მხოლოდ იმის გამო შეინარჩუნეს, რომ მათი კონკურენტი “ლოკომოტივი” თავადაც დამარცხდა - “არმიასთან” 12:16. რადგან რკინიგზელებმა პრემიალური ქულა აიღეს, სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, თანაც “ლოკომოტივს” ერთით ნაკლები აქვს ჩატარებული და “ლელოს” სრული მობილიზება მართებს.

აღსანიშნავია, რომ განვლილ შვიდ თამაშში “ლელო სარასენსმა” ერთხელაც ვერ შეძლო პრემიალური ქულის აღება. თავის მხრივ, “ლოკომოტივმა” ვერცერთ მოგებულ მატჩში ვერ შეძლო მეტოქისთვის სამით მეტი ლელოს გატანა. სამაგიეროდ, რკინიგზელებმა სამივე წაგებულ მატჩში 7-ქულაზე ნაკლები სხვაობა დააფიქსირეს და 3 პრემიალური ქულაც მიიღეს. გასული ჩემპიონატის პირველ წრეში “ლელომ” მეტოქე 20:14 დაამარცხა, მეორე წრეში კი რევანში შედგა - 16:13.

“ლოკომოტივიდან” ეროვნულ გუნდში ბექა წიკლაური და ბექა ბიწაძე არიან გამოძახებული, მაგრამ განაცხადში ვერცერთი მოხვდა, ხოლო “ლელო სარასენსიდან” ლაშა ხმალაძე სასტარტო შემადგენლობაშია, ხოლო სანდრო თოდუა ჰეიგმა თადარიგში შეიყვანა.

ორშაბათს “არმია” აუტსაიდერ “თიბიეს უნივერსიტეტს” მასპინძლობს და პრემიალური ქულით მოგებით საპლეიოფო ექვსეულში დამკვიდრებას ეცდება. კიდევ ერთი თამაში “ჯიქებსა” და “არმაზს” შორის მოგვიანებით გაიმართება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

VIII ტური

9 ნოემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 14:30 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ბათუმი (ბათუმი)

ქუთაისი. “აია”. 15:00 საათი

აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი)

თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო სარასენსი (თბილისი)

10 ნოემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი

არმია (თბილისი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)

ჯიქი (თბილისი) - არმაზი (თბილისი) (გადაიდო)

1 ყოჩები 7 7 0 0 163-84 29
2 ხარები 7 5 1 1 155-94 24
3 ლელო სარ. 7 3 2 2 115-110 16
4 ლოკომოტივი 6 3 0 3 91-79 15
5 ჯიქები 7 3 1 3 75-93 15
6 არმია 7 3 0 4 88-127 14
7 არმაზი 6 3 0 3 108-100 14
8 აია 6 2 0 4 90-109 11
9 ბათუმი 6 2 0 4 99-118 10
10 თიბიეს უნივ. 7 0 0 7 96-166 3

0.115301