სპორტის ამა თუ იმ სახეობის გულშემატკივრები ხშირად საუბრობენ თუ რომელი ათლეტია მათთვის ყველაზე საყვარელი და პლანეტაზე საუკეთესო. ცხადია, ამ თემაზე ჩოგბურთის ქომაგებიც დავობენ. საკუთარი პოზიცია ბრიტანეთის ნომერ პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმაც გამოთქვა. დიდი სლემების ტურნირების ორგზის ჩემპიონმა, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელმა შოტლანდიელმა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად მარტინა ნავრატილოვა დაასახელა.
ამასობაში მარეი ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ელჩი გახდა. ეს ორგანიზაცია ბრაკონიერებისა და ცხოველთა უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ილაშქრებს. ამასთან, WWF ეკოლოგიური სიტუაციის გაჯანსაღებაზეც ზრუნავს.
“ვიმედოვნებ, ჩემი საქმიანობა ცხოველთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობას შეამცირებს. ჩოგბურთის ყველა გულშემატკივარს თანადგომას ვთხოვ”, - ამბობს მარეი.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ ენდი მარეის რჩეულ მარტინა ნავრატილოვას ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში სადიდსლემო ტურნირები 59-ჯერ მოუგია.