ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის გახსნითი შეხვედრა “ნოევო არკანხელზე” გაიმართა, სადაც ჯერაც მოუგებელმა “კორდობამ” ლა კორუნიის “დეპორტივოს” უმასპინძლა და პირველი 3 ქულის მოპოვების ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.
შეხვედრა “დეპორტივოს” უპირატესობით დაიწყო და ორი სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი მე-17 წუთზე ფედე კარტაბიას ჰქონდა. ელდერ პოშტიგამ საჯარიმოში მეტოქე წააქცია, რის გამოც მატეუ ლაუსმა პორტუგალიელს ყვითელი ბარათი უჩვენა და გალისიელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ახალგაზრდა არგენტინელმა ვერ გამოიყენა, ფაბრიმ კიდევ ერთი შესანიშნავი სეივით დაგვამახსოვრა თავი. 29-ე წუთზე სტუმართა მდგომარეობა დამძიმდა, ელდერ პოშტიგამ არასპორტული საქციელის გამო მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
მეორე ტაიმში “კორდობამ” აქტიურად შეუტია, მაგრამ გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხა. კარგი მომენტები ჰქონდათ ნაბილ გილასსა და შეცვლაზე შემოსულ ხისკოს, თუმცა ფაბრიმ კიდევ ერთხელ მოახერხა კარის მშრალად შენახვა (ბოლო ოთხ მატჩში სამჯერ). “კორდობას” კი, როგორც ჩანს მოგება არ უწერია. ანდალუსიურ კლუბი 6 ფრითა და 5 წაგებით ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება, ხოლო სტუმრები 9 ქულით მე-15 პოზიციას იკავებენ.
კორდობა – დეპორტივო 0:0
კორდობა, “ნუევო არკანხელი”
კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, პანტიჩი, ი.ლოპესი, გუნინიო, კრესპო (პინილიოსი 12), გ.მორენო, ლუსო (ბ.გარსია 46), ს.ლოპესი (ხისკო 69), როსი, კარტაბია, გილასი.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, კანელია (ხ.როდრიგესი 64), სიდნეი, ლოპო, ლაურე, მედუნჯანინი (ხ.დომინგესი 75), ვილკი (ბერგენტინოსი 85), ხუანფრანი, კავალიერო, ლუისინიო, პოშტიგა.
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
გაფრთხილებები: ლუსო, ი.ლოპესი, პინილიოსი, პანტიჩი – პოშტიგა
გაძევება: პოშტიგა 29.
მსაჯი: მატეუ ლაოსი
მე-17 წუთზე კარტაბიამ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 16. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 9. ლეო მესი (“ბარსელონა”), კარლოს ბაკა (“სევილია”), ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.