კალათბურთი

2:11 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 20 ქულა ვალენსიაში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა, მისმა შედეგიანმა გარჯამ “ლაბორალ კუჩა” მარცხისგან ვერ იხსნა.

“ვალენსიასთან” გასვლით შეხვედრაში ბასკებმა მხოლოდ პირველი მეოთხედი მოიგეს, შემდეგ კი უპირატესობა მასპინძელთა მხარეს გადავიდა და მათ დამსახურებულად მოიგეს – 79:69.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და ერთ-ერთ ყოფილ გუნდთან 25:00 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 12-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2-ჯერ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტატისტიკიდადაც სჩანს, რომ შენგელიამ არაერთი ტყორცნა გააცუდა, თუმცა, მთავარი ისაა, რომ იგი ძალიან აქტიური იყო და ტრავმის შემდეგ, ნელ-ნელ სასურველ ფორმაში დგება.

ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15 იყო და ის სტუმართა რიგებში საუკეთესო გახლდათ. ვალენსიელელებს 23 ქულით ამერიკელმა ფორვარდმა ლუკ ჰერენგოდიმ ულიდერა.

ევროლიგის D ჯგუფში “ლაბორალ კუჩა” 2 მოგებით და 2 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება და სტამბულის “გალათასარაის” და ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება, ლიდერი კი პირეოსის “ოლიმპიაკოსია” 3 გამარჯვებით.

ბასკური კლუბი ევროპულ ასპარეზზე მომდევნო მატჩს 13 ნოემბერს შინ “ცრვენა ზვეზდასთან” გამართავს, მანამდე კი, 9 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატში, “გრან კანარიას” ესტუმრება.

0.150129