განსხვავებული განწყობით და სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ მეტოქენი ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას. ფოთელები წარმატების შემთხვევაში გასავარდნ ზონას თავს დააღწევდნენ, ხოლო თუ გორელები გაიმარჯვებდნენ ისინი, მეორე ადგილზე აღზევდებოდნენ.
შეხვედრა დუნედ დაიწყო და ტაიმის მესამედი ასევე მიილია. ბურთი უმეტესწილად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და დროის ამ მონაკვეთში სახიფათო მომენტებიც არ შექმნილა.
პირველად პირობითი მასპინძლები გააქტიურდნენ და მე-16 წუთზე საკმაოდ ხელსაყრელი მდგომარეობიდან საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს. სტანდარტული დათა სიჭინავამ შეასრულა, თუმცა შეყრილაძეს ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია. თითქმის მაშინვე ფოთელებმა მეორედაც შეუტიეს. გოგონაიამ მოედნის ცენტრიდან წინ წაიწია და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად გაისროლა. ბურთი ოდნავ ასცდა ძელს.
ამის შემდეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. მე-20 წუთზე თანაგუნდელთა კარგი კომბინაციის შემდეგ სეთურიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მახვილი კუთხიდან დარტყმაც განახორციელა, მაგრამ სეფიაშვილს სწორი პოზიცია ეჭირა და ხიფათი განმუხტა.
22-ე წუთზე ანალოგიური შანსი დათა სიჭინავასაც ჰქონდა. ჟიშკარიანის გამოზომილი გადაცემით იგი მეკარესთან პირისპირ გავიდა, რომელსაც თითქმის გვერდი აუარა, მაგრამ უკანასკნელ წამს შეყრილაძემ ივარგა და ფეხებში ვარდნით თავისიანები უსიამოვნებისგან იხსნა. ერთ წუთში ფოთელებს გოლის გატანის ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცათ. მათ საჯარიმო მოედნის წინა ხაზთან ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. სტანდარტული ამჯერადაც დათა სიჭინავამ შეასრულა, მაგრამ მისი ძლიერი გასროლა ხარიხას ზევიდან გადაევლო.
ამის შემდეგ ზედიზედ ორჯერ თავის გამოჩენის შანსი კვევკესკირს ჰქონდა. პირველ შემთხვევაში ახალკაცის გადაცემის შემდეგ იგი საჯარიმოს კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი კარის ბადეს გარედან შეეხო. მეორეჯერ მისი ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ ბურთი დიდი მანძილით გადასცდა ხარიხას.
ტაიმის ბოლოს სტუმრებს დაწინაურება შეეძლოთ. წიქარიძის ჩაწოდებულ საჯარიმოს კვეკვესკირმა თავი დაუხვედრა და ბურთი შორეულ ძელთან ჩასაფრებულ მოდებაძისკენ გადაამისამართა, თუმცა გორელთა შემტევმა გადაცემას ვერ მიუსწრო და მომენტიც განიავდა.
შესვენების შემდეგ მოედანზე სულ სხვა სურათი ვიხილეთ. ეტყობა, სტუმრებს მეტი ძალა შერჩენოდათ და შეხვედრის მეორე ნახევარი მათი უპირატესობით წარიმართა. 51-ე წუთზე სეთურიძის მოწოდებულ კუთხურზე მოდებაძე სრულიად დაუცველი იყო, მაგრამ დაწინაურების შანსი ვერ გამოიყენა. გორელებს მონდომება მალევე დაუფასდათ. სეთურიძე-ახალკაცი-სეთურიძის სამსვლიანი კობინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი საგოლე პოზიციაში აღმოჩნდა და ზუსტი დარტყმით სეფიაშვილი უსაქმოდ დატოვა - 0:1.
65-ე წუთზე გორელებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ. ახალკაცის კარგი გადაცემის შემდეგ მოდებაძე ერთი შეხებით ურტყამდა, მაგრამ ამჯერად ზღვისპირელთა გოლკიპერმა იმარჯვა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. სეთურიძის მოწოდებულ კუთხურს ყველაზე უკეთ ადამაძე გამოეხმაურა. მან მეტოქის მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით ბურთი ფოთელთა კარისკენ გაგზავნა, თუმცა მისი მცდელობა არაზუსტი გამოდგა.
მატჩის ბედი პრაქტიკულად ტაიმის შუაწელს გადაწყდა. ,,მასპინძელთა” შეტევის დროს ჟიშკარიანი მეტოქის მცველთან ჭიდილში გაზონზე გართხმული აღმოჩნდა. არბიტრმა ყრუაშვილმა ეს სიმულაციად მიიჩნია და კოლხ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აუფრიალა, რომელიც მისთვის ამ თამაშში მეორე აღმოჩნდა და ბუნებრივია მინდვრის დატოვება მოუხდა.
10 კაცით დარჩენილმა კოლხებმა ანგარიშის გასათანაბრებლად მთელი გუნდით შეტევა სცადეს, მაგრამ სახეიროს ვერაფერს მიაღწიეს. ისე, მატჩის უკანასკნელ წუთებში კუთხურის გათამაშების შემდეგ ფოთელები პენალტს ითხოვდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ერთ-ერთმა გორელმა მცველმა ხელით ითამაშა, თუმცა არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა. ზღვისპირელები შეტევაში დააჯარიმა, რითაც მათ საქომაგოდ ჩამოსული გულშემატკივრები განარისხა.
ამ მომენტიდან სულ მალე ყრუაშვილის საფინალო სასტვენი გაისმა, რომელმაც გორელთა მინიმალური ანგარიშით გამარჯვება დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:
ზაზა ინაშვილი (,,კოლხეთი”): ,,ძლიერი მეტოქე გვყავდა და თამაშის ბოლოს გვაჯობა. სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. ჩვენი მთავარი გასაჭირი საკუთარი მოედნის არქონაა. პრაქტიკულად სულ გასვლაზე ვთამაშობთ და ძნელია ასეთ პირობებში გუნდმა წარმატებას მიაღწიოს”.
მილოვან მატიასევიჩი (,,დილა”): ,,რთული თამაში გვქონდა. ასეთ მოედანზე ბურთის გაგორება ჭირს და შესაბამისად კომბინაციური თამაში ძნელია. დიდი მადლობა ბიჭებს მონდომებისთვის. ასევე დიდი მადლობა მეტოქეს კორექტული თამაშისთვის”.
,,კოლხეთი” (ფოთი) - ,,დილა” (გორი) 0:1 (0:0)
7 ნოემბერი. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე”. 250 მაყურებელი.
,,კოლხეთი”: სეფიაშვილი, კაკულია (ნ. სიჭინავა, 60), ჩადუნელი, ფარულავა, ლემონჯავა, გოგონაია (კ), დ. სიჭინავა (კაკულია 80), გუგუჩია (ამბროლაძე 72), ჟიშკარიანი, გ. კილასონია, შ. ჯიქია;
მთ. მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
,,დილა”: შეყრილაძე, ადამაძე, ჯაფარიძე, ხურცილავა, ქარქუზაშვილი, ფალავანდიშვილი, წიქარიძე, კვეკვესკირი (ჭეჭელაშვილი 90+3), სეთურიძე (სადაღაშვილი 75), ახალკაცი (ერისთავი 82), მოდებაძე (კ);
მწვრთნელი: მილოვან მატიასევიჩი
გოლი: 0:1 სეთურიძე (55);
გაფრთხილება: ქარქუზაშვილი (24), გუგუჩია (27), ჟიშკარიანი (39, 67), წიქარიძე (69), ფალავანდიშვილი (84);
გაძევება: ჟიშკარიანი (67);
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი
1. | დინამო თბილისი | 12 | 8 | 2 | 2 | 23:9 | 26 | |
2. | დილა | 12 | 6 | 3 | 3 | 18:11 | 21 | |
3. | სამტრედია | 12 | 6 | 3 | 3 | 14:9 | 21 | |
4. | სპარტაკი | 12 | 6 | 2 | 4 | 12:18 | 20 | |
5. | ჩიხურა | 12 | 5 | 3 | 4 | 13:12 | 18 | |
6. | ზესტაფონი | 12 | 4 | 5 | 3 | 24:15 | 17 | |
7. | დინამო ბათუმი | 12 | 5 | 2 | 5 | 11:11 | 17 | |
8. | მეტალურგი | 11 | 4 | 4 | 3 | 14:12 | 16 | |
9. | ტორპედო | 12 | 3 | 6 | 3 | 13:12 | 15 | |
10. | მერანი | 11 | 4 | 3 | 4 | 9:8 | 15 | |
11. | გურია | 12 | 3 | 5 | 4 | 12:20 | 14 | |
12. | სიონი | 12 | 3 | 3 | 6 | 11:17 | 12 | |
13. | ვიტ ჯორჯია | 11 | 3 | 2 | 6 | 11:12 | 11 | |
14. | შუქურა | 11 | 2 | 5 | 4 | 10:15 | 11 | |
15. | კოლხეთი | 12 | 2 | 4 | 6 | 9:15 | 10 | |
16. | ზუგდიდი | 12 | 2 | 4 | 6 | 7:15 | 10 |
მეგოლეები:
9 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)
6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი)
4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.