ფეხბურთი

18:42 | 7.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვის სიის დებიუტანტი და “ვერცხლის დაფნის რტოს” მოლოდინი

გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში 14 ნოემბერს შინ გიბრალტარის ნაკრებთან ჩასატარებელი მატჩისთვის და 18 ნოემბერს სტუმრად ესპანეთთან გასამართი სპარინგისთვის, შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სია დაასახელა.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდის ინფორმაციით, ლიოვმა 23 ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, გერმანია), რომან ვაიდენფელერი (“დორტმუნდი”), რონ-რობერტ ცილერი (“ჰანოვერი”).

მცველები: ერიკ დურმი, მატიას გინტერი (ორივე “დორტმუნდი”), ჯერომ ბოატენგი (“ბაიერნი”), იონას ჰექტორი (“კიოლნი”), ბენედიქტ ჰიოვედესი (“შალკე”), შკოდრან მუსტაფი (“ვალენსია”, ესპანეთი), ანტონიო რუდიგერი (“შტუტგარტი”), სებასტიან რუდი (“ჰოფენჰაიმი”).

ნახევარმცველები: ქარიმ ბელარაბი, ლარს ბენდერი (ორივე “ბაიერი”), კრისტოფ კრამერი, მარკო როისი (ორივე “დორტმუნდი”), სამი ხედირა, ტონი კროოსი (ორივე “რეალი”, ესპანეთი), თომას მიულერი (“ბაიერნი”), ლუკაშ პოდოლსკი (“არსენალი”, ინგლისი), ანდრე შიურლე (“ჩელსი”, ინგლისი).

თავდამსხმელები: მარიო გიოტცე (“ბაიერნი”), მაქს კრუზე (“დორტმუნდი”), კევინ ფოლანდი (“ჰოფენჰაიმი”).

ბუნდესნაკრებს ხედირა, როისი, ბენდერი და ჰიოვედესი დაუბრუნდნენ, რომლებიც ტრავმების გამო, ბოლო მატჩებში თანაგუნდელებს ვერ ეხმარებოდნენ. ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვიეს ჰექტორი, ხოლო ვოლანდს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონთა რიგებში ერთხელ, 2014 წლის 13 მაისს პოლონეთთან ამხანაგურ მატჩში უთამაშია.

იოახიმ ლიოვი: “გვსურს წელი დადებითი შედეგით დავასრულოთ და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გიბრალტართან საშინაო მატჩში “სუფთად” გავიმარჯვოთ. მსოფლიოს ყოფილ და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან მისსავე მოედანზე თამაში კი ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულია.

იონას ჰექტორის გაცნობა უფრო ახლოს გვინდა. ის “კიოლნში” კარგად თამაშობს. კევინ ვოლანდი ერთხელ ჩვენთან უკვე იყო. იგი 21-წლამდელთა ნაკრების წამყვანი ფეხბურთელია და “ჰოფენჰაიმში” მაღალ დონეზე თამაში უნდა გააგრძელოს. მარკო როისის, სამი ხედირას, ბენედიქტ ჰიოვედესისა და ლარს ბენდერის დაბრუნება კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ისინი უკვე ძალიან გამოცდილები არიან”.

გერმანიის ნაკრების ორშაბათს ბერლინში შეიკრიბება. შუადღისას, გუნდი “ბელევუე პალასს” ესტუმრება, სადაც ქვეყნის კანცლერ ანგელა მერკელის და საგარეო საქმეთა მინისტრ თომას დე მეზიერის თანდასწრებით, გერმანიის პრეზიდენტ ვოლფგანგ ნირსბახისგან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის “ვერცხლის დაფნის რტოს” მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118331