არნემის “ვიტესის” კაპიტანს გურამ კაშიას გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შანსი ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-12 ტურში, “ფეინოორდთან” საშინაო მატჩში აქვს.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველს, ფეხის თითის მოტეხვის გამო, თვეზე მეტი გაუცდა. გამოჯანმრთელების შემდეგ, მას პირველ გუნდში არ უთამაშია და მხოლოდ ახალგაზრდულ შემადგენლობაში ასპარეზობდა.
ამჯერად, ტრავმირებულია არნოლდ კრეისვეიკი, რომელმაც კაშიას არყოფნაში სასტარტოში ქართველის ადგილი დაიკავა და ამიტომ, კაპიტანს საწყის თერთმეტეულში დაბრუნების შესაძლებლობა აქვს. ამის შესახებ “ვიტესის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომელთან საუბარში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მატჩამდე ორი დღით ადრე სასტარტო შემადგენლობას ვერ დაასახელებს. მისი თქმით, არჩევანს შაბათს გააკეთებს.