ფეხბურთი

22:06 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

,,ზესტაფონი” აღმავლობის გზაზეა  

XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის ცენტრალური შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა, სადაც ,,დავით აბაშიძის” სახელობის სტადიონზე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა, ადგილობრივმა ,,ზესტაფონმა” სატურნირო ცხრილის მეორეადგილოსანს ცხინვალის ,,სპარტაკს” უმასპინძლა.

მატჩის დებიუტი ზემოიმერელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა საგოლე შანსი პირველად სტუმრებს მიეცათ. მე-2 წუთზე ნიკა კაჭარავა დრიბლინგით რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტდა და საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ უკანასკნელ წამს მცველებმა იმარჯვეს და სიტუაცია განმუხტეს.

მე-9 წუთზე ლევან შარიქაძე ურტყამდა სახიფათოდ საჯარიმოს მისადგომებიდან, თუმცა გიორგი ნადირაძეს სწორი პოზიცია ეჭირა და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია. მე-20 წუთზე კაპანაძის ჩაწოდების შემდეგ ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და მეკარისგან შორეულ კუთხისკენ ჩაეშვა. ნადირაძეს მთელი თავისი ოსტატობის ჩვენება დასჭირდა ბურთის კუთხურზე მოსაგერიებლად.

ამის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და სამ წუთში გოლიც ვიხილეთ. თედორე გრიგალაშვილმა დროული გადაცემით კაპანაძე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა. ,,ელვამ” თანაგუნდელს ამაგი დაუფასა, ბურთი მკერდზე მიიღო, შემობრუნდა და კარის მარჯვენა კუთხეში ნადირაძეს აუღებელი დაურტყა-1:0.

ტაიმის ბოლოს უპირატესობის გაზრდა ჯაბა დვალს შეეძლო. იგი ბურთიანად მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და უძლიერესი დარტყმა განახორციელა, თუმცა ხარიხას მცირედით გადააცილა.

შეხვედრის განახლებისთანავე სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდათ. 47-ე წუთზე თექთურმანიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ივანიშვილი ურტყამდა თავით სახიფათო მდგომარეობიდან, მაგრამ ბურთმა მარცხენა ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. 50-ე წუთზე იმერელ მცველთა შეუთანხმებელი მოქმედებით კაჭარავამ ისარგებლა. მან მეტოქეს ბურთი მოჰპარა და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა საყრდენი ფეხით უხერხულად შეასრულა და ზესტაფონელთა სერბ გოლკიპერს კარის გადარჩენის შანსი დაუტოვა.

ტაიმის შუაწელიდან მასპინძლები დამშვიდნენ და მატჩის სადავეები ისევ ხელთ იპყრეს. მალე კაპანაძეს დუბლის შესრულების საშუალება მიეცა. გაგოშიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ზესტაფონელთა ტანმორჩილმა ფორვარდმა, მასზე გაცილებით მაღალ მცველებს აჯობა და თავური დარტყმით ბურთი სტუმართა კარისკენ გაგზავნა. ნადირაძემ სპორტული ოსტატობის დემონსტრირება მოახდინა. იგი ნახტომში მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია.

ამის შემდეგ ,,სპარტაკის” კარს ზედიზედ ორჯერ ჯაბა დვალი ემუქრებოდა, თუმცა ორივე ეპიზოდში მიზანმა უმტყუნა. ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირის მონდომებამ შედეგი მესამე ცდაზე გამოიღო.

77-ე წუთზე მასპინძელთა მრავალსვლიანი კომბინაციის ბოლოს ზესტაფონელთა კაპიტანმა გამოზომილი გადაცემით ჭანტურიშვილი მეკარის პირისპირ გაიყვანა, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ნადირაძემ მოიგერია, მაგრამ დასწრებაზე ყველას დვალმა აჯობა და უძლიერესი დარტყმით საკუთარ აქტივს მიმდინარე ჩემპიონატში კიდევ ერთი გოლი შემატა-2:0.

მატჩის ბედიც პრაქტიკულად აქ გადაწყდა, თუმცა ზესტაფონლებმა მიღწეულით დაკმაყოფილება არ იკმარეს და შეხვედრის ბოლოს კიდევ ერთხელ გაიხარეს. 84-ე წუთზე ლევან შარიქაძემ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ოდნავ წინ წაიწია და გამოზომილი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა-3:0.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

გურამ ასპინძელაშვილი (,,ზესტაფონი’’): ,,ძლიერი მეტოქე გვყავდა და შესაბამისად რთული თამაში გვქონდა. ბიჭებმა ყველა დავალება შეასრულეს და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. გუნდი აღმავლობის გზაზეა და მომავალს იმედიანად ვუყურებთ .”

კახი კაჭარავა (,,სპარტაკი“): ,,სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. რასაც ნაღდი საგოლე მომენტი ჰქვია, პრაქტიკულად თანაბრად გვქონდა. მეტოქემ მისი რეალიზება შეძლო, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ამიტომაც დავმარცხდით. ფეხბურთში ვისაც გოლი გააქვს ის იმარჯვებს’’.

,,ზესტაფონი” (ზესტაფონი) – ,,სპარტაკი” (ცხინვალი) 3:0 (1:0)
6 ნოემბერი. ,,დავით აბაშიძე” 700 მაყურებელი.

,,ზესტაფონი”: პავლოვიჩი, თ. გრიგალაშვილი, ხიდეშელი, ფერეირა, გაგოშიძე, შარიქაძე, ჭანტურიშვილი, სარდალიშვილი, ჭანკოტაძე (ილურიძე 66), კაპანაძე (ენდელაძე 82), დვალი (კ) (ფანცულაია 87);

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

,,სპარტაკი”: ნადირაძე (კ), მაისაშვილი, გიგაური, მახარობლიძე (მაქაცარია 79), შინდაგორიძე (ლექვთაძე 66), ქემოკლიძე, ცერცვაძე, თექთურმანიძე (ქოჩლაძე 74), ივანიშვილი, იოსელიანი, ნ. კაჭარავა;

მთ. მწვრთნელი: კახი კაჭარავა

გოლი: 1:0 კაპანაძე (23), 2:0 დვალი (77), 3:0 შარიქაძე (84);

გაფრთხილება: სარდალიშვილი (53), მაქაცარია (80), იოსელიანი (90), ენდელაძე (90);

არბიტრი: ლაშა სილაგავა

1. დინამო (თბ) 12 8 2 2 23:9 26
2. სპარტაკი 12 6 2 4 12:18 20
3. დილა 11 5 3 3 17:11 18
4. სამტრედია 11 5 3 3 11:8 18
5. ჩიხურა 12 5 3 4 13:12 18
6. ზესტაფონი 12 4 5 3 24:15 17
7. დინამო (ბთ) 12 5 2 5 11:11 17
8. მეტალურგი 11 4 4 3 14:12 16
9. ტორპედო 12 3 6 3 13:12 15
10. მერანი 11 4 3 4 9:8 15
11. გურია 11 3 5 3 11:17 14
12. ბოლნისი 12 3 3 6 11:17 12
13. ვიტ ჯორჯა 11 3 2 6 11:12 11
14. შუქურა 11 2 5 4 10:15 11
15. ფოთი 11 2 4 5 9:14 10
16. ზუგდიდი 12 2 4 6 7:15 10

მეგოლეები:

9 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.134788