საფეხბურთო კლუბი “სამტრედია”, შემადგენლობიდან და პირობებიდან გამომდინარე, ქართული კლუბებიდან ევროსარბიელზე ასპარეზობის ერთ-ერთი კანდიდატია, ყოველ შემთხვევაში, სამტრედიელებს დიდი ამბიციები აქვთ და ალბათ ამიტომაც “არ აპატიეს” გუნდის მთავარ მწვრთნელ გელა სანაიას სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ აუტსაიდერ “ზუგდიდთან” საკუთარ არენაზე მარცხი. სანაიას ადგილი ზაზა ზამთარაძემ დაიკავა. გუნდში არსებულ სიტუაციაზე და მომავალ გეგმებზე ზამთარაძეს “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა.
- უპირველესად ფოთის “კოლხეთთან” გამართულ სადებიუტო შეხვედრაზე გკითხავთ – როგორ შეაფასებთ თქვენთვის სადებიუტო მატჩს?
- ეს პირველი თამაში იყო, რაც გუნდი ჩავიბარე და სასურველი იქნებოდა გამარჯვება მოგვეპოვებინა, მაგრამ მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამწუხაროდ, ნაკლები იყო ფეხბურთი, უფრო ბრძოლის ხარჯზე ცდილობდა ორივე გუნდი შედეგის მიღწევას და აქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ფრე ლოგიკური იყო.
- რა იქნება გუნდის მთავარი მიზანი?
- ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა თამაშში გამარჯვებისათვის ვიბრძოლებთ. ვეცდებით, პირველი წრის ბოლოს მივიდეთ ქულების იმ მარაგით, საპრიზო სამეულისთვის რომ ვიბრძოლოთ. ვნახოთ, წინასწარ საუბარი ზედმეტია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ გუნდს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს.
-“სამტრედიას” მიერ ჩატარებულ ბოლო თამაშებს თუ გადავხედავთ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გუნდს შეთამაშება აკლია, არადა 11 ტური არაა ცოტა დრო...
- გეთანხმებით, “კოლხეთთანაც” გამოჩნდა ეს ხარვეზები და მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ახალი მოსული ვარ, ვცდილობ ბევრი რამ შევცვალო და შემდეგ ტურებში აუცილებლად გამოსწორდება თამაშის ხარისხიც და შედეგიც. უბრალოდ, ძალიან რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ახლა არ გვიწევს ამხანაგური მატჩების ჩატარება და გუნდის შეთამაშებაზე და ცვლილებებზე ფიქრი გვიწევს ოფიციალური თამაშების დროს.
- გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას ხომ არ აპირებთ უახლოეს მომავალში?
- არცერთ გუნდს არ აწყენს გაძლიერება და ამ მხრივ არც “სამტრედია” იქნება გამონაკლისი. სავარაუდოდ, ზამთარში ვეცდებით იმ პოზიციებზე, რომლებსაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, კიდევ დავიმატოთ გამოცდილი ფეხბურთელები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, “სამტრედიას” დიდი პოტენციალი აქვს და აუცილებლად გაუმჯობესდება გუნდის თამაში.