დიდ ინტერეს იწვევს საქართველოს კალათბურთელთა 24-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურში სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი “რუსთავისა” და “ქუთაისი-2010”-ის შეხვედრა, რომელსაც 7 ნოემბერს რუსთავი უმასპინძლებს. მომავალ ტურზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აღნიშნული მატჩი შეიძლება პირველი წრის ცენტრალურ შეხვედრადაც კი ჩაითვალოს.
აღნიშნულ შეხვედრასა და “ქუთაისი-2010”-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით “მსოფლიო სპორტი” ქუთათურთა მთავარ მწვრთნელ მალხაზ კოხრეიძეს ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი ქუთაისში იყო დაგეგმილი, მაგრამ ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, რუსთავში გაიმართება.
- “რუსთავის” წამყვანი კალათბურთელები, თქვენი გუნდის აწ უკვე ყოფილი წევრები, ცენტრალური თავდამსხმელი აკაკი დვალიშვილი და უკანახაზელი გიორგი ცეკვავა არიან, “რუსთავშიც” კარგად თამაშობენ და გუნდის წარმატებაში ლომის წილი შეაქვთ. განსაკუთრებით დვალიშვილი გამოირჩევა, რომელიც დუდუ დადიანის მემორიალზე ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი გახდა, ხოლო მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის 2 შეხვედრაში 56 ქულა და 31 მოხსნა დააგროვა. რატომ ვერ შეძელით ორივე თუ არა ერთი მათგანი მაინც რომ შეგენარჩუნებინათ?
- ძალიან გვინდოდა ორივე კალათბურთელის, განსაკუთრებით დვალიშვილის შენარჩუნება, კარგი პირობები შევთავაზეთ, მაგრამ მან მაინც მშობლიურ ქალაქში თამაში ამჯობინა. Gგარდა იმისა, რომ დვალიშვილი კარგი სპორტსმენია, კარგი პიროვნებაცაა. ღმერთმა გვიმრავლოს ქართველებს აკაკი დვალიშვილისნაირი ახალგაზრდები. ჩემთვის გაურკვეველია რატომ ვერ გამოინახა მისთვის ჩვენი ქვეყნის 14-კაციან გუნდში ადგილი.
- თქვენი გუნდის აფრიკელ ლეგიონერ, ცენტრალურ თავდამსხმელ აბდულა ნდოეს შესახებ რას გვეტყვით, რომელიც გუნდს ორიოდე დღის წინ შეუერთდა?
- ძნელია კალათბურთელი მხოლოდ ვარჯიშებით შეაფასო. ვარჯიშებიდან გამომდინარე ნდოემ კარგი, ჭკვიანი კალათბურთელის შთაბეჭდილება დატოვა.
- ნდოე ითამაშებს “რუსთავთან”?
- ჩვენი სენეგალელი კალათბურთელი, რომელსაც 23-ნომრიანი მაისური ერგო, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა “რუსთავთან” ითამაშებს.
- როგორია მე-3 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თქვენი პროგნოზი?
- დაძაბული და ძალიან საინტერესო მატჩი იქნება. სხვას ვერაფერს გეტყვით.