ფოთში არსებული სტადიონ “ფაზისის” რეკონსტრუქციას შპს “ხიდი” განახორციელებს. გამოცხადებულ ტენდერში ხსენებულმა ფირმამ გაიმარჯვა. ამის შესახებ ფოთის საფეხბურთო კლუბის “ფეისბუქის” გვერდი იუწყება. “ფაზისი” “კოლხეთი 1913”-ის საშინაო არენაა და იმის გამო, რომ დიდი ხანი სარეკონსტრუქციოა, ფოთელები საშინაო მატჩებს სხვა ქალაქში ატარებენ.
შპს “ხიდი” უახლოეს დღეებში ხელშეკრულებას ფოთის მერიასთან გააფორმებს, რომლის ბალანსზეცაა სტადიონი და მშენებლობისთვის 6-თვიანი ვადა აქვს. რეკონსტრუქციის შემდეგ, “ფაზისზე” 6500 გულშემატკივარი დაეტევა, ხოლო ტრიბუნები სრულად გადაიხურება.
იმედია, ფოთში სტადიონის რემონტი აღარ შეფერხდება და შპს “ხიდი” ობიექტს დადგენილ ვადებში ჩააბარებს.