ფეხბურთი

14:28 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ოქროს ბიჭები” 1964-2014: თბილისის “დინამოს” ისტორია ინტერნეტსივრცეში

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრ ლევან ყიფიანის და თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება იმ პროექტს მიეძღვნა, რომელიც საკავშირო ჩემპიონატში თბილისის “დინამოს” პირველი გამარჯვების (1964 წელს) 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით განხორციელდა.

ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ თავის არქივში დაცულ მასალებში მოიძია 1936-1992 წლებში საქართველოში გამომავალ ქართულ და რუსულენოვან პრესაში თბილისის “დინამოსთან” დაკავშირებული სტატიები, მატჩების მიმოხილვები, ფოტოები, რომელთა ციფრული ვერსიაც ბიბლიოთეკის ინტერნეტ-გვერდზე – www.sciencelib.ge – უახლოეს დღეებში აიტვირთება. საგულისხმოა, რომ საარქივო რესურსზე დამატებულია საძიებო ფუნქციაც. ციფრული მასალები მოძიებულია გაზეთებიდან: “ფიზკულტურელი”, “ლელო”, “კრასნი სპორტი”, “სოვეტსკი სპორტი”, “კომუნისტი”, “ახალგაზრდა კომუნისტი”, “მუშა”, “ზარია ვოსტოკა”, “მოლოძიოჟ გრუზიი”...

“18 ნოემბერს ჩვენი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვების ნახევარსაუკუნოვანი იუბილე აღინიშნება და სასიხარულოა, რომ თსუ-ს ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ამ თარიღს ასეთი კარგი პროექტი მიუძღვნა. ის არქივი, რაც ბიბლიოთეკის გუნდმა ხელმისაწვდომი გახადა ყველა გულშემატკივრისთვის, შესაძლებლობას მოგვცემს ახლოს გავიცნოთ ქართული ფეხბურთის ისტორია. ამ კეთილი საქმისთვის, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის და მთლიანად ბიბლიოთეკის გუნდს, რომლებმაც ამ საშვილიშვილო პროექტში მიიღეს მონაწილეობა”, - განაცხადა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

“თბილისის “დინამო” ჩვენი სპორტის მშვენებაა. წლეულს უდიდესი გამარჯვების 50 წლის იუბილეს ვზეიმობთ და მიხარია, რომ ჩვენს ბიბლიოთეკას თავისი წვლილი შეაქვს ამ საქმეში. დიდი ხანი ვფიქრობდი ამ პროექტზე და მიხარია, რომ შევძელით ამის გაკეთება. ვიმედოვნებ, ჩვენს არქივში მოძიებული მასალებით ბევრი ისარგებლებს. დაახლოებით სამ ათასამდე სტატია და ფოტომასალა აიტვირთება ვებ-გვერდზე, რაც დამეთანხმებით, ძალიან კარგია. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად რამდენიმე პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც არამხოლოდ ფეხბურთს, სხვა სახეობებსაც მოიცავს, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლას”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

0.127317