ფეხბურთი

13:49 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

1/8-ფინალი კიდევ 5 გუნდს ელის

E ჯგუფი

ბაიერნი-რომა (პირველი მატჩი 7:1)

დღეს მოთამაშე გუნდებიდან 1/8-ფინალის საგზურის ვადაზე ადრე მოპოვების შანსი ხუთს აქვს. მათ შორის ყველაზე კარგ სიტუაციაში “ბაიერნია”, რადგან მიუნხენელები მხოლოდ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი. თუ პეპ გვარდიოლას გუნდი მოიგებს, ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს და “რეკორდმაისტერს” რომ “რომას” იოლად დამარცხება ხელეწიფება, ეს 2 კვირის წინათ კარგად გამოჩნდა.

მე-3 ტურში რომში გასეირნების შემდეგ, “ბაიერნმა” ბუნდესლიგაში 2, ხოლო გერმანიის თასზე ერთი თამაში ჩაატარა. მიუნხენელებმა, ჩემპიონატში, “გლადბახთან” უგოლო თამაშის შემდეგ, “დორტმუნდი” დაამარცხეს. თასიდან კი მათ “ჰამბურგი” გამოაგდეს.

“რომას”, “ბაიერნთან” შერცხვენის შემდეგ, საქმეები კარგად არც სერია A-ში წაუვიდა. რუდი გარსიას გუნდმა, იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ სამ მატჩში მხოლოდ 4 ქულა აიღო.

“ბაიერნისა” და “რომას” ურთიერთშეხვედრების ისტორია 5 მატჩს ითვლის, რომელთაგან 4 მიუნხენელებმა მოიგეს, ხოლო 1 რომაელებმა. გერმანიაში ჩატარებულ ორივე თამაშში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

თამაშს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო მასპინძლებს ბადშტუბერი, შვაინშტაიგერი, შტარკე, ტიაგო, რეინა და მარტინესი, ხოლო სტუმრებს კასტანი, ასტორი და სტროოტმანი დააკლდებიან.

  • “ბაიერნი”, მოგების შემთხვევაში, ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს. თუ ჯგუფის მე-2 თამაში ფრედ დასრულდა, მიუნხენში გასამართი დაპირისპირების შედეგის მიუხედავად, გერმანელები 1/8-ფინალის საგზურს მოიპოვებენ;
  • ბოლო ოთხ შემთხვევაში, როდესაც “რომა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, რომაელები გასვლაზე მინიმუმ ერთ მატჩს იგებდნენ;
  • “ბაიერნს”, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (3-4-2-1): ნოიერი, ბენატია, ბოატენგი, ალაბა, რობენი, ალონსო, ლამი, ბერნატი, გიოტცე, რიბერი, მიულერი.

რომა (4-3-3): დე სანკტისი, ტოროსიდისი, იანგა-მბივა, მანოლასი, კოული, პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი, ჟერვინიო, ტოტი, იტურბე.

მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).

სიტი-ცსკა (პირველი მატჩი 2:2)

3 ტურის შემდეგ ორივე გუნდი რთულ მდგომარეობაშია. არცერთ მათგანს მოგება არ აქვს. ამ სიტუაციის გამოსწორების შანსი “სიტისა” და ცსკა-ს დღეს მიეცემათ. ბუნებრივია, 3 ქულის აღების მეტი შანსი მანჩესტერელებს აქვთ, რომლებიც საკუთარ მოედანზე თამაშობენ და მეტოქეს კლასითაც აღემატებიან. თუ დღეს პელეგრინის შეგირდებმა იმარჯვეს, სავარაუდოდ, ისინი მე-2 ადგილზე გადაინაცვლებენ.

მას შემდეგ, რაც “სიტიმ” მოსკოვში მოპოვებული 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა, “ქალაქელებმა” ჯერ პრემიერლიგაში, შემდეგ კი ინგლისის ლიგის თასზე წააგეს. მანჩესტერელებმა განწყობა გასულ უქმეებზე გამოიკეთეს, როდესაც დერბიში “იუნაიტედი” დაამარცხეს.

მე-3 ტურში ქულის აღების შემდეგ, შიდა ასპარეზზე ვერც ცსკა ბრწყინავდა. მოსკოველებმა, რუსეთის პრემიერლიგის 2 ტურში 1 ქულა აიღეს. გასულ შაბათს, ისინი, საკუთარ მოედანზე, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კონკურენტთან, “ზენიტთან” დამარცხდნენ.

“სიტი” და ცსკა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ერთად ზედიზედ მეორედ მოხვდნენ. გასულ წელს, ინგლისელებმა მეტოქე ორივე თამაშში დაამარცხეს.

დღევანდელ მატჩს, ტრავმების გამო, მასპინძელთაგან კოლაროვი, სილვა და ლემპარდი, ხოლო სტუმართაგან პანჩენკო და ელმი დააკლდებიან.

  • “სიტიმ”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 8 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო;
  • სერხიო აგუეროს, რუსულ გუნდებთან ჩატარებულ 4 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი;
  • სერხიო აგუერომ, “სიტის” მაისურით ჩატარებულ ბოლო 8 თამაშში 9 გოლი გაიტანა;
  • ცსკა-ს მეკარემ, იგორ აკინფეევმა გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 24 თამაშში გაუშვა.

სავარაუდო შემადგენლობები

სიტი (4-4-2): ჰარტი, საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში, მილნერი, ფერნანდო, ტურე, ნასრი, იოვეტიჩი, აგუერო.

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი, ფერნანდესი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, შჩენიკოვი, ვერნბლუმი, ნაჩო, ტოშიჩი, ერემენკო, ძაგოევი, მუსა.

მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი).

1. ბაიერნი 3 3 0 0 9:1 9
2. რომა 3 1 1 1 7:9 4
3. სიტი 3 0 2 1 3:4 2
4. ცსკა 3 0 1 2 3:8 1

F ჯგუფი

აიაქსი-ბარსელონა (პირველი მატჩი 1:3)

“ბარსელონას” შანსი აქვს 1/8-ფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიპოვოს, მაგრამ ამისთვის კატალონიელებს ამსტერდამში მოგება მართებთ. “აიაქსს” კი, ფლეი ოფისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად, მინიმუმ ქულის აღება მართებს.

2 კვირის წინათ ბარსელონაში წაგების შემდეგ, “აიაქსმა” ჰოლანდიის ჩემპიონატსა და თასზე კარგი შედეგები აჩვენა. ფრანკ დე ბურის შეგირდებმა სამივე თამაში მოიგეს.

იგივეს ვერ ვიტყვით “ბარსელონაზე”, რომელიც კრიზისშია. ლუის ენრიკეს შეგირდები, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, “რეალთან” სტუმრად და “სელტასთან” შინ დამარცხდნენ.

“აიაქსისა” და “ბარსელონას” გზები პირველად წინა გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. ერთი წლის წინათ, კატალონიელებმა მეტოქე საკუთარ მოედანზე 4:0 კი გაანადგურეს, მაგრამ მანამდე, 10-კაციან “აიაქსთან”, ამსტერდამში”, 1:2 წააგეს.

“აიაქსს”, ტრავმის გამო, ფიშერი ვერ დაეხმარება. “ბარსელონა”, იმავე მიზეზით, ვერმაელენს, მატიეს, ინიესტასა და სერხი რობერტოს მოისაკლისებს.

  • “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი, დღეს, იმ ერთადერთ გუნდს დაუპირისპირდება, რომლის მაისურითაც ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია;
  • სუარესი “აიაქსი” 2007-2011 წლებში თამაშობდა. მის ანგარიშზე 159 თამაშში გატანილი 111 გოლია;
  • “ბარსელონა” 1/8-ფინალში გავა, თუ დღეს მოიგებს და პსჟ აპოელ-თან არ წააგებს;
  • “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 9 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო, ხოლო 5 წააგო.

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი (4-3-3): სილესენი, ვან რეინი, ველტმანი, მოიზანდერი, ბოილესენი, კლაასენი, სერერო, ვიერგევერი, შონე, სიგთორსონი, ანდერსენი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, რაკიტიჩი, სუარესი, მესი, ნეიმარი.

მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).

პსჟ-აპოელ (პირველი მატჩი 1:0)

“პარი სენ ჟერმენს” ფლეი ოფამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ბოლო დროს კარგად ათამაშებულ პარიზელებს ბოლოადგილოსანი აპოელ-ის დამარცხება და “ბარსელონას” არწაგება 1/8-ფინალის საგზურს უნაღდებს.

ლორან ბლანის გუნდი, მიმდინარე სეზონში, წაუგებელია. პარიზელები, სეზონის სტარტზე არასტაბულურობით გამოირჩეოდნენ. ოქტომბრის ბოლომდე მათ ზედიზედ 2 მოგება არ ჰქონდათ. თუმცა, 2 კვირის წინათ აპოელ-ის დამარცხებას პსჟ-მ ლიგა ერთში ზედიზედ 2 მოგება მოაყოლა.

წარმატებული 2 კვირა ჰქონდა აპოელ-საც. კვიპროსელებმა, პსჟ-სთან წაგების შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონატში ორივე თამაში მშრალად მოიგეს.

“პარი სენ ჟერმენს” ზლატან იბრაჰიმოვიჩი კვლავ ვერ ეხმარება. მის გარდა, ტრავმირებულია მარკო ვერატიც. აპოელ-ს კი, კაკა, პაპაფოტისი, ჩარალამბიდესი და რიიზე არ ეყოლება.

  • “პარი სენ ჟერმენი” 1/8-ფინალის საგზურს მოიპოვებს, თუ დღეს 3 ქულას აიღებს და “ბარსელონა” “აიაქსთან” არ წააგებს;
  • პსჟ-ს, ევროტურნირებზე, საკუთარ კედლებში გამართულ ბოლო 30 თამაშში წაგება არ აქვს;
  • აპოელ-ს, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, სტუმრად არასდროს მოუგია;
  • პსჟ, მიმდინარე სეზონში, დაუმარცხებელია. ლორან ბლანის გუნდმა, 16 თამაშიდან 9 მოიგო და 6 ფრედ დაასრულა.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ორიე, სილვა, ლუისი, მაქსველი, ვერატი, კაბაიე, მატუიდი, მოურა, კავანი, ლავესი.

აპოელ (4-4-2): პარდო, სერჟიო, კარლაო, გილერმე, ანტონიადესი, გომეში, მორაიში, ვინიციუსი, ეფრემი, მანდუკა, შერიდანი.

მსაჯი: ოლეგარიო ბენკერენსა (პორტუგალია).

1. პსჟ 3 2 1 0 5:3 7
2. ბარსელონა 3 2 0 1 6:4 6
3. აიაქსი 3 0 2 1 3:5 2
4. აპოელ 3 0 1 2 1:3 1

G ჯგუფი

სპორტინგი-შალკე (პირველი მატჩი 3:4)

ამ გუნდებს შორის 2 კვირის წინათ გამართულმა დრამატულმა დაპირისპირებას “შალკეს” პირველი გამარჯვება და მე-2 ადგილი მოუტანა. თუ გელზენკირხენელებმა დღეს არ წააგეს, ისინი 1/8-ფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ. “სპორტინგს” კი, აუცილებლად 3 ქულა სჭირდება.

მას შემდეგ, რაც “სპორტინგმა” და “შალკემ” ერთმანეთის კარში გოლების გატანით გული იჯერეს, შიდა ჩემპიონატებში 2-2 თამაში ჩაატარეს. პორტუგალიელებმაც და გერმანელებმაც თითო მოიგეს და თითოც წააგეს.

“სპორტინგი” გერმანელ სტუმრებს დისკვალიფიცირებული მაურიციოს გარეშე უმასპინძლებს. “შალკეს” კი, ტრავმირებული კოლასინაცი, გიფერი, დრაქსლერი და ფარფანი არ ეყოლება.

  • “სპორტინგს”, გერმანულ გუნდებთან გამართულ 19 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს;
  • რობერტო დი მატეოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, “შალკემ” 4 თამაშიდან 3 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

სპორტინგი (4-3-3): პატრისიუ, სოარეში, ოლივეირა, სარი, ჟ. სილვა, მარიო, კარვალიო, ა. სილვა, კარილიო, სლიმანი, ნანი.

შალკე (4-2-3-1): ფერმანი, უჩიდა, აიანი, ჰიოვედესი, ფუხსი, აოგო, ნოიშტადტერი, ობასი, მაიერი, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია).

მარიბორი-ჩელსი (პირველი მატჩი 0:6)

“ჩელსი” თავიდანვე ჯგუფის ფავორიტად იყო მიჩნეული და ლონდონელები ავანსებს ამართლებენ. მართალია, ჟოზე მოურინიოს გუნდმა გათამაშება “შალკესთან” ქულების დაკარგვით დაიწყო, მაგრამ შემდეგ “არისტოკრატებმა” 2 თამაში მშრალად მოიგეს. დღეს 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში, “ჩელსი” 1/8-ფინალის საგზურს გაინაღდებს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ პარალელურ მატჩში “შალკემ” არ წააგოს.

“მარიბორმა”, ლონდონში განადგურების შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონატსა და თასზე თითო თამაში მინიმალური სხვაობით მოიგო, მაგრამ გასულ პარასკევს, სლოვენიის პირველობაზე, 0:1 უკვე თავად წააგო.

შიდა ასპარეზზე 3 თამაში ჩაატარა “ჩელსიმაც”. მოურინიოს შეგირდები პრემიერლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუაზავდნენ, რასაც “არისტოკრატებმა” თასზე “შრუსბერი თაუნთან”, ხოლო პრემიერლიგაში ქპრ-სთან მოგება მოაყოლეს.

გუნდები თითო ფეხბურთელს მოისაკლისებენ. “მარიბორს” რაიჩევიჩი, ხოლო “ჩელსის” რემი არ ეყოლება.

  • “ჩელსი” 1/8-ფინალში თამაშის უფლება ნაადრევად მოიპოვებს, თუ დღეს მოიგებს, ხოლო “სპორტინგი” “შალკეს” ვერ დაამარცხებს;
  • “ჩელსიმ”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეთორმეტედ თამაშობს, წინა 11 შეხვედრიდან, 8-ჯერ ჯგუფის მოგება მოახერხა;
  • “ჩელსის”, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 თამაშში წაგება არ აქვს. ლონდონელებმა 12 შეხვედრა მოიგეს;
  • დიდიე დროგბამ, “ჩელსის” ბოლო 4 თამაშიდან გოლი სამში გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

მარიბორი (4-4-2): ჰანდანოვიჩი, სტოიანოვიჩი, არგუსი, შულერი, ვილერი, ვრსიჩი, ფილიპოვიჩი, მერტელი, ბოჰარი, ტავარესი, ზაჰოვიჩი.

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ასპილიკუეტა, კეჰილი, ზუმა, ლუისი, რამირესი, ფაბრეგასი, შიურლე, ოსკარი, აზარი, დროგბა.

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია).

1. ჩელსი 3 2 1 0 8:1 7
2. შალკე 3 1 2 0 6:5 5
3. მარიბორი 3 0 2 1 2:8 2
4. სპორტინგი 3 0 1 2 4:6 1

H ჯგუფი

ბილბაო-პორტუ (პირველი მატჩი 1:2)

სეზონის ძალზე ცუდად დამწყებმა “ბილბაომ”, ბოლო დროს, ათამაშება მოახერხა. ბასკური გუნდი პირველ ადგილზე მყოფ “პორტუს” მასპინძლობს და თუ ესპანელებმა 3 ქულა აიღეს, ჯგუფში სიტუაცია დაიძაბება. ხოლო თუ “პორტუმ” მოიგო და პარალელურ მატჩში “შახტარმაც” იმარჯვა, პორტუგალიელები 1/8-ფინალში გავლენ.

2 კვირის წინათ პორტუგალიაში წაგების შემდეგ, “ბილბაოს” 9-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ. თუმცა, მას შემდეგ, ბასკებმა ლა ლიგაში 2 თამაში ჩაატარეს და ორივე მათგანი 1:0 მოიგეს.

შიდა ჩემპიონატში სიტუაცია გამოისწორა “პორტუმაც”. ხულენ ლოპეტეგის შეგირდებმა ბოლო 2 თამაში მშრალად მოიგეს და ლიდერთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირეს.

დღევანდელი თამაში “ბილბაოსა” და “პორტუს” მე-4 დაპირისპირებაა. პირველად ეს გუნდები ერთმანეთს 1956 წელს, ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდნენ, როდესაც ბასკებმა ორივე თამაში მოიგეს.

მე-4 ტურის მატჩს “ბილბაო” ტრავმირებული სოლას გარეშე ხვდება. “პორტუს”, იმავე მიზეზით, ჰელტონი არ ეყოლება.

  • თუ დღეს “პორტუმ” მოიგო, ხოლო “შახტარმა” ბატე დაამარცხა, პორტუგალიური გუნდი 1/8-ფინალში ითამაშებს;
  • “ბილბაოს”, პორტუგალიურ გუნდებთან საკუთარ კედლებში ჩატარებულ 4 მატჩში ასპროცენტიანი შედეგი აქვს;
  • “ბილბაოს”, პორტუგალიის წარმომადგენლებთან გამართულ 9 თამაშში კარი მშრალად არასდროს შეუნახავს;
  • “ბილბაომ”, 9-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ბოლო ორ მატჩში მშრალად იმარჯვა;
  • “ბილბაოს” ფეხბურთელებმა, მიმდინარე სეზონში, 9 გოლი გაიტანეს. აქედან 5 ადურისის ანგარიშზეა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ირაოლა, ეჩეიტა, ლაპორტე, ბალენსიაგა, რიკო, იტურასპე, სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი, გილერმო.

პორტუ (4-3-3): ფაბიანუ, დანილო, მაიკონი, მარტინს ინდი, სანდრო, ერერა, კაზემირო, ბრაიმი, ტელიო, მარტინესი, კინტერო.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

შახტარი-ბატე (პირველი მატჩი 7:0)

2 კვირის წინათ გამართულ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი ბატე-ს ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ აძლევს. “შახტარი”, დღევანდელ შეხვედრაში, გამოკვეთილი ფავორიტია. მოგების შემთხვევაში, დონეცკელები 1/8-ფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ და შესაძლოა, მათ პირველ ადგილზეც გადაინაცვლონ.

“შახტარი” ჩემპიონთა ლიგაზე წაუგებელია, მაგრამ ლუჩესკუს გუნდს, უკრაინის ჩემპიონატში, საქმეები კარგად ნამდვილად არ მისდის. ბატე-ს განადგურების შემდეგ, დონეცკელებმა ქვეყნის ჩემპიონატში ერთი თამაში ჩაატარეს და წააგეს. 10 ტურის შემდეგ, მე-3 ადგილზე მყოფი “შახტარი” ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება.

ბატე-მ, “შახტართან” წაგების შემდეგ, ბელარუსის ჩემპიონატის 2 მატჩში 4 ქულა აიღო, მაგრამ ლიდერობის გასამყარებლად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

მატჩის ერთადერთი დანაკლისი “შახტარის” ტრავმირებული მცველი სერგერი კრივცოვი იქნება.

  • “შახტარმა”, უკრაინის პრემიერლიგაში, ბოლო 4 თამაშიდან 3 წააგო;
  • “შახტარმა”, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 4 თამაშში 18 გოლი გაიტანა;
  • ბატე, ბელარუსის ჩემპიონატში, ბოლო 28 თამაშია წაუგებელია, რაც ტურნირის რეკორდია.

სავარაუდო შემადგენლობები

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი, სტეპანენკო, ფერნანდო, კოსტა, ტეიშეირა, ტაისონი, ადრიანო.

ბატე (4-2-3-1): ჩერნიკი, კაგუში, ფილიპენკო, პოლიაკოვი, მლადენოვიჩი, ვოლოდკო, იაბლონსკი, გორდეიჩუკი, კარნიცკი, ვოლოდკო, სიგნევიჩი.

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია).

1. პორტუ 3 2 1 0 10:3 7
2. შახტარი 3 1 2 0 9:2 5
3. ბატე 3 1 0 2 2:14 3
4. ბილბაო 3 0 1 2 2:4 1
0.255879