ფეხბურთი

15:32 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

აღმასკომმა გადაწყვიტა: უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის 200 000, პირველი ლიგის გუნდებისთვის - 50 000

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბოლომდე უმაღლესი ლიგის 16 კლუბიდან თითოეული 200 000 ლარს მიიღებს, პირველი ლიგის 20 კლუბიდან თითოეულს კი 50 000 ლარი ერგება. ჯამში, ფეხბურთის ფედერაცია ორივე ლიგის კლუბებისთვის 3 200 000 ლარს გაიღებს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ განაცხადა, რომ წლიური 3 %-იანი კრედიტი უეფასგან აიღეს. ფედერაცია ამ ვალს ევრო-2016-ის შესარჩევში სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან მიღებული ფულით დაფარავს. ცნობილია, რომ მიმდინარე შესარჩევში სატელევიზიო უფლებების გაყიდვას უშუალოდ უეფა კურირებს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, როგორც 2015, ასევე 2016 წელს 2-2 მილიონი ევრო ეკუთვნის.

დომენტი სიჭინავას განცხადებით, კლუბები თანხას ხელშეკრულების საფუძველზე მიიღებენ. ხელშეკრულებაში მკაცრად იქნება განსაზღვრული თუ რაში უნდა დაიხარჯოს ეს ფული - მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ხელფასი, გუნდების ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ თანხიდან კლუბებში პრემიის გაცემა არ შეიძლება. ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მისი უწყება მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს და თუ რომელიმე კლუბი ხელშეკრულებას დაარღვევს თანხა ჩამოერთმევა.

მათთვის განკუთვნილი თანხა გუნდებს ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ ერთ კვირაში გადაეცემა.

ეს თანხა მხოლოდ მიმდინარე წლისთვისაა გათვალისწინებული და მომავალ წელს ფედერაციის მიერ კლუბების დაფინანსებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. სხვათა შორის, მსგავსი პრეცენდენტი უეფას წევრ არცერთ ქვეყანაში მომხდარა. სიჭინავამ ხაზი გაუსვა, რომ უეფაში ფედერაციის მიერ კლუბების დაფინანსება უკვირთ. სიჭინავა და ფედერაციის გენერალური მდინავი რეზო არველაძე სესხის დასამტკიცებლად უეფაში 2-ჯერ იყვნენ ჩასულები. სიჭინავამ აღნიშნა, რომ უეფამ თანხის გამოყოფა იმ წერილის საფუძველზე გადაწყვიტა, სადაც ნათქვამია, რომ უფინანსობის გამო საქართველოს ჩემპიონატს ჩაშლა ემუქრება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის გადმოსაცემი თანხა თავად უეფამ შვეიცარიის ერთ-ერთი ბანკისგან ისესხა. ამის შესახებ სიჭინავამ განაცხადა.

0.127463