სხვა

13:45 | 24.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

40 დღე ვანკუვერის ტრაგედიიდან

12 თებერვალი ქართული სპორტის ისტორიაში უმძიმესი დღედ რჩება. მაშინ როდესაც ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე საათები რჩებოდა, უისტლერის საციგაო ტრასაზე სავარჯიშო დაშვებისას ქართველი ოლიმპიელი ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა.
23 მარტს ქართველი მოციგავის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდის ცნობით, ქუმარიტაშვილის მშობლიურ ბაკურიანში ევროპული სპორტის არაერთი მაღალჩინოსანი შეიკრიბა, რათა კიდევ ერთხელ პატივი მიეგოთ ნოდარის ნათელი ხსოვნისთვის.
“40 დღის წინ ვანკუვერში საშინელი ტრაგედია დატრიალდა, რამაც ჩემი კოლეგა და მეგობარი ნოდარ ქუმარიტაშვილის სიცოცხლე შეიწირა. მიჭირს იმ განცდების გამოხატვა, რაც მაშინ დამეუფლა და ეხლაც იგივეს განვიცდი. ბაკურიანში ჩამოვედი, რათა ამ მძიმე წუთებში ჩემი მეგობრის ოჯახის გვერდით ვიყო” – განაცხადა საციგაო სპორტში ვანკუვერის ოლიმპიადის ჩემპიონმა გერმანელმა ფელიქს ლოხმა.
”ნოდარის ტრაგედიამ მთელი მსოფლიოს საციგაო სპორტის წარმომადგენლები შეძრა და ამავე დროს, გააერთიანა. მისმა ოჯახმა, სამშობლომ და საციგაო სპორტმა უდავოდ ნიჭიერი სპორტსმენი დაკარგა. ნოდარის სახელზე სამომავლოდ ბაკურიანში აუცილებლად აშენდება სპორტული კომპლექსი და ამაში საერთაშორისო ფედერაცია სერიოზულ წვლილს შეიტანს” – Aაღნიშნა საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა იოზეფ ფენდტმა.
ტრაგიკულ მოვლენას გამოეხმაურა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკიც: “ვანკუვერში დაუჯერებელი რამ მოხდა. ასეთ საშინელებას ვერასდროს წარმოვიდგენდით. გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, რა იყო ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი, მანამდე კი ნოდარის ოჯახს მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდება. ევროპის ოლიმპიური ოჯახის სახელით კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ქართველი ათლეტის დაღუპვის გამო“.
ბაკურიანში იმყოფებოდა და ოჯახს მიუსამძიმრა “ვანკუვერი 2010“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ ფურლოგმაც, რომელმაც ოჯახს ნოდარის პირადი ნივთები და კანადელების მიერ შეგროვებული თანხა გადასცა. “34 მილიონი კანადელი შეძრა ამ ტრაგედიამ და ქართველი ოლიმპიელის დაღუპვა გულთან ახლოს მიიტანა“ – განაცხადა ფურლოგმა.
ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ბაკურიანში პატივი მიაგეს თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თოგაი ბაიათლიმ, ასევე სტუმრებმა ავსტრიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდანა და ლატვიიდან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172512