ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მამაკაცებში მედლები ცხრა წონითი კატეგორიიდან ექვსში გათამაშდა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კი ერთი ოქრო და ორი ვერცხლია.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უმსუბუქეს წონით კატეგორიაში – 52 კილოგრამში მოჭიდავე ავთანდილ ცინცაძემ მოიპოვა. უშანგი კუზანაშვილსა (57 კგ) და ლევან ჟორჟოლიანს (100 კგ) კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. სამეულს მიღმა ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), კახა მამულაშვილი (74 კგ) და ლაშა გურული (90 კგ) დარჩნენ.
ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა ნინო ოძელაშვილმაც (72 კგ) იყოჩაღა - ქართული ქალთა სამბოს ისტორიაში პირველმა შეძლო მსოფლიოს სამეულში შესვლა. იგი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
სამდღიანი ჩემპიონატის დასკვნით დღეს – 13 ნოემბერს საქმეში დავით სვიმონიშვილი (62 კგ), ნიკო კუცია (82 კგ) და დავით ლორიაშვილი (+100 კგ) ჩაერთვებიან.
ოთარ მაღლაკელიძე







