გაზაფხულზე სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური გარბენი გაიმართება – პროექტი სახელწოდებით Wings for Life World Run შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მიმართ ქველმოქმედებისთვის მთელს მსოფლიოს გააერთიანებს და მასში საქართველოც ჩაერთვება.
4 მაისს 14 საათზე ქართული გარბენის მონაწილეები სტარტს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან აიღებენ, კავკასიონის ქედის გაყოლებაზე.
ორთვენახევარში გასამართ ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია ჩატარდა. ჟურნალისტებისთვის პრეზენტაცია გარბენის სპორტულმა დირექტორმა, მძლეოსნობაში სეულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა მაია აზარაშვილმა გამართა. სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა და მინისტრის მოადგილეებმა: აკაკი ლოდიამ და თამაზ თევზაძემ კი ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ონლაინ რეგისტრაცია გაიარეს და სპორტულ ფედერაციებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და უმაღლეს სასწავლებლებსაც მოუწოდეს პროექტში ჩართვისკენ.
ინტერნეტით დარეგისტრირება 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემდეგ მისამართზე - www.wingsforlifeworldrun.com. რეგისტრაციის საფასური კი 20 ლარია და გარბენიდან შეგროვებული სრული თანხა გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
Wings for Life da Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.
4 მაისს საქართველოს დროით 14:00 საათზე 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასიათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს რბენას. Wings for Life World Run-ის უნიკალურობა ისაა, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა.
ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური „ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს. „მსოფლიო რბენაში" მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორც მოხალისე მორბენლებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს, 18 წლიდან ზემოთ. საქართველოში მონაწილეების სავარაუდო რაოდენობაა - 2000-3000, მსოფლიოში კი 200 000-ზე მეტი მორბენალი.
მსოფლიო რბენის შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ისინი აღიარებულნი იქნებიან Wings for Life World Run-ის გლობალურ ჩემპიონებად და საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. საქართველოს ეტაპის 2 გამარჯვებულს კი შესაძლებლობა მიეცემა მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევს.
მონაწილეებს შორის უამრავი ცნობილი სპორტსმენიც იქნება. მათ შორის, ფორმულა 1-ის პილოტები სებასტიან ფეტელი, დევიდ კულტჰარდი და ედი ჯორდანი.