მსოფლიო ფეხბურთში რამდენიმე განსაკუთრებული დაპირისპირება არსებობს. მათ შორის უდაოდ გამორჩეული ადგილი უჭირავს ერთი ქალაქის გუნდების დაპირისპირებებს. ანუ მარტივად, რომ ვთქვათ – დერბებს.
დერბი ეწოდება იმ გუნდთა შეხვედრას, რომლებიც წარმოადგენენ ერთ კონკრეტულ ქალაქს ან მხარეს. ჩვენ დღეს ერთი ქალაქის გუნდების დაპირისპირებების შესახებ ვისაუბრებთ.
მადრიდული დერბი – ქალაქ მადრიდს დიდი საფეხბურთო ისტორია აქვს, ესპანეთის დედაქალაქში ორი გამორჩეული კლუბი ბინადრობს - “რეალი” და “ატლეტიკო”.
ამ გუნდთა დაპირისპირება 90-წლიან ისტორიას ითვლის. ბოლო წლებია მადრიდელთა მატჩის მიმართ ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა. 2013 წელს “ატლეტიკომ” თავისი მოძულე მოწინააღმდეგე “კოპა დელ რეის” ფინალში დაამარცხა და ეს ისტორიული გამარჯვება გამოდგა, მანამდე “როხიბლანკოს” “გალაქტიკოსები” 14 წელი არ ჰყავდა დამარცხებული. ამ ქალაქის გუნდთა დაპირისპირების გვირგვინი კი ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალი გამოდგა, რომელიც დრამატულ ბრძოლაში “რეალმა” მოიგო.
ბუენოს აირესის დერბი – “სუპერ კლასიკო” – ასე ეწოდება “ბოკა ხუნიორსის” და “რივერ პლეიტის” დაპირისპირებას. მათი დაპირისპირების ისტორია სათავეს 1925 წლიდან იღებს, როცა “რივერი” ცალკე გუნდად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით ცივი დამოკიდებულება ამ გუნდის ქომაგთა შორის არსებობს, მნიშვნელობა არ აქვს თუ სად იმართება ეს შეხვედრა, “ლა ბომბონერაზე” თუ “ესტადიო მონუმენტალზე” – გულშემატკივართა შორის დაპირისპირება ჩვეული მოვლენაა.
გლაზგოს დერბი – “სელტიკი” - “რეინჯერსი” ანუ იგივე, “ოლდ ფირმი” – შოტლანდიელების მთავარი სიამაყე შეიძლება ითქვას სწორედ ამ გუნდების დაპირისპირებაა. მას ძალზე დიდი ისტორია აქვს და იგი სათავეს ჯერ კიდევ 1888 წლიდან იღებს. “სელტიკი” კათოლიკეების გუნდია, “რეინჯერსი” – პროტესტანტების. ამ დერბიში მონაწილეობა ორ ქართველ ფეხბურთელს, შოთა არველაძეს და ზურაბ ხიზანიშვილს მიუღიათ. (“რეინჯერსის” შემადგენლობაში).
შოტლანდიურმა ფეხბურთმა 2012 წლიდან გარკვეული ხიბლი დაკარგა, როცა “რეინჯერსი” ფინანსური პრობლემების გამო ქვედა ლიგაში დააქვეითეს, თუმცა მომავალი სეზონიდან “ოლდ ფირმი” დიდი ალბათობით ისევ მიანიჭებს გულშემატკივრებს სიამოვნებას.
ათენის დერბი – ბერძნები ემოციური ხალხია, ეს ემოციურობა კი რა თქმა უნდა ფეხბურთშიც ახასიათებთ. “ოლიმპიაკოსი” და “პანათინაიკოსი”, ეს საბერძნეთის ორი მთავარი გუნდია. მათი დაპირისპირება კი ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებებშიც გადაზრდილა. 2012 წელს “პანათინაიკოსის” მთავარი მწვრთნელი იანის ანასტასი გულშემატკივრის ცემისთვის დააკავეს კიდეც. ხელჩართული ჩხუბი გულშემატკივართა შორისაც ჩვეულებრივი ამბავია, როგორც სტადიონზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
სტამბოლის დერბი – საბერძნეთიდან თურქეთში გადავინაცვლოთ, სადაც “ფენერბახჩე” და “გალათასარაი” ბინადრობენ. გუნდები, რომლებიც ყველაზე ტიტულოვანები არიან თავიანთ სამშობლოში. 2012 წელს ამ გუნდთა შორის საჩემპიონო მატჩი გაიმართა, რომელიც გულშემატკივართა შორის მოედანზე შეჭრით და შემდეგ, სტადიონს გარეთ დაპირისპირებით გაგრძელდა.
რომაული დერბი – დერბი “დელა კაპიტალე”, ანუ დედაქალაქის დერბი. “რომა” “ლაციო” იტალიის დედაქალაქის ორი მთავარი სიამაყე. “რომას” და “ლაციოს” შეხვედრების დროს გამორიცხული არაფერია. განსაკუთრებული სიმძაფრით მათი შეხვედრები 2000-იანი წლების დასაწყისში იყო, როცა ორივე გუნდი დიდების ზენიტში იმყოფებოდა.
რიო დე ჟანეიროს დერბი – “ფლამენგო” – “ფლუმინენსე”, იგივე “ფლა” “ფლუ”! ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს ბრაზილაში მთავარი ჯახია. ამ გუნდთა დაპირისპირება 1911 წლიდან იწყება. 1963 წელს კი მათი დაპირისპირების დროს სარეკორდო დასწრება დაფიქსირდა – 194 ათასი! სწორედ ამდენი ადამიანი მივიდა მაშინ “მარაკანაზე”.
ლისაბონის დერბი – ლისაბონს ორი გამორჩეული კლუბი ჰყავს – “ბენფიკა” და “სპორტინგი”. მათი საშინაო სტადიონები “და ლუჟი” და “ჟოზე ალვალადე” ერთმანეთისგან მხოლოდ სამი კილომეტრითაა დაშორებული.
ბელგრადის დერბი _ “პარტიზანი” – “ცრვენა ზვეზდა”. ბოლო წლებში ეს გუნდები საერთაშორისო ასპარეზზე დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ ამ გუნდების დაპირისპირებას ინტერესი არ აკლია. მათი თამაშის დროს გულშემატკივართა შორის სისხლისღვრა ჩვეული მოვლენაა.
მილანის დერბი – “დერბი დელა მადონინა” ასე უწოდებენ იტალიელები “ინტერისა” და “მილანის” შეხვედრას. ამ გუნდების გზები ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ გადაიკვეთა და ორივეჯერ გამარჯვებული “მილანი” გამოვიდა, პირველად 2003 წელს ნახევარფინალში, მეორედ კი ორი წლი შემდეგ, მეოთხედფინალში. აღსანიშნავია, რომ განმეორებით შეხვედრაში მრავლად იყო გულშემატკივართა მხრიდან გამოხტომები, მათ მიერ ნასროლი პეტარდა “მილანის” ბრაზილიელ მეკარე დიდას თავში მოხვდა... “ინტერს” იმ შეხვედრაში 0:3 წაგება ჩაეთვალა. დერბი “დელა მადონინაში” არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ქართველ კახა კალაძეს, 2006 წელს კი “მილანმა” მოსისხლე მტერი სწორედ მისი გოლის წყალობით დაამარცხა (1:0).
მონტევიდეოს დერბი –“ურუგვაული კალსიკა” – ასე ეწოდება “პენიაროლისა” და “ნასიონალის” შეხვედრას. ეს გახლავთ ყველაზე ანტიკური დერბი სამხრეთ ამერიკაში. მათ ჯამში 85 ტიტული აქვთ მოგებული.