ფეხბურთი

14:42 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუხაიამ ხაბაროვსკელებს კვლავ მოაგებინა, სომხეთში ხურციძემ გაიტანა, გერმანიაში გოგიამ

სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-12 ტურში, “ულისმა” თავის მოედანზე “ალაშკერტს” 5:1 მოუგო და ერთი გოლი მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა დავით ხურციძემ გაიტანა. მან თავი 82-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 4:1 გახდა. 21 წლის ხურციძე გასულ სეზონში ქუთაისის “ტორპედოში” გამოდიოდა. “ულისე” 34 ქულით სომხეთის 8-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.

ლატვიის ვირშლიგის (უმაღლესი ლიგა) 35-ე ტურში, “ვენტსპილსმა”, რომელმაც ზედიზედ მეორედ ქვეყნის ჩემპიონობა 34-ე ტურში იზეიმა, შინ “დაუგავპილსს” 2:0 აჯობა. ნახევარმცველმა თორნიკე თარხნიშვილმა მასპინძლებში თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ვენტსპილსი” 10-გუნდიან სატურნირო ცხრილის სათავეში 80 ქულითაა.

რიგის “სკონტო”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, გასვლაზე “იურმალას” 7:1 აჯობა. ნახევარმცველმა ირაკლი კლიმიაშვილმა რიგელებში სრულად იასპარეზა და მე-14 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მის მსგავსად მცველი ლაშა დვალიც სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ნახევარმცველი გიორგი დიაკვნიშვილი “იურმალას” 18-კაციან განაცხადში არ იყო. “სკონტოს” 68 ქულით მე-2 ადგილი უკავია, ხოლო “იურმალა” 7 ქულით ბოლოა.

დაუგავპილსის “დაუგავამ” გასვლაზე “ლიეპაიასთან” 2:3 წააგო. დაუგავპილსელებში მცველმა ბიძინა ცინცაძემ 90 წუთი ითამაშა და მე-14 წუთზე “გააყვითლეს”. “დაუგავა” 65 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

იურმალას “სპარტაკსი” სტუმრად “მეტტასთან” 1:2 დამარცხდა. თავდამსხმელი მიხეილ როსტიაშვილი იურმალელთა სასტარტოში იმყოფებოდა და 53-წ წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა, ხოლო 67-ეზე შეცვალეს. “სპარტაკსი” 50 ქულით 10 გუნდში მეექვსეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-11 ტურში, დონეცკის “ოლიმპიკი” ხარკოვში ადგილობრივ “მეტალისტს” დაუზავდა – 0:0. დონეცკელებში უკრაინის მოქალაქე მეკარე ზაურ მახარაძემ მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. “ოლიმპიკი” 15 ქულით 14 გუნდში მეხუთეა.

ზაპოროჟიეში “მეტალურგმა” ოდესის “ჩერნომორეცს” ვერ მოუგო – 0:0. ნახევარმცველი ვალერიან გვილია, რომელიც უკრაინის მოქალაქეა ზაპოროჟიელთა 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. “მეტალურგი” 9 ქულით მეთერთმეტეა.

ბელარუსის უმაღლესი ლიგის ზედა ექვსეულში, სოლიგორსკის “შახტიორმა” სტუმრად “ნაფტანთან” 0:0 ითამაშა. ნახევარმცველმა სანდრო გურულმა სოლიგორსკელთა შემადგენლობაში შეცვლაზე 67-ე წუთიდან ითამაშა. “შახტიორი” 45 ქულით ზედა ექვსეულში მესამეა.

“გომელი” საკუთარ მოედანზე “ტორპედო-ბელაზთან” უქულოდ დარჩა – 0:0. მცველი ზაზა ჭელიძე მასპინძელთა სასტარტოში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. “გომელი” 35 ქულით მეექვსეა.

მოგილიოვის “დნეპრი” ბრესტს ესტუმრა და ადგილობრივ “დინამოსთან” ქულა აიღო – 1:1. ტრავმირებულ მცველ ნიკა მნათობიშვილს მოგილიოველებში არ უთამაშია. “დნეპრი” 18 ქულით აუტსაიდერია.

“სლუცკმა” ბობრუისკის “ბელშინა” მიიღო და 3:1 სძლია. ფორვარდი უჩა გოგოლაძე სლუცკელთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ნახევარმცველი გიორგი მაღალდაძე “ბელშინას” რიგებში 65-ე წუთზე გამოჩნდა. “სლუცკი” 29 ქულით მეორეა, ხოლო “ბელშინა” 28 ქულით – მეოთხე.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 35-ე ტურში ტალინის “ფლორამ” შინ თანაქალაქელ “კალევს” 2:0 აჯობა. შემტევი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი მასპინძელთა თადარიგში იმყოფებოდა, მაგრამ თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს. რუსეთის მოქალაქე ფორვარდმა ირაკლი ლოგუამ პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. თავდამსხმელმა ლაშა ომანიძემ “კალევში” ორი ტაიმი ითამაშა და 65-ე წუთზე გააფრთხილეს. “ფლორა” 79 ქულით 10 გუნდში მეორეა, ხოლო “კალევი” 12 ქულით - ბოლოა.

იოხვის “ლოკომოტივი” გასვლაზე “ლევადიასთან” 0:9 განადგურდა. ფორვარდმა ლაშა ნავერიანმა დამარცხებულებში პირველი ტაიმი ჩაატარა. უკრაინის მოქალაქე ნახევარმცველი კოტე ალანიამ ორი ტაიმი ითამაშა. “ლოკომოტივი” 18 ქულით მეცხრეა.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-13 ტურში “საქსანმა” ტირასპოლში ადგილობრივ “შერიფთან” 0:4 წააგო. ნახევარმცველმა ირაკლი გოგინაშვილმა “საქსანში” პირველი ტაიმი ჩაატარა. “საქსანი” 18 ქულით 11 გუნდში მეექვსეა.

ნორვეგიის ელიტესერიენის (უმაღლესი ლიგა) 29-ე ტურში, “სტაბეკმა” “ჰაუგესუნდი” მიიღო და 0:1 წააგო. ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ მასპინძლებში შეცვლაზე 27-ე წუთიდან ითამაშა. “სტაბეკი” 36 ქულით 16 გუნდში მეთერთმეტეა.

დანიის პირველი დივიზიონის მე-15 ტურში, “ორჰუსი” “ვობორგს” ესტუმრა და 0:3 წააგო. ფორვარდმა მათე ვაწაძემ პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი დავით სხირტლაძეც სასტარტოში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. ნახევარმცველი დავით დევდარიანი ტრავმირებულია და არ უთამაშია. “ორჰუსი” 19 ქულით 12 გუნდში მეხუთეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-17 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” გათამაშების ერთ-ერთი ლიდერს სამარას “კრილია სოვეტოვს” შინაურ კედლებში გუჯა რუხაიას მიერ გატანილი გოლით მოუგო. რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა და თავი 71-ე წუთზე გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში მეორე შემთხვევაა, როდესაც ხაბაროვსკელებმა რუხაიას წყალობით გაიმარჯვეს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 3 გოლია. ნახევარმცველი გოგიტა გოგუა სასტარტოში იმყოფებოდა და 61-ე წუთზე შეცვალეს. ფორვარდი ლაშა იმედაშვილი, რომელიც რუსეთის მოქალაქე თადარიგში ჯდომით შემოიფარგლა. მცველი კახა ალადაშვილი დისკვალიფიცირებულია. “სკა-ენერგია” 23 ქულით 18 გუნდში მეთორმეტეა.

ტიხვინის “ტოსნომ” ასტრახანის “ვოლგარი” მიიღო და 2:4 დამარცხდა. მიმდინარე სეზონში ტიხვინელებმა პირველად წააგეს. მეკარე ნუკრი რევიშვილმა და ნახევარმცველმა მიხაილ გორელიშვილმა “ტოსნოში” სრულად ითამაშეს. ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ და მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ ტრავმების გამო ვერ ითამაშეს.

“სახალინმა” ვლადივოსტოკში ადგილობრივ “ლუჩ-ენერგიასთან” ქულა აიღო – 1:1. ნახევარმცველები გოჩა ხოჯავა და ზურაბ არზიანი სახალინელთა სასტარტოში იყვნენ – პირველი მათგანი 84-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე შესვენებაზე. რუსეთის მოქალაქე მცველი ლევან ჯღარკავა თადარიგში იყო. “ლუჩ-ენერგიაში” მცველმა გურამ თეთრაშვილმა ორი ტაიმი დაჰყო. “სახალინი” 12 ქულით 18 გუნდში მეთექვსმეტეა, ხოლო “ლუჩი” 23 ქულით – მეთერთმეტე.

კალინინგრადის “ბალტიკამ” გასვლაზე “სიბირთან” 0:2 წააგო. რუსეთის მოქალაქე მეკარე გიორგი შელიამ შეუცვლელად იასპარეზა. კალინინგრადელები 18 ქულით მე-15 პოზიციაზე არიან.

ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგა” ტიუმენში ამავე სახელის მქონე გუნდთან 1:2 დამარცხდა. ფორვარდი მერაბ ურიდია ნიჟნინოვგოროდელთა რიგებში შეცვლაზე 78-ე წუთზე შევიდა. “ვოლგა” 24 ქულით მეშვიდეა.

მახაჩყალის “ანჟიმ” იაროსლავლში “შინიკს” აჯობა 1:0. მცველი გია გრიგალავა და ნახევარმცველი ლევან გვაზავა მახაჩყალელთა განაცხადში არ იყვნენ. “ანჟი” გათამაშებას 33 ქულით ლიდერობს.

ძერჟინსკში “ხიმიკმა” კრასნოიარსკის “ენისეისთან” 1:3 წააგო. მცველმა გიორგი ჯიქიამ დამარცხებულებში ორი ტაიმი ითამაშა. “ხიმიკი” 10 ქულით აუტსაიდერია.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-9 ტურში, “ჟილ ვისენტემ” სახლში “აროუკას” ვერ მოუგო – 1:1. ნახევარმცველი ავთო ებრალიძე მასპინძლების სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. “ჟილ ვისენტე” 3 ქულით ბოლო მე-18 ადგილზეა.

სეგუნდა ლიგის მე-13 ტურში “ფეირენსემ” “აკადემიკა ვიზეუს” 1:0 სძლია. მეკარე გიორგი მაკარიძე გამარჯვებულთა თადარიგში იმყოფებოდა. მას ბოლო ტურებია აღარ ათამაშებენ, არადა, სეზონის დასაწყისში სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად ხვდებოდა. “ფეირენსე” 16 ქულით 24 გუნდში მეთოთხმეტეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის 25-ე ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა” “სოგდიანას” უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. გუნდის კაპიტანი კახა მახარაძე მოედანზე 51-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. მიმდინარე სეზონში ეს პირველად მოხდა. მახარაძემ 24 მატჩიდან 23 სასტარტოში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. “ფახთაქორი” 14-გუნდიან ჩემპიონატს 69 ქულით ლიდერობს.

“ქიზილქუმი” შინაურ კედლებში “მეტალურგს” ფრეზე გაეყარა – 0:0. მარცხენა მცველმა გიორგი კვესიეშვილმა მასპინძლებში 90 წუთი ითამაშა. “ქიზილქუმი” 27 ქულით მერვეა.

თურქეთის სუპერლიგის მე-8 ტურში შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილი “ქასიმფაშა” სტუმრად “გალათასარაისთან” 1:2 წააგო. “ქასიმფაშა” 12 ქულით 18 გუნდში მეშვიდეა.

პირველ ლიგაში “ბოლუსფორმა” სახლში “გირესუნსფორთან” ქულა აიღო – 1:1. მცველი გიორგი რეხვიაშვილი, რომელმაც ორი ტურის წინ მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, ისევ მკურნალობს. “ბოლუსფორი” 9 ქულით 18 გუნდში მეათეა.

გერმანიის მესამე ლიგაში აკაკი გოგიამ თავი ისევ გამოიჩინა. მე-3 ლიგის მე-16 ტურში “ჰალეშერმა” სტუმრად “რეგენსბურგთან” 1:1 ითამაშა და გერმანიის მოქალაქე ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში 76-ე წუთზე გახსნა. წინა ტურში გოგიამ დუბლი შეასრულა. “ჰალეშერი” 19 ქულით მეცამეტეა.

“უნტერჰახინგმა” სტუმრად “კოტბუსთან” 0:3 წააგო. საქართველოს მოქალაქე ლუკას ჰუფნაგელი დამარცხებულთა სასტარტოში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. “უნტერჰახინგი” 16 ქულით 20 გუნდში მეთექვსმეტეა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში, “ბასტია” გასვლაზე “გენგამთან” უქულოდ დარცა - 0:1. მცველი ლუკა კიკაბიძე ბასტიელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ბასტია” 10 ქულით 20 გუნდში მეცხრამეტეა.

უნგრეთის პირველი ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-13 ტურში, “დიორმა” “დიოშდიორს” უმასპინძლა და ვერ მოუგო. თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია მასპინძლების 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. “დიორი” 16 ქულით 16 გუნდში მეცხრეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111669