"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი "სიტისთან" დერბიში განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ იმედგაცრუებული გახლდათ. ჰოლანდიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ კრის სმოლინგმა მეორე ყვითელი ბარათი სულელურად მიიღო და მას მეტი ყურადღება მართებდა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა მანჩესტერულ დერბიში მეორე ყვითელი ბარათი 39-ე წუთზე მიიღო და მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა. ამის გამო სმოლინგმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა.
"სმოლინგის გაძევებამ დიდი გავლენა მოახდინა მეტოქეზე და მთლიანად შეხვედრაზე. ფეხბურთელებს უნდა ესმოდეთ მნიშვნელოვანი მატჩის ფასი. პირველი ყვითელი ბარათი არ მინახავს, მაგრამ მეორე შემთხვევაში სმოლინგს აგრესია უნდა დაეძლია და სულელურად ყვითელი ბარათი არ უნდა მიეღო. მართალია, მეორე ტაიმში 10 კაცითაც არ გვითამაშია ცუდად და მომენტებსაც ვქმნიდით, თუმცა ჰარტი მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. საბოლოოდ, როგორც გამოჩნდა თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. " - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
ამ გამარჯვებით "სიტი" სატურნირო ცხრილში 20 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა, ხოლო "მანჩესტერი" 13 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება.