ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ლიპიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა გაწვრთნილმა “გუანჩჟოუ ევერგრანდმა” ჩინეთის ჩემპიონატი მესამედ მოიგო.
“მწვრთნელობა აღარ მსურს. ამისთვის, უკვე დავბერდი. მომავალი სეზონისთვის “გუანჩჟოუს” ახალი თავკაცი ეყოლება, მე კი, კლუბში ტექნიკური დირექტორის რანგში დავრჩები”, - აღნიშნა 66 წლის იტალიელმა.
არსებობს ინფორმაცია, რომ ჩინური გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი კიდევ ერთი იტალიელი ფაბიო კანავარო იქნება.
ისიც ვთქვათ, რომ ლიპის სამწვრთნელი კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი, ევროპის სუპერთასი, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და იტალიის ჩემპიონის 5 ტიტული აქვს მოგებული.
2006 წელს ლიპის ხელმძღვანელობით, იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა.