კალათბურთი

23:29 | 2.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის ორმაგი დუბლი და როზეტოელთა პირველი გამარჯვება

გიგა ჯანელიძის “როზეტომ” იტალიის რანგით მე-3 ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა. როზეტოელებმა შინაურ კედლებში “ტრევილიო” 78:71 დაამარცხეს, ქართველმა ფორვარდმა კი სეზონში მე-2 ორმაგი დუბლი მიითვალა.

ჯანელიძე სასტარტო ხუთეულში იყო და თითქმის შეუცვლელად – 36:09 წუთს ითამაშა. გიგას მონაგარი 10 ქულა, 12 მოხსნა (6 შეტევაში) და 1 პასი იყო.

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

საინტერესოა, რომ მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობის წევრებმა 73 ქულა ჩააგდეს, სამარქაფოებმა კი – 5 (!). ყველაზე შედეგიანი ამერიკელი დამიერ პიტსი იყო 23 ქულით და 11 მოხსნით.

როგორც აღნიშნეთ, “როზეტომ” ზედიზედ 5 მოგების შემდეგ, პირველი გამარჯვება იზეიმა, მომდევნო მატჩი კი 9 ნოემბერს სტუმრად “სკაფატისთან” ელის.

წარმატებული დღე ჰქონდა ნიკა მეტრეველის “ნაპოლისაც”, რომელიც იტალიის მე-2 ლიგაში თამაშობს. ნეაპოლელებმა ჩემპიონატში მე-3 გამარჯვება “ბარსელონასთან” იზეიმა – 81:69.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 09:06 წუთი დაჰყო და 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. მეტრეველმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, მასპინძლებს კი სერბული ფესვების მქონე იტალიელმა დავიდ ბრკიჩმა ულიდერა, რომელმაც 35 წუთში 32 ქულა მიითვალა.

0.115612