ფეხბურთი

22:22 | 2.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” “ტორპედოს” საბანაძის დუბლით მოუგო

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი რა დონეზეც არ უნდა იყოს ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” პაექრობა ყოველთის დიდ ინტერესსა და ვნებათაღელვას იწვევს. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდების ახლანდელი დაპირისპირება მართლაც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გახლდათ. მოგეხსენებათ, გასული პირველობის ქუთაისური მატჩი რა სკანდალური გამოდგა - მისი დასრულება ვერ მოხერხდა. მეორე ტაიმის დასაწყისში 2:0 იყო თბილისელთა სასარგებლოდ, “ცენტრალურზე” ქომაგთა დიდი რაოდენობა რომ შემოიჭრა და შეხვედრა ჩაიშალა. ბუნებრივია, ასეთი წინაპირობის შემდეგ არავის გაუკვირდა, რომ სტადიონზე თამაშის დასაწყისში ძალოვანი ორგანოების თანამშრომლები ლამის მეტი იყვნენ, ვიდრე გულშემატკივრები.

წინა ტურში ქუთათურებმა უხვგოლიანი საყაიმო შედეგი - 2:2 დააფიქსირეს ივანწმინდაში, ადგილობრივ “ჩიხურასთან”, ხოლო დინამოელებმა საკუთარ მოედანზე 6:1 გაანადგურეს ცხინვალის “სპარტაკი”. თბილისელები სატურნირო ცხრილის სათავეში არიან და იმერთა მთავარ ქალაქში წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში ისინი იმყარებდნენ პირველ პოზიციას. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ “დინამო” ქუთაისს მთავარი მწვრთნელის გარეშე ეწვია. მიზეზი კახი გოგიჩაიშვილის მამის გარდაცვალებაა და იგი ბუნებრივია ვერ დაესწრო თამაშს... რაც შეეხება რიონისპირელებს, გამარჯვების შედეგად სამეულის ზონას გაუსწორდებოდნენ და კარგ პლაცდარმს შეიქმნიდნენ მომდევნო ტურებში სამეულში მოსახვედრად.

ქართული “ელ-კლასიკო” წვიმიან ამინდში შედგა. ზედიზედ სამდღიანი გადაუღებელი წვიმების მიუხედავად, ქუთაისის ცენტრალურ არენაზე გუნდებს თამაშის პრობლემა არ შექმნიათ და ვერ ვიტყვით, რომ ამინდმა თამაშის შედეგზე განსაკუთრებული გავლენა იქონია.

სტუმართა დამრიგებელმა სულიკო დავითაშვილმა 4-3-3 სათამაშო ტაქტიკა არჩია. დაცვაში ახალგაზრდა მწვრთნელმა ადგილი კაკაბაძე-ჭანტურია-თოთაძე-შერგელაშვილის კვარტეტს ანდო. ნახევარდაცვაში ძარია-ცინცაძე-პარუნაშვილის სამეული ირჯებოდა. წინ კი თბილისელთაგან ჩირგაძე-ჩისკო-საბანაძის ტრიო მოქმედებდა.

ქუთაისელთა გამოცდილმა დამრიგებელმა რევაზ ძოძუაშვილმა 5-4-1 სათამაშო ტაქტიკა გამოიყენა. დაცვაში ფლანგებზე ტაბატაძე და ჩიკვილაძე ირჯებოდნენ, ცენტრი კი აბრამიძეს, თოდუას და მახვილაძე ჰქონდათ გამაგრებული. ნახევარდაცვაში ფლანგებზე ტუღუში-ჩაკვეტაძე-ბონდარენკო და ბაბუნაშვილი მოქმედებდნენ, წინ კი ეულ ფორვარდად ფიფია იყო გამწესებული.

ცუდი ამინდის მიუხედავად, შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო. თავიდან ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა სადებიუტო წუთებში სახიფათო მომენტები ქუთაისელებმა შექმნეს. ყველა ამ საკვანძო სიტუაციის გმირი გოგი ფიფია გამოდგა. პირველად მისი დარტყმული მცირე მანძილით აცდა მეტოქის კარს, მეორედ კი მიგინეიშვილმა ნახტომში შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება.

კიდევ ერთი ხიფათი დედაქალაქელთა კართან ფიფიას მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა, რომელსაც თავური ბონდარენკომ დაჰკრა, მაგრამ არაზუსტად.

ამის შემდეგ შეხვედრაში დაახლოებით 15-წუთიანი “უძრაობა” იყო, რომლის შემდეგაც ისევ მასპინძლები გააქტიურდნენ და მალე დაწინაურდნენ კიდეც. გოლის გატანამდე იყო ბაბუნაშვილის ძლიერი დარტყმა, რომელიც მიგინეიშვილმა გაჭირვებით მოიგერია.

ანგარიში 28-ე წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან გაიხსნა. ბაბუნაშვილის მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ყველაზე მაღლა თენგიზ ჩიკვილაძე ახტა, რომელმაც მოხდენილი თავურით მიგინეიშვილი და მოწინააღმდეგის დაცვა უსაქმოდ დატოვა – 1:0.

ტაიმის ბოლომდე სტუმრებმა დასამახსოვრებელი ვერაფერი შექმნეს მოწინააღმდეგის კართან. ტორპედოელებმა საწყისი 45 წუთი ისე ჩაატარეს, ფაქტობრივად შეცდომა არ დაუშვიათ. მათი დამაჯერებელი თამაშის წყალობით კი რიონისპირელთა კარის დარაჯ თებიძეს სერიოზული სამუშაო არ ჰქონია. მას რამდენჯერმე კი მოუწია თამაშში ჩართვა მაღალ ბურთზე გამოსვლისას, მაგრამ დროის ამ მონაკვეთში ხიფათი არ ყოფილა.

ტაიმის მიწურულს მცირე ინციდენტი მოხდა, როგორც მოედანზე ასევე ლოჟაში. მოედანზე შელაპარაკება ქომაგებთან მიგინეიშვილს მოუწია, ხოლო ლოჟაში მყოფ სტუმართა წარმომადგენელს ასევე არასასიამოვნო საუბარი ჰქონდა ერთ-ერთ ქომაგთან. იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები ერთმანეთის მიმართ, მაგრამ სამართალდამცავების სწრაფი რეაგირების შედეგად სიტუაცია ჩაწყნარდა.

მეორე ტაიმის დასაწყისი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. მოედანზე არსებული სათამაშო მსვლელობა ხელს ქუთათურებს აძლევდათ. სტუმრებმა ვერ შეძლეს 65-ე წუთამდე უპირატესობის მოპოვება. მათ მცდელობებს ქუთაისლები იოლად უმკლავდებოდნენ და საპასუხო “ჩხვლეტებსაც” არ აკლებდნენ მოწინააღმდეგეს.

მასპინძელთათვის პირველი გამაფრთხილებელი, სასიგნალო დარტყმა ძარიამ განახორციელა. ირაკლიმ მეტოქის საჯარიმოში პასი შერგელაშვილისგან მკერდზე მიიღო და მომენტალურად დაარტყა კიდეც, მაგრამ არაზუსტად. 66-ე წუთზე კი დინამოელებმა ანგარიში გაატანაბრეს. მოედანზე ახლადშესულმა ლობჟანიძემ კარგად ითამაშა შეტევის მარცხენა ფლანგზე, მეურვე ჩამოიშორა და საჯარიმოში მყოფ საბანაძეს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. ნიკამ მდგომარეობა კარგად შეაფასა, შემობრუნდა და მოჭრილი დარტყმით თებიძეს კარის გადარჩენის ელემენტარული შანსი არ დაუტოვა – 1:1. დინამოელთა ფორვარდს, რომელმაც აქტიური საფეხბურთო კარიერა “ტორპედოში” დაიწყო და ქუთაისში რამდენიმე წელი გაატარა, გოლი ემოციებით არ აღუნიშნავს...

ათ წუთში მოედანზე იგივე განმეორდა და ნიკა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დუბლის ავტორი გახდა. საგოლე კომბინაცია დინამოელთაგან პარუნაშვილმა დაიწყო, რომელმაც ბურთი ტორპედოელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ძარიამ იმარჯვა და კარგ დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ საბანაძეს დაუგდო. ნიკამ ბოძებული შანსი შეირგო და ზუსტი დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა – 2:1.

ანგარიშში ჩამორჩენისთანავე გოგი ფიფიას მიეცა კარგი შანსი, როცა დინამოელთა საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა ძლიერად, მაგრამ ბურთმა მეტოქის ხარიხას მცირედით გადაუქროლა.

თამაშის ეპილოგში ქუთათურებს გათანაბრების მცდელობები ჰქონდათ, მაგრამ რაიმე რეალური ხიფათი მოწინააღმდეგის კართან ვერ შექმნეს. ქუთაისელთა ფლანგური ჩაწოდებები უშედეგოდ სრულდებოდა.

თავის მხრივ, კონტრშეტევებზე შანსები უფრო თბილისელებს ჰქონდათ, განსაკუთრებით კი ჩისკოს. ესპანელს ორჯერ შეეძლო მოწინააღმდეგის კიპერის დამწუხრება, მაგრამ ერთხელ პირინეელს თავად თებიძემ არ გაატანინა, ხოლო მეორედ მას მიზანმა უმუხთლა.

ხარიტონაშვილის საფინალო სასტვენმა “დინამოს” მორიგი გამარჯვება და დაძაბული მატჩის დასრულება გვაუწყა. საერთო დაძაბულობის მიუხედავად, საბედნიეროდ, რაიმე განსაკუთრებული ინციდენტი არ მომხდარა. ორივე გუნდის ქომაგები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში საკუთარი გუნდების სახელებს სკანდირებდნენ. წინა მატჩების ფონზე კი, დღევანდელი პაექრობა უცილობლად პოზიტივად უნდა ჩაითვალოს...

სულიკო დავითაშვილი (“დინამო”): “უპირველესად, მინდა კახა გოგიჩაიშვილს მივუსამძიმრო მამის გარდაცვალების გამო...

ვფიქრობ, ძალიან კარგი მატჩი გამოდგა. გუნდებმა ნორმალური თამაშის ხარისხი აჩვენეს. ასეთი შეხვედრები რომ იყოს ყოველთვის, ჩვენი ჩემპიონატის დონე აუცილებლად გაიზრდებოდა. მიხარია, რომ “ტორპედომ” ასეთი შემართებით ითამაშა, სასიამოვნოა ასეთი გულშემატკივრობაც.

პირველ ტაიმს დაშვებული შეცდომების გამო ვაგებდით. მეორეში გადაადგილებები მოვახდინეთ და ამან გაამართლა კიდეც. “ტორპედოს” წარმატებებს ვუსურვებ”.

რევაზ ძოძუაშვილი (“ტორპედო”): “როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული და საინტერესო თამაში გამოვიდა. საერთოდ ასეა, გინდა არ გინდა, მდიდარის მხარეს არის საბოლოოდ უპირატესობა. ჩვენ, არსებული პირობებით ნახევრადპროფესიული გუნდი ვართ, თუ სამოყვარულო არა. გაურკვეველია ჩვენი მომავალიც. მეტოქედ გვყავდა პროფესიული კოლექტივი, რომელთანაც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ მისი დამარცხება ვერ მოვახერხეთ”.

“ტორპედო” – “დინამო” 1:2 (1:0)

2 ნოემბერი. 18:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 3000 მაყურებელი

“ტორპედო”: თებიძე, თოდუა, აბრამიძე, მახვილაძე (კვერნაძე, 77), ბონდარენკო, ჩაკვეტაძე, ტაბატაძე, ჩიკვილაძე, ტუღუში (ქებურია, 56), ბაბუნაშვილი, ფიფია.

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი

“დინამო”: მიგინეიშვილი, კაკაბაძე (პაპავა, 46), ჭანტურია, თოთაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, ჩირგაძე (საბა ლობჟანიძე, 60), ძარია, ჩისკო, პარუნაშვილი, საბანაძე (მჭედლიშვილი, 90+1).

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

გოლი: 1:0 ჩიკვილაძე (28), 1:1 1:2 საბანაძე (66, 76),

გაფრთხილება: თოდუა (19), მიგინეიშვილი (42), ჭანტურია (62), ჩიკვილაძე (81), პარუნაშვილი (88).

არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)

1. დინამო (თბილისი) 11 8 2 1 23:8 26
2. სპარტაკი 11 6 2 3 12:15 20
3. დილა 10 5 3 2 17:8 18
4. სამტრედია 11 5 3 3 11:8 18
5. მეტალურგი 11 4 4 3 14:12 16
6. ტორპედო 11 3 6 2 13:11 15
7. მერანი 11 4 3 4 9:8 15
8. ჩიხურა 11 4 3 4 12:12 15
9. ზესტაფონი 11 3 5 3 21:15 14
10. დინამო (ბათუმი) 11 4 2 5 10:11 14
11. გურია 11 3 5 3 11:17 14
12. ვიტ ჯორჯია 11 3 2 6 11:12 11
13. კოლხეთი 11 2 4 5 9:14 10
14. ზუგდიდი 11 2 4 5 7:14 10
15. სიონი 11 2 3 6 10:17 9
16. შუქურა 10 1 5 4 7:15 8

მეგოლეები:

8 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.501294