სხვა

21:50 | 2.11.2014 | ნანახია 2203 - ჯერ

საქართველო ესტონეთს გაუთანაბრდა
სიმშვიდისთვის ერთი ბურთი დაგვაკლდა

თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო-2018-ის მეორე შესარჩევ მატჩში ესტონეთის ნაკრები 29:27 დაამარცხა, რაც ჯგუფში პირველობისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ საქართველომ ტალინში 26:28 წააგო და შესაბამისად, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის მოსაპოვებლად, ერთით მეტი გოლის გატანა იყო საჭირო, ახლა კი, ორივე გუნდს პირველობის ერთნაირი შანსი აქვს...

მატჩი საქართველოსთვის კარგად დაიწყო - 4:1 დაწინაურდა. ესტონელებმა ანგარიში 5:5-ზე გაათანაბრეს. სტუმრებმა პირველ ტაიმში დაწინაურება ვერ მოახერხეს, საქართველო კი 1 ან 2-ქულიან ჰანდიკაპს ინარჩუნებდა.

ტაიმის ბოლოს საქართველო 15:12 დაწინაურდა, თუმცა ესტონელებმა ბოლოში წუთზე ორი გოლის გატანა მოახერხეს და ტაიმი 15:14 დასრულდა.

მეორე ტაიმში ბალტიისპირელები გავიდნენ წინ - 16:15, მაგრამ მასპინძლებმა, ვლადიმერ რუსიას და რატი მსხვილიძის დახმარებით, კვლავ გადაასწრეს.

საქართველო 27:23 იგებდა და სასურველი 3-ქულიანი სხვაობით გამარჯვებას 3 წუთი აშორებდა. ბოლო წუთებზე ესტონელები უკეთ ათამაშდნენ, მასპინძლებს კი ორჯერ არ გაუმართლათ, ორჯერვე ესტონელთა კარი ძელმა იხსნა.

მატჩის დასრულებამდე 47 წამით ადრე, როდესაც ანგარიში 29:27 იყო საქართველოს სასარგებლოდ, ბალტიისპირელებმა ბურთი მაქსიმალურად ბოლომდე გაათამაშეს და უხეირო დარტყმა განახორციელეს, ჩვენს ნაკრებს 5 წამი ჰქონდა შეტევისთვის, მაგრამ კარებზე დამუქრებაც კი ვერ მოასწრეს...

2015 წლის აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში საქართველოს მომდევნო მეტოქე ლუქსემბურგის ნაკრები იქნება. ქართველებს ლუქსემბურგთან როგორც შინ ასევე სტუმრად გამარჯვება სჭირდებათ, მაგრამ ჯგუფიდან გასასვლელად არც ეს იქნება საკმარისი - ესტონეთმა ლუქსემბურგს ან ორივე მატჩი ვერ უნდა მოუგოს ან კიდევ ქართველებზე ნაკლები სხვაობით უნდა დაამარცხოს და ამ შემთხვევაში საქართველო შემდეგ ეტაპზე გავა. საერთოდაც, ჯერ საქართველომაც და ესტონეთმაც ლუქსემბურგთან მოგება უნდა შეძლონ და თვლა დღის წესრიგში მერე დადგება...

P.S. მკითხველს ბოდიშს ვუხდით იმის გამო, რომ ამ სტატიის ჩასწორება მოგვიხდა. ჩვენთვის მოწოდებული პირველადი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ესტონეთს სტუმრად გატანილი ბურთის ხარჯზე საქართველოსთან უპირატესობა ეძლეოდა, არასწორი აღმოჩნდა.

საქართველო-ესტონეთი 29:27

ევრო 2018. კვალიფიკაციის პირველი ეტაპი. 2 ჯგუფი
2
ნოემბერი, 18:00. თბილისი, სპორტის სასახლე

საქართველო: ვლადიმერ რუსია (8 გ.), ირაკლი ჩიქოვანი (6 გ.), რატი მსხვილიძე (6 გ.), ილია გოგოლაძე (3 გ.), რევაზ ჭანტურია (4 .), სერგო დათუკიშვილი (1 გ.), შოთა გრიშიკიშვილი (1 გ.)

მწვრთნელი: ირაკლი კეკელიძე

ესტონეთი: მიკ პინონენი (8 გ.), კრისტო ვოიკა (5 გ.), კარლ როოსნა (4 გ.), მარტინ იოჰანსონი (4 გ.), არმი პერტი (2 გ.), კრისტიან მუგა (2 გ.), მარკო სლასტინოვსკი (1 გ.), კასპარ ლეესი (1 გ.)

მწვრთნელი: რეინ სუვი

მსაჯები: ანგელოს არგირიდისი, ხრისტოს მუტასი (ორივე კვიპროსი)

დელეგატი: ისქანდერ ასაქაროვი (აზერბაიჯანი)


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:41 | 04.11.2014
გუგა80 (1551)

ძალიან სამწუხაროა, რომ რაგბისა და კალათბურთის გარდა, ყველა სათამაშო სახეობაში საქართველო ფეხბურთის (ანუ ნულოვან) დონეზეა. :-(((

16:00 | 03.11.2014
cimako (155)

გამარჯობათ;
ალბათ ნახეთ თამაში, ესტონეთმა ითამაშა ისე, როგორც მას აწყობდა. როგორც ჩანს საქართველოს ნაკრებმა ამჯერადაც ე.წ. ჩაილურის წყალი დალია. ისევე როგორც სპორტის უმრავლეს სახეობაში გვჭირდება გამოცდილი, პროფესიონალი და პატრიოტი პიროვნება, რომელსაც ვერც ხელბურთის პრეზიდენტი და ვერც ე.წ. ნაკრების მწვრთნელები ვერ პასუხობენ.
ჩვენი თამაშების შემდეგ ლუქსემბურგთან ესტონელები ისე დაგეგმავენ მატჩებს ნაწილობრივ გადაღლილ ლუქსემბურგთან, რომ სასურველ შედეგს მიიღებს, იმედია ვცდებოდე.
გუშინდელ მატტჩში მე მწვრთნელების ტაქტიკა და სტრატეგია ვერ დავინახე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არა სათანადო სპეციალისტები არიან, ხოლო რაც შეეხება ფედერაციის პრეზიდენტის კომენტარს თითქოს ყველაფერი კარგად იყოს რბილად რომ ვთქვათ ქართველი გულშემატკივარისათვის თვალებში ნაცრის შეყრაა თუ უფრო მეტი არა.

10:26 | 04.11.2014
shotlex (56)

მწვრთნელების პრობლემა მართლაც არის, კეკელიძე და ორჯონიკიძე არ არიან მაღალი დონის მწვრთნელები, უბრალოდ საქართველოში მათზე კარგი სპეციალისტი არ არსებობს... საზღვარგარეთ რატო არ ეძებენ ვერ გეტყვით, გვყავდა წინა შესარჩევზე რასიჩი რომელიც რაღაც მონახაზებს მაინც აკეთებინებდა გუნდს და კომბინაციის მაგვარი მაინც ხდებოდა მოედანზე, ეხლა საერთოდ არაფერი.
მაგრამ ასევე აღსანიშნავია ის რომ ჩვენ ხელბურთში იგივე პრობლემა გვაქვს რაც კალათბურთში - ძალიან მოკლედ სათადარიგოთა სკამი. როდესაც მძიმე გუნდი გყავს და მათ მთელი თამაში შეუსვენებლად უწევთ მოედანზე ყოფნა იღლებიან რა თქმა უნდა და შედეგიც შესაბამისია... გვყავს 8 შედარებით კარგი მთამაშე (ძირითადი 7 და სერიკა რომელიც ძალიან ბებერია მაგრამ კლასი აქვს) და მეტი არც არავინ...

15:21 | 03.11.2014
zirzikichi (2952)

ნორმალური მწვრთნელი გვინდა რომ კომბინაციურ თამაშს განავითარებს ნაკრებში!!!!!!!!!!!!!

11:55 | 03.11.2014
Buratino (3505)

რა მაინტერესებს, იცით? კალენდრის მიხედვით ლუქსემბურს სულ ბოლოს ჩვენთან უწევს თამაში თუ ესტონეთთან? ეს მცირე უპირატესობას მისცემს იმ გუნდს ვინც მას ხვდება

12:37 | 03.11.2014
vereli (488)

თამაშების განრიგი
29 ოქტომბერი. ესტონეთი-საქართველო 28:26
2 ნოემბერი, 18:00. საქართველო - ესტონეთი
29 ან 30 აპრილი, 2015. საქართველო - ლუქსემბურგი
3 მაისი, 2015. ლუქსემბურგი - საქართველო
10 ივნისი, 2015. ლუქსემბურგი - ესტონეთი
13 ან 14 ივნისი, 2015. ესტონეთი - ლუქსემბურგი

12:35 | 03.11.2014
shotlex (56)

ჯერ ჩვენთან თამაშობს ორივე თამაშს და მერე ესტონეთთან ხო რა თქმა უნდა ესტონეთს ექნება უპირატესობა მაგ მხრივ...

14:52 | 03.11.2014
BEERTRANCE (97819)

კი, ეცოდინება რამდენი ბურთით უნდა მოუგოს.

10:01 | 03.11.2014
დბერი111 (4)

მართლაც! ერთი კომბინაცია ვერ გაათამაშეს!
თევზაძე მხეცი ყოფილა.

09:39 | 03.11.2014
BEERTRANCE (97819)

ანუ ჩვენ გვაქვს უპირატესობა ესტონეთთან, კაია.

10:07 | 03.11.2014
shotlex (56)

არა არანაირი უპირატესობა არ გვაქვს, ეხლა ყველაფერი გადაწყდება ლუქსემბურგს ვინ უფრო კარგად ვეთამაშებით (ფაქტია რომ ორივე უნდა მოვუგოთ, პროსტა ვინ უფრო დიდი სხვაობებით მოვუგებთ რაა)

11:04 | 03.11.2014
BEERTRANCE (97819)

მაშინ ასე მითხარი, ჩვენ და ესტონეთს რომ ბოლოსკენ ერთნაირი ქულები გვექნეს, პირველ რიგში საერთო ბურთების სხვაობა დაითვლება, თუ ურთიერთშეხვედრები?

11:34 | 03.11.2014
shotlex (56)

რამდენადაც მე ვიცი საერთო ბურთების სხვაობა...

12:05 | 03.11.2014
BEERTRANCE (97819)

გასაგებია, მადლობა.

09:37 | 03.11.2014
shotlex (56)

სამწუხარო იყო ის მომენტი რომ ესტონელებს წინააღმდეგობას ვუწევდით მხოლოდ ინდივიდუალური სიძლიერის ხარჯზე. ჩვენი უკანა ხაზი ამრთლაც ძალიან ძლიერია (რატი, ჩუქჩა, ვოვა და სერიკაც კი, რომელიც უკვე 36 წლისაა) მაგრამ ძალიან ნელები არიან. ვინც უყურა თამაშს დამეთანხმებით მოძრაობა პრაქტიკულად არ იყო, კუთხეებიც უღიმღამოდ ჩარბოდნენ და ბურთის გათამაშებაც ნელი იყო, ესტონელები კი ძალიან სწრაფები იყვნენ და სწორადაც თამაშობდნენ. კიდევ გავიმეორებ თევზაძე რომ არა აქაც დავმარცხდებოდით, შოთამ როგორც ამხსოვს 3 პენალტი და რამდენიმე 1-1ზე გასვლა აიღო და შორიდან ხო საერთოდ უძლიერესი იყო. 1 გააზრებული კომბინაცია არ გამოგვსვლია რომ თავისუფალი მოთამაშე დაგვეტოვებინა ან მეტობა შეგვექმნა ფლანგებზე. არადა ის მაკვირვებს რომ ბავშვობიდანვე ერთად თამაშობენ ბიჭები რატი, ჩიქოვანი, გრიშიკაშვილი და გოგოლაძე იმენა ერთად გაიზარდნენ... ცოტა კოიმბინაციებზე უნდა ივარჯიშონ, სისწრაფეს ამ 2 მეტრიან უკანა ხაზს ვერ მოთხოვ სამწუხაროდ...

06:51 | 03.11.2014
araza-1918 (6330)

ხალხი არ მოვიდა უფასო იყო შესვლა მარტო ქვედა იარუსები გაივსო სირცხვილი

23:24 | 02.11.2014
davit-tg (768)

ძალიან დამწყდა გული.ჩვენი ხელბურთი კალათბურთელების გზას ადგანან,ევროპის სრულფასოვანი წევრი უნდა გავხდეთ.ვფიქრობ ყველაფერს მოევლება. ერთი დარბაზია საჭირო ხელბურთის და კალათბურთისთვის,ორივე სახეობა იყენებს,თუ საჭიროა სხვაც.რათ უნდათ ამხელა ფეხბურთის სტადიონები რა ეფექტი აქვს.რასაც აღმავლობა და პერსპექტივა აქვს იმას მივხედოთ.წარმატება ბიჭებს,არაუშავს,ხო შეიძლებოდა რომ საერთოდ წაგვეგო,ეს სპორტია. ეხლა შანსი და ინტრიგა რჩება.ჩვენ გავიმარჯვებთ!!!!!!!!!!

21:52 | 02.11.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

სამწუხაროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.270197