ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ ტაშკენტში დასრულებული გრან-პრის მე-2 ეტაპი მე-4 ადგილზე დაასრულა და 75 ქულა მიიღო.
დასკვნით ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელ შაჰრიარ მამედიაროვს დაუზავდა და 11 ტურში 6.0 ქულა მოაგროვა. ასეთივე მონაგარი ჰქონდათ ფრანგ მაქსიმ ვაშიე-ლაგრავეს (2757), რუს სერგეი კარიაკინს (2767) და იტალიელ ფაბიანო კარუანას (2844).
7.0 ქულით ჩემპიონი რუსი სერგეი ანდრეიკინი (2722) გახდა, მეორე-მესამე ადგილები კი აზერბაიჯანელმა მამედიაროვმა (2764) და ამერიკელმა ჰიკარუ ნაკამურამ (2764) გაიყვეს. როგორც ხედავთ, ტურნირის შემადგენლობა ძალიან ძლიერი იყო, ამდენად, ჯობავას შედეგი წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ.
2 ეტაპის ჯამში ლიდერი კარუანა გახლავთ 230 ქულით, მეორეზე ნაკამურაა 207 ქულით, ჯობავა კი, ჯერჯერობით, მეთერთმეტეა.
ქართველი დიდოსტატი კიდევ ორ ეტაპზე ითამაშებს, გაისად, 14-28 თებერვალს – თბილისში და 13-27 მაისს, რუსულ ხანტი-მანსიისკში.