“მერანმა” საშინაო შეხვედრა ამჯერადაც სამტრედიაში გამართა. “ეროსი მანჯგალაძეზე” მარტვილელებმა ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლეს.
დილიდანვე გადაუღებლად წვიმდა სამტრედიაში, რამაც დაღი დაასვა თამაშს. მატჩი არცთუ მაღალ ტემპში დაიწყო და პირველი ხიფათი მარტვილელმა წყაროზიამ შექმნა, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან დაემუქრა კაკალაძის კარს, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოდგა. მცირე ხანში შულაიამ ითამაშა კარგად, მან ერთი-ერთზე თავისი მეურვე ცრუმოძრაობით ჩამოიტოვა და საჯარიმოში შესვლა სცადა, მაგრამ წესების დარღვევით მაინც შეაჩერეს. ჯარიმა კიკნაველიძემ ზუსტად კი შეასრულა, თუმცა “შუქურას” კიპერს პოზიცია კარგად ჰქონდა შერჩეული და ბურთის დაუფლებაც არ გასჭირვებია.
მე-18 წუთზე ნომინალური მასპინძლების აქტიურობას გიორგი ჩელებაძემ შორეული ძლიერი დარტყმით უპასუხა, მაგრამ საკმაოდ არაზუსტად.
საწყისი წუთებიდანვე გამოიკვეთა “მერანის” უპირატესობა. მარტვილელებს ჟინი და მონდომება უფრო ეტყობოდათ, რამაც საბოლოო შედეგზეც დიდი გავლენა იქონია.
თავის მხრივ, “შუქურამ” კონტრიერიშებზე ააგო თამაში. სტუმრებს აქცენტი შორეულ დარტყმებსა და სტანდარტებზე უფრო ჰქონდათ აღებული. ერთერთი ასეთი ეპიზოდისას გიორგი ჩელებაძის მიერ მოწოდებული კუთხური პირდაპირ მამალაძის კარის მიმართულებით წავიდა, მამალაძემ ნახტომში შეძლო ბურთის მოგერიება.
ტაიმის მიწურულს ორი კარგი მომენტი ჰქონდა “მერანს” – ჯერ ბოლქვაძის მიერ მოწოდებულ ბურთს გზავნიდა კარში ციცხვაია, მაგრამ კაკალაძე კარგად გაერკვა სიტუაციაში, შემდეგ კი შულაიას მიერ მოპოვებული საჯარიმო დარტყმა კიკნაველიძემ შეასრულა ზუსტად, მაგრამ ამჯერადაც უშეცდომო იყო კაკალაძე.
მეორე ტაიმში ტემპი უფრო დაეცა, მაგრამ “მერანი” მაინც განაგრძობდა ზეწოლას, სწორედ ერთერთი ასეთი პრესინგის დროს კაკალაძემ გამოსვლაზე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ჩიმაკაძეს ცოტა რომ გამართლებოდა, თავზე გადაუგდებდა მეკარეს ბურთს, რითაც ანგარიშს გახსნიდა.
65-ე წუთზე შულაიას კარგი პასით მეკარესთან მარტოდ დარჩენილმა ციცხვაიამ გოლის გატანა კი შეძლო, მაგრამ მთავარმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და სამართლიანადაც, რადგან აშკარა იყო იმ ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა. ამას სტუმართაგან ყველაზე აქტიურის გიორგი ჩელებაძის საპასუხო დარტყმა მოჰყვა “მერანის” კარში, მამალაძემ მუშტებით მოიგერია ბურთი.
75-ე წუთზე კი თითქოს გოლი გარდაუვალი ჩანდა, როცა ფონიავას კარგ გადაცემას შულაია აგვირგვინებდა ახლო მანძილიდან, თუმცა შულაიას ბურთი მოეჭრა და სიტუაციაც განიმუხტა.
81-ე წუთზე მაინც გაიტანა “მერანმა”. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ მარტვილელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ლობასმა შეცვლაც გამოიცნო. მან დაღლილი ციცხვაიას ნაცვლად მეორე ტაიმში ახალგაზრდა ფეხბურთელი ლაშა ჯღამაია შემოიყვანა, რომელმაც მწვრთნელის ნდობა გაამართლა. Gგოლი კი საკმაოდ ლამაზი გამოდგა - მარცხენა ფლანგზე ფონიავამ მოწინააღმდეგე ჩამოიტოვა და იდეალური გადაცემა გაუკეთა ჯღამაიას, რომელმაც თავური დარტყმით შანსი არ დაუტოვა მეკარე კაკალაძეს – 1:0.
გოლის შემდეგ უფრო უხეში გახდა თამაში. ერთერთ ასეთ ეპიზოდში შელაპარაკებისას გოლის ავტორ ჯღამაიას კუტალიამ ხელი დაარტყა, რის გამოც მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუხდა, ჯღამაია კი ყვითელი ბარათით გააფრთხილა წკრიალაშვილმა.
ძირითადი დროის დამატებულ 4 წუთში ბევრს ეცადა “შუქურა” თამაში გადარჩენას, მაგრამ “მერანის” დაცვის ხაზი და მეკარე შეუვალი იყო.
საბოლოოდ შეხვედრა მარტვილელთა სასარგებლოდ, 1:0 დასრულდა და “მერანმა” მორგი ღირსეული 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
“მერანი” (მარტვილი) – “შუქურა” (ქობულეთი) 1:0 (0:0)
2 ნოემბერი. 14:00. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”. 150 მაყურებელი
“მერანი”: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე, ბოლქვაძე, ფონიავა, შულაია (მარგველაშვილი 90+2), ჩიმაკაძე, წყაროზია (წულაია 90), ციცხვაია (ჯღამაია 52).
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
“შუქურა”: კაკალაძე, ტვილდიანი, მალანია, გურული, კალანდაძე, კუხიანიძე, კუტალია, ტუღუში (კომახიძე 64), დე სილვა (ბერუაშვილი 83), ჩელებაძე, მეტრეველი (კოპალიანი 30).
მთავარი მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე
გოლი: ჯღამაია (81)
გაფრთხილება: კალანდაძე (40), ჩიმაკაძე (45), წყაროზია (63), ჯღამაია (84), ლომაშვილი (87)
გაძევება: კუტალია (84)
მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი
1. | დინამო (თბილისი) | 10 | 7 | 2 | 1 | 21:7 | 23 | |
2. | სპარტაკი | 11 | 6 | 2 | 3 | 12:15 | 20 | |
3. | დილა | 10 | 5 | 3 | 2 | 17:8 | 18 | |
4. | სამტრედია | 11 | 5 | 3 | 3 | 11:8 | 18 | |
5. | მეტალურგი | 11 | 4 | 4 | 3 | 14:12 | 16 | |
6. | ტორპედო | 10 | 3 | 6 | 1 | 12:9 | 15 | |
7. | მერანი | 11 | 4 | 3 | 4 | 9:8 | 15 | |
8. | ჩიხურა | 11 | 4 | 3 | 4 | 12:12 | 15 | |
9. | ზესტაფონი | 11 | 3 | 5 | 3 | 21:15 | 14 | |
10. | დინამო (ბათუმი) | 11 | 4 | 2 | 5 | 10:11 | 14 | |
11. | გურია | 11 | 3 | 5 | 3 | 11:17 | 14 | |
12. | ვიტ ჯორჯია | 11 | 3 | 2 | 6 | 11:12 | 11 | |
13. | კოლხეთი | 11 | 2 | 4 | 5 | 9:14 | 10 | |
14. | ზუგდიდი | 11 | 2 | 4 | 5 | 7:14 | 10 | |
15. | სიონი | 11 | 2 | 3 | 6 | 10:17 | 9 | |
16. | შუქურა | 10 | 1 | 5 | 4 | 7:15 | 8 |
მეგოლეები:
8 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)
6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი)
4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.