გუშინ „კამპ ნოუზე“ „სელტასთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, „ბარსას“ არგენტინელმა ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ძალიან ცუდი მატჩი ჩაატარა.
„მიუხედავად იმისა, რომ გოლის გატანის ბევრი მომენტი გაუშვით ხელიდან, ვფიქრობ, გუშინ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, რის გამოც დავკარგეთ სამი ქულა და შესაბამისად ლიდერობაც. ჩვენ ახლა ისღა დაგვრჩენია, მომავალ მატჩზე ვიფიქროთ და გამოვასწოროთ თამაშის ხარისხი. მაყურებელი ჩვენგან მოგებას და ლამაზ ფეხბურთს ელის“, - თქვა მასკერანომ.
გუშინდელი მარცხი (0:1) კატალონიური კლუბისთვის მეორეა (თანაც ზედიზედ) „ლა ლიგაში“, პირველი კი, „ბარსამ“ გასულ შაბათს „ბერნაბეუზე“ იწვნიეს.
ამ წაგების შემდეგ „ბარსელონამ“ ლიდერობა „რეალს“ გადააბარა, რომელმაც სტუმრად „გრანადას“ სძლია - 4:0.
თუ ვინ იქნება ამ უქმეების შემდეგ პრიმერას ლიდერი დღეს „სან მამესზე“ გაირკვევა, სადაც ერთმანეთს „ატლეტიკი“ და „სევილია“ დაუპირისპირდებიან. მოგების შემთხვევაში „სევილია“ პირველ ადგილზე აინაცვლებს.