ფეხბურთი

4:48 | 2.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე ყოფილ კლუბთან დამარცხდა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის მეორე დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დღის პირველი შეხვედრა “ლოს კარმენესზე” შედგა, სადაც “გრანადამ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა. მატჩის წინ, დიდი ამბები ტრიალებდა, ერთ-ერთმა ესპანურმა გაზეთმა დაწერა, რომ ანდალუსიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ხოაკინ კაპაროსმა “რეალს” სთხოვა დიდი ანგარიშით არ მოეგოთ მათთვის, რაზეც გაცოფებულმა კაპაროსმა ბევრი ლანძღა ამ სტატიის დამწერი და გაზეთი პრესკონფერენციაზე საჯაროდ დახია.
რაც შეეხება შეხვედრას, კაპაროსის შეგირდებს მთავარი მწვრთნელისგან ის საბრძოლო ჟინი ვერ გადაედოთ, რომელიც გამოცდილ სპეციალისტს ეტყობოდა მთელი მატჩის მანძილზე. ანდალუსიელები უკვე მე-2 წუთზე აღმოჩნდნენ მდევრის როლში. მურილიოს ბურთი კარვახალმა მოპარა, რაზეც მასპინძლები წესების დარღვევას აპელირებდნენ, თუმცა მსაჯმა ეპიზოდი გაატარა, რასაც შეტევის გაგრძელება მოჰყვა – კარვახალმა ბენზემას გადააწოდა ბურთი, რომელმაც კარგ პოზიციაზე მყოფი რონალდუ შენიშნა და ზუსტი დარტყმით პორტუგალიელმა ანგარიში გახსნა. უნდა აღინიშნოს, რომ კარვახალი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და მარჯვენა ფლანგიდან აქტიურად უტევდა “რეალი”, თუმცა 38-ე წუთზე ახალგაზრდა მცველი დაშავდა და მის ნაცვლად ალვარო არბელოა გამოვიდა. იქამდე კი, ხამეს როდრიგესმა გაიტანა შესანიშნავი გოლი. ასეთი გოლის შემდეგ, უხერხულია საგოლე გადაცემის ავტორზე საუბარი, თუმცა მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბენზემას მეორე ასისტი ჩაეწერა აქტივში.
მეორე ნახევარში კი, უკვე კრიშტიანო რონალდუმ ჩაიწერა ორი საგოლე გადაცემა აქტივში. მან ჯერ ბენზემა გაიყვანა ერთი-ერთზე საოცარი ქუსლური გადაცემით, ხოლო შემდეგ ხამეს როდრიგესს შეასრულებინა დუბლი . მადრიდელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, გამოსარჩევია მარსელოს გასროლილი, რომელიც ხარიხას მოხვდა. თავის მხრივ, პრესტიჟის გოლის გატანა მასპინძლებსაც შეეძლოთ, მაგრამ კასილასს ვერ აჯობეს – 0:4. ამ მოგებით მადრიდელები პირველ ადგილზე გადავიდნენ და დღეს “სევილიას” თამაშს ელოდებიან. “ბლანკოსს” 10 შეხვედრაში 37 გოლი აქვს გატანილი. თუ როგორი შედეგია თავად განსაჯეთ...

იოლად იმარჯვა მეორე მადრიდულმა გრანდმაც, რომელთაც პირველის მსგავსად 4 გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა “რეალისგან” განსხვავებით, “ატლეტიკომ” 2 გოლი გაუშვა “კორდობასგან”. ნელ-ნელა ერგება და მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერად ყალიბდება კლუბის ახალწვეული ანტუან გრიზმანი, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე ძალიან აქტიური იყო და “როხიბლანკოს” მაისურით ლა ლიგაში პირველი გოლების გატანაც მოახერხა. შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო მადრიდელთა დიდი უპირატესობით დაიწყო. ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა კოკეს, რომლის დარტყმული ხარიხამ უკუაგდო. ტაიმის ბოლოს კი, ანტუან გრიზმანმა თავისი პირველი გოლი გაიტანა მიმდინარე ლა ლიგაში.
მეორე ნახევარი მოულოდნელად დაიწყო და 53-ე წუთზე კარტაბიას კუთხურიდან ჩამოწოდებულს ნაბილ გილასის გოლი მოჰყვა. მადრიდელებს უმალ შეეძლოთ გატანა, არდას შესანიშნავი პასით გრიზმანი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ხუან კარლოსმა იყოჩაღა, მაგრამ 58-ე წუთზე ფრანგმა მაინც შეძლო დუბლის შესრულება. 4 წუთში კი, მანძუკიჩის ჯერიც დადგა, რომელმაც კარლოსის შეცდომით ისარგებლა და ცარიელ კარში თავური შეაგდო. მე-80 წუთზე პინილიოსმა ავტოგოლი გაიტანა და მეოთხე გოლის შემდეგ მასპინძლები ოდნავ მოეშვნენ, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ნაბილ გილასმა დუბლი გაიფორმა – 4:2. “როხიბლანკო” 23 ქულით მე-2 პოზიციაზე გადავიდა, ხოლო “კორდობა” მოგების გარეშე მე-18 პოზიციაზე იმყოფება.

მსოფლიოს მასშტაბით, დღის საფეხბურთო სენსაცია “ნოუ კამპზე” დაფიქსირდა, სადაც ლუის ენრიკე თავის ყოფილ კლუბს – ვიგოს “სელტას” უპირისპირდებოდა. თამაშის წინ, ვიგოელთა მთავარი მწვრთნელი, ედუარდო ბერიცო ამბობდა, რომ თავი კარგად უნდა დაეცვათ, თუმცა საკუთარი სტილი უნდა შეენარჩუნებინათ და ისე ეფიქრათ შედეგზე. ყოველივე ეს, გალისიელებმა პირნათლად შეასრულეს.
გასაკვირი არაა, რომ კატალონიელები უპირატესობას ფლობდნენ და უფრო მეტი საგოლე მომენტი ჰქონდათ. პირველი სახიფათო მომენტი ნეიმარს ჰქონდა, რომლის დარტყმულიც ხარიხამ უკუაგდო. ბრაზიელიელს სხვა მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ სერხიო ალვარესი შეუდარებელი იყო, რომელმაც არც ნეიმარი და არც მისი სხვა თანაგუნდელები არ გაახარა. ერთ მომენტში ესპანელი მეკარე უძლური იყო, თუმცა ჯონიმ მესის დარტყმული ცარიელი კარიდან გამოიტანა და შემდეგ ხარიხას მოხვდა ბურთი. პირველ ტაიმში სტუმართაგან ლარივეის ჰქონდა მეტნაკლებად სახიფათო მომენტი.
კატალონიელებმა მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს და პირველივე შეტევაში ნეიმარმა ხარიხას გაარტყა ბურთი. ამდენი გამოუყენებელი მომენტის გამო, “ბლაუგრანა” დაისაჯა, ნოლიტომ ქუსლური გადაცემით ერთი-ერთზე გაიყვანა ხოაკინ ლარივეი, რომელიც ოსტატურად გაისარჯა და მე-7 გოლი გაიტანა მიმდინარე ლა ლიგაში. გაშვებული გოლის შემდეგ “ბარსამ” მთელი ძალებით შეუტია, მაგრამ ლუის სუარესს ორჯერ ალვარესმა აუღო რთული ბურთები, ხოლო ერთხელ მესის დარტყმის შემდეგ კვლავ ხარიხამ იხსნა “სელტა”. ლუის ენრიკეს შეგირდება ერთ შეხვედრაში ოთხჯერ (!!) გაარტყეს ხარიხას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უშანსოდ არც გალისიელები არ ყოფილან და კონტრშეტევაზე ჯერ ნოლიტოს შეეძლო გატანა, რომელსაც ბრავომ აუღო, ხოლო დამატებაზე ჩარლესს, მაგრამ ბრაზიელიელმა ააცილა. საბოლოოდ 0:1 და ტურის დასრულების შემდგომ, “ბლაუგრანა” შესაძლოა მე-5 პოზიციამდე დაეშვას 23 ქულით. რაც შეეხება “სელტას”, 19 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

დღის ბოლო შეხვედრაში ხაგობა არესატეს ბედი წყდებოდა. მისდა სამწუხაროდ, “სოსიედადმა” მორიგი მატჩი წააგო, მე-17 ადგილზე დარჩა და 99%-ით მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მოუწევს. ერთადერთი გოლი ხუანმიმ 72-ე წუთზე გაიტანა ამრაბატის პასით. “მალაგამ” ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო და მე-7 პოზიციამდე აღზევდა.

გრანადა – რეალი 0:4 (0:2)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-4-2): რ.ფერნანდესი, მურილიო, ბაბინი, ნიომი, ხ.კარლოსი, ედი (ხ.მარკესი 46), სისოკო, იტურა, ფოლქიერი, ისააკი (ელ არაბი 50), კორდობა (როჩინა 65).
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

რეალი (4-3-3): კასილასი, რამოსი, პეპე, მარსელო, კარვახალი (არბელოა 38), მოდრიჩი (ხედირა 76), კროოსი, ისკო (ილარამენდი 83), როდრიგესი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 რონალდუ (2), 0:2;0:4 როდრიგესი (31;87), 0:3 ბენზემა (54).
გაფრთხილებები: ედი – მოდრიჩი, არბელოა
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

ატლეტიკო – კორდობა 4:2 (1:0)


მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): მოია, გოდინი, მირანდა, სიკეირა, ხუანფრანი, გაბი (საული 67), სუარესი, თურანი (რ.გარსია 62), გრიზმანი (კ.როდრიგესი 77), კოკე, მანძუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

კორდობა (4-4-2): ხ.კარლოსი, პანტიჩი, ი.ლოპესი, პინილიოსი, ბუზონი, ლუსო, ფიდელი (ფედე ვიკო 67), გარაი (აბელი 77), კარტაბია, ხისკო (როსი 63), გილასი.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

გოლები: 1:0;2:1 გრიზმანი (43;58), 1:1;4:2 გილასი (53;87), 3:1 მანძუკიჩი (61), 4:1 პინილიოსი (80 ს.კ.).
გაფრთხილებები: ბუზონი, კარტაბია
მსაჯი: კლოს გომესი

ბარსელონა – სელტა 0:1 (0:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3):
ბრავო, მატიე, მასკერანო, ალვეში, ალბა, რაფინია (პედრო 66), ბუსკეტსი (ხავი 66), რაკიტიჩი, ნეიმარი, სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

სელტა (4-3-3):
ს.ალვარესი, გომესი, კაბრალი, მალიო, ჯონი, რადოხა, კრონ-დელი, პ.ერნანდესი (ბ.ერნანდესი 69), ნოლიტო (მადინდა 88), ორელიანა, ლარივეი (ჩარლესი 76).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლი: ლარივეი 55.
გაფრთხილებები: პედრო – პ.ერნანდესი, გომესი
მსაჯი: ინიაკი ბიკანდი

სოსიედადი – მალაგა 0:1 (0:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი, ბერჩიჩე (გრანერო 76), ი.მარტინესი, ანსოტეგი, ზალდუა, პარდო (აგირეჩე 67), ბერგარა, ზურუტუზა, ჰერვასი, კანალესი (ფინბოგასონი 84), ველა.
მწვრთნელი: ხაგობა არესატე

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ს.სანჩესი (მ.ტორესი 52), ველიგტონი, არტუნეში (დუდა 63), როსალესი, დარდერი, კამაჩო, სამუელი (რესიო 68), კასტილიეხო, ხუანმი, ამრაბატი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

გოლი: ხუანმი 72.
გაფრთხილებები: ბერჩიჩე, ზურუტუზა – სამუელი, დარდერი, ველიგტონი, ამრაბატი
მსაჯი: ხაიმე ლატრე

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 16. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 9. ლეო მესი (“ბარსელონა”), კარლოს ბაკა (“სევილია”), ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.

თეგებილა ლიგა
0.353024