117 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, იტალიის ქალაქ ტურინში სტუდენტების ინიციატივით დაარსდა საფეხბურთო კლუბი “იუვენტუსი”.
მას შემდეგ, “ბებერი ქალბატონი” ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი გუნდი გახდა. იტალიაში კი დღემდე გულშემატკივართა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
დღეს, “იუვე” თავის იუბილეზე სერია A-ს მე-10 ტურში “ემპოლის” დაუპირისპირდება.
117 წლიან ისტორიაში “იუვენტუსს” 13-ჯერ ჰქონდა შემთხვევა, როცა ამ დღეს მოუწია მატჩის გამართვა. 9 გამარჯვება, 4 მარცხი და არცერთი ფრე, ასეთია საერთო სტატისტიკა.
პირველად იუბალარ “იუვეს” თამაში 1931 წელს მოუწია. საკუთარ მოედანზე ფერარის, მალიოს და ჩეზარინის გოლებით მათ “ალესანდრია” 3:0 დაამარცხეს.
ბოლო ასეთი შემთხვევა კი 2008 წელს დაფიქსირდა, ამჯერადაც საკუთარ მოედანზე, “ბებერმა ქალბატონმა” დელ პიეროს და მარკიონის გოლებით “რომა” დაამარცხა.
ამ ორ შემთხვევას შორის კიდევ იყო 11 მატჩი, აქედან 4 წარუმატებელი: სტუმრად დამარცხებები 1933 წელს “ნაპოლისთან”, 1936 წელს კი “ლაციოს” წინააღმდეგ. ორი მატჩი კი “იუვემ” საკუთარ მოედანზე დათმო, 1962 წელს “ვიჩენცასთან” 1:3 და 1981 წელს “რომასთან” (0:1 ფალკაო).
90 წლის იუბილეზე, 1987 წელს, “ბიანკონერიმ” 3:0 დაამარცხა “აველინო” სტეფანო კოლანტუონოს, იან რაშის და ანჯელო ალესიოს გოლებით.
ზუსტად 5 წლის შემდეგ, “იუვემ” “ანკონა” გაანადგურა 5-1, ამ შეხვედრაში დუბლი რობერტო ბაჯომ მიითვალა.
იუბილეზე ჩატარებულ მატჩთაგან გამოსარჩევია კიდე ოთხი გამარჯვება: 1989 წელს “პარი სენ ჟერმენის” წინააღმდეგ (2:1), 1995 წელს გლაზგოში “რეინჯერსის” განადგურება (4:0) რავანელის, მაროკის, დელ პიეროს და ტორიჩელის გოლების წყალობით, 1997 წელს “უდინეზეს განადგურება” ანგარიშით 4:1 (კონტეს, ინძაგის, დელ პიეროს და ამორუზოს გოლებით) და 1998 წელს “სამპდორიას” (2:0) დამარცხება ინძაგის დუბლის მეშვეობით.
ვნახოთ როგორი წარმატებით ითამაშებს მე-14 ჯერზე “იუვენტუსი” საკუთარ იუბილეზე...