ლა კორუნიის “დეპორტივომ” ესპანეთის ჩემპიონატის წინა ორი შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა და ქომაგებს ოდნავი იმედი მიეცათ, რომ საყვარელი კლუბი გაახარებდათ, მაგრამ სულ ტყუილად, “ვალენსიასთან” შინ მოგებული (3:0) და “ესპანიოლთან” სტუმრად ნათამაშები ფრის (0:0) შემდეგ გალისიელები შინ “ხეტაფესთან” დამარცხდნენ.
პირველ ნახევარში “ხეტაფე” აშკარად ჯობნიდა მეტოქეს და ლოგიკურიცაა ტაიმი მათი გამარჯვებით რომ დასრულდა. თუმცა, გატანილი გოლის მომენტში სტუმრებს აშკარად გაუმართლათ. 35-ე წუთზე იოდამ დაახლოებით 10-12 მეტრიდან მასპინძელთა კარის მიმართულებით დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ ნახტომისას ძირს დაცემულ მეკარეს და ისე აღმოჩნდა ფაბრის კარის ბადეში.
მეორე ტაიმის სტარტიც სტუმრების იყო. 46-ე წუთზე ანხელ ლაფიტამ გალისიელი მცველების უხეირო თამაშით ისარგებლა და ჰინესტროზას გადაცემის შემდეგ, ყოფილი კლუბი დაამწუხრა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, მასპინძლებმა რაც შეძლეს, მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანაა. მე-80 წუთზე ლა კორუნიელებს შესანიშნავი კომბინაცია გამოუვიდათ, ჯერ ივან კავალიერომ ითამაშა მშვენივრად, რომელმაც ერთი მეტოქე ჩამოიშორა და ტოჩეს გადააწოდა ბურთი, ამ უკანასკნელმა კი, შეცვლაზე შემოსული ელდერ პოშტიგა გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე და პორტუგალიელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.
ამ მოგებით “ხეტაფემ” 13 ქულით მე-9 პოზიციზე გადაინაცვლა, ხოლო “დეპორტივო” 8 ქულით მე-16 ადგილზე დარჩა.
დეპორტივო – ხეტაფე 1:2 (0:1)
ლა კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, ინსუა, სიდნეი, ლუისინიო, ხუანფრანი, დომინგესი, ვილკი (კანელია 46), ხ.დომინგესი, მედუნჯანინი, ფარინა (პოშტიგა 46), კუენკა (ტოჩე 58), კავალიერო.
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ველაზკესი, ნალდო, აროიო, ესკუდერო, ლასენი, ჯ.როდრიგესი, ჰინესტროზა (დ.კასტრო 68), სარაბია (სამირი 78), იოდა, ლაფიტა (მიჩელი 88).
მწვრთნელი: კოსმინ კონტრა
გოლები: 0:1 ფაბრი (35), 0:2 ლაფიტა (46), 1:2 პოშტიგა (80).
გაფრთხილებები: ვილკი, კავალიერო - ლაფიტა
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 16. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 9. მესი (“ბარსელონა”), კარლოს ბაკა (“სევილია”) – 7.