კალათბურთი

1:40 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 6 ქულა და გამარჯვება ბოლო წამებზე

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის D ჯგუფში მე-2 გამარჯვება იზეიმა. ბასკურმა კლუბმა სტამბულის “გალათასარაი” მიიღო და ძირითადად, ანგარიშში ჩამორჩებოდა, საბოლოოდ კი, ბოლო წამებზე 91:90 იმარჯვა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 18:00 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ესპანური კლუბის რიგებში საუკეთესონი კოლტონ აივერსონი და ტომას უერტელი იყვნენ. მათ 17-17 ქულა ჩააგდეს. საშა ვუიაჩიჩმა 14 ქულა მიითვალა, დევის ბერტანსმა კი – 12. “გალათასარაის”, შესაბამისად, 24 და 20 ქულით ზორან ერცეგმა და ვლადიმირ მიცოვმა ულიდერეს.

“ლაბორალ კუჩა” 2 მოგებით და 1 მარცხით სერბულ “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად მეორე-მესამე ადილებს იყოფს, D ჯგუფის ლიდერი კი ბერძნული “ოლიმპიაკოსია”, რომელმაც სამივე თამაში მოიგო. სხვათა შორის, პირეოსელთა ლიდერმა ვასილის სპანულისმა ლიტვურ “ნეპტუნასთან” სტუმრად ოვერტაიმში მოგებულ მატჩში 34 (!) ქულა ჩააგდო.

3 გამარჯვებით B ჯგუფს ჩაუდგა სათავეში მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა. მოსკოველებმა ზაგრებში “ცედევიტას” 76:72 სძლიეს, ქართველი კალათბურთელი კი ტრავმირებულია და გუნდს ხორვატიაში არც გაჰყოლია.

0.1138