კალათბურთი

15:18 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

36 ქულა და 15 მოხსნა: შერმადინმა და სანიკიძემ “სარაგოსას” მე-9 გამარჯვება მოუტანეს

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” “მურსია” 103:67 გაანადგურა, ქართველმა კალათბურთელებმა კი ჯამში 36 ქულა და 15 მოხსნა მიითვალეს და გამარჯვებაში დიდი წვლილი დაიდეს.

ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო. სანიკიძემ მოედანზე 26:18 წუთი გაატარა და მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო. მისი მონაგარი 19 ქულა, 6 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 2 პასი და 1 დაფარება იყო.

ვიქტორმა 7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

სანიკიძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21 გახლდათ და იგი სარაგოსელთა რიგებში მხოლოდ პედრო ლომპარტს (კოეფიციენტი 26, 13 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი) და შერმადინს (კოეფიციენტი 22) ჩამორჩა.

ქართველმა ცენტრმა 23:02 წუთს ითამაშა და სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა. მანამდე გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა და 17 ქულას 9 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 1 პასი წაამატა. შერმადინმა 2 შეცდომა დაუშვა და მის წინააღმდეგ თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

აღსანიშნავია, რომ არაგონელებმა სტუმრებს ყველა მეოთხედი მოუგეს, გამორჩეულად კი მე-3 ათწუთეულში იასპარეზეს, რომელშიც “მურსია” 38:11 გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ ესპანური ACB-ლიგის არსებობის ისტორიაში, ერთ მეოთხედში 27-ქულიანი უპირატესობა მხოლოდ მესამედ დაფიქსირდა, ამაზე უკეთესი შედეგი კი ერთადერთხელაა ნაჩვენები. 2010-11 წლების სეზონში “გრანადამ” “ხუვენტუტს” მე-2 მეოთხედი 35:6 ანუ 29 ქულით მოუგო.

ამ წარმატების წყალობით, “სარაგოსას” 8 მარცხის ფონზე 9 გამარჯვება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, რაც ფრიად მნიშვნელოვანია. თუკი მე-17 ტურის თავზე ქართველთა კლუბმა ეს პოზიცია შეინარჩუნა, 6-9 თებერვალს მალაგაში დაგეგმილ ქვეყნის თასზე იასპარეზებს. მომავალ მინი-ტურნირში მონაწილეობის უფლება პირველი წრის თავზე გამოვლენილ საუკეთესო 8 კლუბს აქვს.

0.132436