დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 4-საათიანი თათბირის შემდეგ ქობულეთის "შუქურასა" და გორის "დილას" შორის შეწყვეტილ თამაშთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
უმაღლესი ლიგის მეათე ტურის მატჩი, რომელიც ქობულეთში ადგილობრივ გუნდსა და შიდაქართლელებს შორის გაიმართა, 50-ე წუთზე შეწყდა. გორელთა საჯარიმოში ლაშა ჩლაიძის და დავით ხურცილავას დუელი ისე დასრულდა, რომ ორივე ფეხბურთელი წაიქცა. მატჩის მთავარმა მსაჯმა ლევან კვარაცხელიამ "დილას" კარში პენალტი დანიშნა, რასაც ფეხბურთელების და გულშემატკივართა პროტესტი და აგრესია მოჰყვა.
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მრავალპუნქტიანი გადაწყვეტილება მიიღო:
საფეხბურთო კლუბ გორი "დილას" ჩაეთვალა წაგება და დაჯარიმდა 5 000 ლარის ოდენობით. ამავდროულად, გორელები მომდევნო სამ საშინაო მატჩს ნეიტრალურ სტადიონზე ჩაატარებენ.
გორის "დილას" ფეხბურთელ ლუკა რაზმაძეს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეცა და დაჯარიმდა 5 000 ლარით.
შიდაქართლელთა მცველ ალექსანდრე კვასხვაძეს 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმის სახით 1 400 ლარი დააკისრეს.
"დილას" მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდა დაეკისრა და ამავდროულად 1 000 ლარით დაჯარიმდა.
გორელთა ოთხ ფეხბურთელს: რომან ახალკაცს, ნიკა კვეკვესკირს, გიორგი ერისთავს და გიორგი სეთურიძეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესჯებათ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ფეხბურთელები 6 თვის განმავლობაში რაიმე ინციდენტის მონაწილენი კვლავ გახდებიან.
სადისციპლინო კომიტეტმა ყველაზე მსუბუქად ქობულეთის "შუქურა" დასაჯა. რადგან კლუბის ხელმმძღვანელობამ აღნიშნულ მატჩზე მოედანზე წესრიგის უზრუნველყოფა ვერ შეძლო, კლუბი 5 000 ლარით დაჯარიმდა.
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გორის "დილას" წარმომადგენლებმა გაასაჩივრეს და მხარეებს შორის მცირე სიტყვიერი შეკამათებაც გაიმართა. სადისციპლინო კომიტეტის წევრებმა კლუბების წარმომადგენლებს აგრეთვე განუცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება მათ ერთი კვირის განმავლობაში სააპელაციო კომიტეტში შეეძლებათ.
სხდომის დასრულების შემდეგ "მსოფლიო სპორტი" "შუქურას" პრეზიდენტს და "დილას" მენეჯერს ესაუბრა.
რევაზ ჩელებაძე ("შუქურას" პრეზიდენტი): "სადისციპლინო კომიტეტს ვუთხარი, რომ გადაწყვეტილება ობიექტურად მიეღოთ და შედეგი სახეზე გვაქვს. პირადად ჩემთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მისაღებია."
გია ისიანი ("დილას" მენეჯერი): "განხილვის პროცესი ისეთი ტონით მიმდინარეობდა, რომ ვგრძნობდი ჩვენ მკაცრად დავისჯებოდით. ჩვენი მხრიდან შეხვედრის დაძაბულ მომენტში არ ყოფილა აგრესია, განსაკუთრებით უჩა სოსიაშვილი გამოირჩეოდა ლოიალურობით. მთავარი მსაჯი აქამდე აცხადებდა, რომ უჩა მას აწყნარებდა და ეუბნებოდა გასულიყო მოედნიდან მისივე უსაფრთხოებისთვის, სადისციპლინო კომიტეტმა კი მწვრთნელი მაინც დასაჯა 4 მატჩით, ლევან კვარაცხელიას განცხადების მიუხედავად. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ, რადგან "დილას" მისამართით ზედმეტად მკაცრი ზომებია მიღებული."