იტალიური მედიის ინფორმაციით, აპენინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში ძლიერი წვიმებია და "სკუადრა აძურას" მატჩები, ხორვატიასა და ალბანეთთან, რისკის ქვეშ დგას.
16 ნოემბერს იტალიელები ევროშესარჩევ მატჩში ხორვატიას მილანში დაუპირისპირდებიან, ხოლო ორ დღეში ალბანეთთან გენუაში აქვთ ამხანაგური მატჩი.
15 ნოემბერს როგორც იტალიელებმა, ასევე ხორვატებმა "სან სიროზე" ვერ ივარჯიშეს. ხორვატთა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა განაცხადა, რომ თუ ძლიერი წვიმა ასე გაგრძელდა, "სან სიროზე" მატჩი შეიძლება ვერც გაიმართოს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, საფრთხე უფრო ალბანეთთან თამაშს ემუქრება და შესაძლოა ჩაიშალოს კიდეც.
რამდენიმე დღეა ლიგურიის, ლომბარდიის, პიემონტის და ემილია-რომანას მხარეებში ძლიერი წვიმებია. წყლის ნაკადმა მდინარეების და ტბების კალაპოტებიც გადალახა და რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა.