ჩოგბურთი

1:00 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი გერმანულ ჩელენჯერში ითამაშებს

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ეკენტალში იმყოფება, სადაც ძალებს 35-ათასიან შეჯიბრში მოსინჯავს.

ერთეულთა ტურნირის საწყის წრეში ბასილაშვილის მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ხორვატი ანტონიო სანჩიჩი იქნება.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ბასილაშვილს 219 ქულა გააჩნია და 216-ე ადგილზე იმყოფება. მოწინავე ათასეულში კიდევ 2 ქართველი ჩოგბურთელია – ალექსანდრე მეტრეველი (574-ე) და გიორგი ცივაძე (859-ე).

8 ქართველი ფიგურირებს ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) კლასიფიკაციაში: 211 (209). სოფო შაფათავა – 241 ქულა; 315 (309). ეკატერინე გორგოძე – 127; 433 (433). სოფო ქვაცაბაია – 72; 448 (449). ოქსანა კალაშნიკოვა – 67; 705 (707). მარიამ ბოლქვაძე – 25; 706 (710). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 25; 1167 (1166). თამარ კუტუბიძე – 5; 1248 (1251). თამარ ჭალაგანიძე – 3;

მიმდინარე კვირაში შაფათავა საფრანგეთის ქალაქ ნანტის 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა – წარუმატებლად. კვალიფიკაციის პირველ რაუნდში მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მასპინძელ ჰარმონი ტანს 6:3, 6:3 სძლია, შემდეგ კი იტალიელ კლაუდია ჯიოვინესთან 4:6, 3:6 დამარცხდა.

წყვილთა შეჯიბრის საწყის წრეში შაფათავამ და ბელარუსმა ლიძია მაროზავამ “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგებს – არკანიოლის და პაკეს 6:2, 3:6, 10:6 მოუგეს და მეოთხედფინალში რუმინელ ბოგდანს და ამერიკელ მელიჩარს გაეჯიბრებიან.

ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში, 25-ათასიან საკვალიფიკაციო რაუნდში 2 ქართველი ჩაება. სოფო ქვაცაბაიამ (მე-8 განთესვა) იტალიელ ჯაია სკუარჩიალუპის აჯობა – 6:4, 6:1, შემდეგ კი პოლონელ კატარჟინა კავასთან მატჩში ანგარიში 6:6 გახლდათ, როდესაც ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში ვეღარ გააგრძელა. რაც შეეხება თამარ ჭალაგანიძეს, იგი უკრაინელ დიანა ბოგოლისთან 4:6, 0:6 დამარცხდა.

პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული ეკატერინე გორგოძე, რომელიც საწყის მატჩს უკრაინელ ოლგა იანჩუკთან ჩაატარებს.

0.116628