ადამიანმა შეიძლება 10 დოლარი დაკარგო, 100 დოლარიც და ჰა, ჰა 10 ათასიც. მაგრამ, ერთბაშად 20 მილიონი დოლარის დაკარგვა გაგონილა? არადა, დიეგო მარადონა ირწმუნება, ჩემი ანგარიშებიდან 20 მილიონი დოლარი გაქრა და ამის ჩამდენი ჩემი ყოფილი ცოლი, კლაუდია ვილიაფანეაო.
კლაუდია და დიეგო ერთმანეთს იმდენჯერ დაშორდნენ და იმდენჯერ შერიგდნენ, მათი დანახვისას საჯარო რეესტრის თანამშრომლებს ალბათ ფხუკუნი უტყდებოდათ ხოლმე, მაგრამ ახლა დიეგოს სასაცილოდ სულაც არა აქვს საქმე, რადგან 20 მილიონი დოლარი სახუმარო თანხა ნამდვილად არაა.
დიეგო კლაუდიას ბოლოს 5 წლის წინ დაშორდა და იმის მერე თავისი ორი შვილის დედას აღარ შერიგებია. მარადონას თქმით, მისმა ცოლმა იცოდა დიეგოს საბანკო ანგარიშების კოდები და ანგარიშიდან ფულიც მისი გამოტანილია. ძალიან კი გვინდა მარადონასი გვჯეროდეს, მაგრამ ერთბაშად 20 მილიონის ანგარიშიდან “გაქრობა” გვებევრება და რა ვქნათ...