ფეხბურთი

12:11 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალმა ვან პერსის უსაყვედურა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა პრემიერლიგის მე-9 ტურში ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "წითელი ეშმაკები" ბოლო წუთზე გატანილ გოლს იმსახურებდნენ.

"ლონდონელები ცდილობდნენ მატჩის ჩახშობას, თუმცა ჩემი ფეხბურთელები ბევრს დარბოდნენ და ბოლო წუთამდე იბრძოლეს. გატანილი გოლი დავიმსახურეთ, რადგან ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით. პირველი გოლი დასანანი გამოდგა, რადგან "მანჩესტერის" ფეხბურთელებს შორის ცოტა გაუგებრობა იყო, თუმცა ამის შემდეგ ძალიან, ძალიან კარგად ვითამაშეთ." - განაცხადა ვან გაალმა.

მატჩის ბოლო წუთზე მანჩესტერელთა მხრიდან ანგარიშის გამათანაბრებელმა რობინ ვან პერსიმ გატანილი გოლი ემოციურად, მაისურის გახდით აღნიშნა, რაც მთავარ მსაჯს არ გამოპარვია და თავდამსხმელი ყვითელი ბარათით დასაჯა. თანამემამულის ჟესტს ვან გაალმა სულელური რეაქცია უწოდა:

"ვნახე თუ როგორი აღელვებული გახლდათ ვან პერსი, მაგრამ როცა მან ყვითელი ბარათი მიიღო ეს არ იყო სასიხარულო. ეს იყო სულელური რეაქცია."

"მანჩესტერს" მომდევნო შეხვედრა პრემიერლიგაში თანაქალაქელ "სიტისთან" სტუმრად ელოდება. მანჩესტერული დერბი 2 ნოემბერს თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება.

0.112799