ფეხბურთი

23:46 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიონისპირელები ფრეთა სერიას აგრძელებენ

სამ დღეზე გაწერილი ეროვნული ჩემპიონატის X ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრა ივანწმინდაში გაიმართა, სადაც საჩხერის ,,ჩიხურამ” ქუთაისის ,,ტორპედოს” უმასპინძლა. იმერული დერბი ყოველთვის დაძაბული ბრძოლით გამოირჩევა. ასე იყო ამჯერადაც. ორივე გუნდის ფეხბურთელებმა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გაიღეს და მატჩზე დამსწრე გულშემატკივრებს საინტერესო სანახაობა შესთავაზეს.

შეხვედრას მზიანი ამინდი დაემთხვა, თუმცა საშინელი ქარი ქროდა, რაც ბურთის ტრაექტორიას ხშირად ცვლიდა და მის დასამორჩილებლად მოთამაშეებს გვარიანი გარჯა უხდებოდათ.

მატჩის დებიუტიდანვე მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ისინი ბურთს უფრო დიდხანს აკონტროლებდნენ და ზედიზედ ორჯერ რიონისპირელთა კარსაც შეუტიეს, თუმცა თებიძემ ორივეჯერ დამაჯერებლად იმოქმედა და ხიფათი განმუხტა. განსაკუთრებით დეკანოიძე აქტიურობდა. იგი ბევრს მოძრაობდა და სტუმართა მცველებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.

ტაიმის მესამედის მიწურულს ქუთათურებიც გამოცოცხლდნენ და პირველი სახიფათო შეტევა განახორციელეს. ჩიკვილაძემ მარცხენა ფრთიდან საჯარიმოს კუთხისკენ გადაიწია და ძლიერად გაისროლა. ბურთი კაშიას მოხვდა და კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა. ორ წუთში ფიფიაც ცდილობდა თავის გამოჩენას, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

ტაიმის შუაწელს მასპინძლებს დაწინაურების 100%-იანი შესაძლებლობა მიეცათ. კარგი კომბინაციის შემდეგ საჩხერლებმა დეკანოიძე მეკარის პირისპირ გაიყვანეს, მაგრამ თებიძე დიდებულად გაისარჯა. იგი მომხვდურს ფეხებში ჩაუხტა და სიტუაცია განმუხტა. ამის შემდეგ ზემო იმერლებმა ერთი წუთის ინტერვალში ზედიზედ ორჯერ სახიფათოდ შეუტიეს. პირველ შემთხვევაში ოდიკაძის გასროლა მცირე მანძილით ასცდა მიზანს, ხოლო მეორეჯერ თებიძემ იყოჩაღა –ღონღაძის დარტყმულს სწორი პოზიცია შეურჩია და ბურთს დაეუფლა.

,,ტორპედოელთა” საპასუხო ჩხვლეტა შედეგიანი გამოდგა. 36-ე წუთზე რიონისპირელებმა სანიმუშო მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ტაბატაძის ფლანგური ჩაწოდებით და ჩიკვილაძის ზუსტი თავური დარტყმით დასრულდა-0:1.

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ საჩხერლებმა გასათანაბრებლად შეუტიეს, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე ვეღარ მიიყვანეს და შესვენებაზე ერთბურთიანი პასივით გავიდნენ.

შეხვედრის მეორე ნახევარი ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა და სანახავად უფრო საინტერესო გამოდგა. თავიდან სტუმრები აქტიურობდნენ. 52-ე წუთზე ბაბუნაშვილმა თითქმის მთელი მოედანი გადასერა და საჯარიმოს კუთხესთან მიახლოვებულმა ძლიერად გაისროლა. ბურთი ოდნავ ასცდა კარის ძელს. მალე ფიფიამ ორი მეტოქე ჩამოიცილა და კარში დარტყმაც განახორციელა, თუმცა დარტყმა სუსტად გამოუვიდა და ქვილითაიას ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, საჩხერლებმა მთელი გუნდით შეუტიეს, მითუმეტეს ზემოიმერლებს მიმდინარე ჩემპიონატში ყველა საშინაო მატჩში გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული და ამჯერადაც მხოლოდ მოგებაზე ფიქრობდნენ.

63-ე წუთზე დეკანოიძეს გათანაბრების იდეალური შანსი ჰქონდა. თანაგუნდელთა კომბინაციის შემდეგ იგი საგოლე სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ბურთი კარის ძელმა აისხლიტა. დამატებაზე კი მასპინძლებმა ვეღარ ივარგეს.

ზემოიმერლებს მონდომება მალევე დაუფასდათ. 71-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან მოწოდებულ კუთხურს ყველაზე მარჯვედ მუმლაძე დაუხვდა და ერთი შეხებით ბურთი ,,ტორპედოელთა” კარის ბადეში გაახვია -1:1.

77-ე წუთზე მოედანზე პატარა საფეხბურთო შედევრი ვიხილეთ. შეცვლაზე ახლადშესულმა ტუღუშმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე ,,ჩიხურელს” თავბრუ დაახვია და გამოზომილი დარტყმით ქვილითაიას საკუთარი კარის გადარჩენის არავითარი შანსი არ დაუტოვა-1:2.

ამის შემდეგ მასპინძლებმა მთელი გუნდით შეუტიეს და შეხვედრის დარჩენილი დრო ქუთათურთა ნახევარზე გაატარეს. რიონისპირელები თავს მედგრად იცავდნენ, თუმცა მატჩის ბოლოს დასანანი შეცდომა დაუშვეს.

87-ე წუთზე საჩხერლებმა კუთხური გაითამაშეს, რასაც ღონღაძის მაღლივი ჩაწოდება მოჰყვა. თებიძე შეცდა კარიდან გამოსვლისას. გოლკიპერს ვერც თანაგუნდელები დაეხმარნენ, რითაც კარგად ისარგებლა შოთა კაშიამ და ზუსტი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 2:2.

შეხვედრის დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს ეწადა და რამდენიმე შეტევის განხორციელებაც მოასწრეს, თუმცა სილაგავას საფინალო სასტვენმა საბრძოლო ფრე დააფიქსირა, რომელიც ქუთათურთათვის ზედიზედ მეოთხე აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

სოსო ფრუიძე (,,ჩიხურა’’): ,,კარგი თამაში გამოვიდა. თუ სახიფათო მომენტების მხრივ ვიმსჯელებთ უნდა მოგვეგო, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ასე არ ხდება, სიმართლე ითქვას ურიგო შედეგად არც ფრე მიმაჩნია.”

რევაზ ძოძუაშვილი: (,,ტორპედო “): ,,ასეთი თამაშები ალამაზებს ქართულ ფეხბურთს. მოგება შეგვეძლო, მაგრამ შეხვედრის ბოლოს დასანანი გოლი გავუშვით. მართალია ,,ტორპედო” ტრადიციული გუნდია, მაგრამ დღეს უკვე ძალიან ძნელია მოედანზე გახვიდე და მეტოქე იოლად დაამარცხო. გუნდის შენებას რამდენიმე ხანი სჭირდება. ჯადოსნური ჯოხის მფლობელი არავინ არ ვართ. თუ სათანადო ხელშეწყობა გვექნება ყველაფერი სასიკეთოდ მოგვარდება. მთავარია სწორ გზას ვადგივართ და გუნდი ეტაპობრივად ვითარდება.’’

ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი) 2:2 (0:1)
26 ოქტომბერი. 15.00. ივანწმინდის სტადიონი. 500 მაყურებელი.

ჩიხურა: ქვილითაია, შ. კაშია, თ. ღონღაძე, ბაჯელიძე, ჯიღაური (სიხარულია 90), მუმლაძე, კორიფაძე, ჩიკვაიძე (კუჭუხიძე 90), დობროვოლსკი, ოდიკაძე (კ), დეკანოიძე;

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ტორპედო: თებიძე, ტაბატაძე, აბრამიძე, თოდუა, ბონდარენკო, ჩიკვილაძე (კ), ჩაკვეტაძე, ბაბუნაშვილი, მამასახლისი, ფიფია (გელაშვილი 79), კვერნაძე (ბ. ტუღუში 60);

მთ. მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი

გოლები: 0:1 ჩიკვილაძე (36), 1:1 მუმლაძე (71), 1:2 ბ. ტუღუში (77), 2:2 შ. კაშია (87);

გაფრთხილება: ბაბუნაშვილი (31), ბონდარენკო (54), ჩაკვეტაძე (85);

არბიტრი: ლაშა სილაგავა

“ზესტაფონი” – “მერანი” 0:0 (0:0)

26 ოქტომბერი. 17:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე. 1000 მაყურებელი

“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, გაგოშიძე (ენდელაძე, 84), რენე ფერეირა, შარიქაძე, თედორე გრიგალაშვილი, ჭანკოტაძე (კაპანაძე, 63), სარდალიშვილი, ჭანტურიშვილი, ხიდეშელი, ილურიძე, დვალი.

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

“მერანი”: მამალაძე, შულაია, ორბელაძე, კიკნაველიძე, ლომაშვილი, ფონიავა, მელიავა, გეგია (წურწუმია, 46), ჯღამაია (წულაია, 84), ჩიმაკაძე, ციცხვაია (მარგველაშვილი, 90+1).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი

გაფრთხილება: გაგოშიძე (14), წურწუმია (52), ილურიძე (52), წურწუმია (57), ჯღამაია (59), კაპანაძე (66).

გაძევება: წურწუმია (57).

არბიტრი: გიორგი კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)

24 ოქტომბერი

სიონი (ბოლნისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:0

დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 6:1 (3:1)

გოლები: 1:0 გიორგი პაპუნაშვილი(13), 1:1 მერაბ გიგაური (25), 2:1 ლაშა პარუნაშვილი (30), 3:1 ირაკლი ძარია (39), 4:1 გიორგი პაპუნაშვილი (54), 5:1 მათე ცინცაძე (75), 6:1 გიორგი პაპუნაშვილი (90)

25 ოქტომბერი

სამტრედია – ზუგდიდი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ლევან წურწუმია (56)

გურია (ლანჩხუთი) – დინამო (ბათუმი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კობა შალამბერიძე (33, პენალტით)

შუქურა (ქობულეთი) – დილა (გორი) 0:0 მატჩი შეწყდა 50-ე წუთზე

მეტალურგი (რუსთავი) – კოლხეთი (ფოთი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 დაჩი ცნობილაძე (16)

გაძევება: ლუკა გუგუჩია (52)

26 ოქტომბერი

ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი) 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 თენგიზ ჩიკვილაძე (36), 1:1 თორნიკე მუმლაძე (71), 1:2 ბექა ტუღუში (77), 2:2 შოთაAკაშია (87)

1. დინამო (თბ) 10 7 2 1 21:7 23
2. სამტრედია 10 5 2 3 11:8 17
3. სპარტაკი 10 5 2 3 10:14 17
4. მეტალურგი 10 4 4 2 12:9 16
5. დილა 9 4 3 2 14:6 15
6. ტორპედო 10 3 6 1 12:9 15
7. ჩიხურა 10 4 2 4 12:12 14
8. გურია 10 3 5 2 10:15 14
9. დინამო (ბთ) 10 4 1 5 10:11 13
10. მერანი 10 3 3 4 8:8 12
11. ზესტაფონი 10 2 5 3 18:13 11
12. ვიტ ჯორჯია 10 3 2 5 9:9 11
13. კოლხეთი 10 2 3 5 9:14 9
14. სიონი 10 2 3 5 9:15 9
15. შუქურა 9 1 5 3 7:14 8
16. ზუგდიდი 10 1 4 5 5:13 7

მეგოლეები:

6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.203508