ფეხბურთი

15:04 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო დელ პიერო: “თუ “იუვე” ჯგუფიდან ვერ გავა, ეს კატასტროფა იქნება”

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო, რომელიც ახლა ინდოეთში განაგრძობს თავის კარიერას, “გაძეტა დელო სპორტს” რამდენიმე საკითხზე ესაუბრა. მათ შორის, “იუვენტუსისა” და “რომას” ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შესახებაც დააფისირა თავისი მოსაზრება.

მისი აზრით, “იუვენტუსი” ჯგუფიდან აუცილებლად უნდა გავიდეს, “რომა” კი მიუხედავად “ბაიერნთან” განადგურებისა, ლიგაზე უკეთ გამოიყურება.

“მიუხედავად 1:7 მარცხისა, ამ შეხვედრაში ერთი პოზიტიური სიგნალი მაინც დავინახე. მე-2 ტაიმში, როცა თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, “რომა” მაინც ყოველი ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა და საგოლე მომენტებიც შექმნა. ეს მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დროს თამაში ძალიან რთულია.

რაც შეეხება “იუვენტუსს”, ათენში გამართული მატჩი არ მინახავს, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ტურინელები ჯგუფიდან უნდა გავიდნენ. თუ ასე არ მოხდა, ეს იტალიური ფეხბურთისთვის ნამდვილი კატასტროფა და დიდი დარტყმა იქნება. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ჯგუფიდან გავლენ” – განუცხადა დელ პიერომ “გაძეტა დელო სპორტს”.

ალესანდრო დელ პიერო ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას 1993-2012 წლებში იცავდა და კლუბის ისტორიაში რეკორდსმენია, როგორც ჩატარებული მატჩების რაოდენობით (705), ისე გატანილი გოლებით (289). “იუვეს” შემდეგ, მან თამაში ავსტრალიურ “სიდნეიშიც” მოასწრო.

გიორგი მელქაძე

0.117295