მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ელ კლასიკოში" (3:1) გამარჯვების შემდეგ აღნიშნა, რომ “სამეფო გუნდს” კატალონიის "ბარსელონასთან" ყველაფერი გამოუვიდა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და ეს შევძელით. ჩვენი სათამაშო ფილოსოფია ბოლომდე გამოვიყენეთ და ყველაფერი გამოგვივიდა.
ამ მატჩში მეტის მიღწევაც შეიძლებოდა. ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ჩემი გუნდი უმაღლეს განწყობაზე იყო, ბუნებრივად, შემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ბურთზე კონტროლი დავაწესეთ. ისკომ ბეილი ჩაანაცვლა, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ესპანელმაც დიდებული სამუშაო შეასრულა.
მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ, მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ, დასასვენებლად მხოლოდ ორი სრული დღე გვქონდა" - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
მადრიდის "რეალს" ამ გამარჯვებით 21 ქულა დაუგროვდა და პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილის ლიდერ "ბარსელონასთან" მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.