ფეხბურთი

23:46 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გურულებმა აჭარლები ჩამოიტოვეს

შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპული ლანჩხუთის ,,გურიას” ფეხბურთელის ნიკა კილაძის ხსოვნას.

მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მე-2 წუთზე აჭარლებს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც მიეცათ. მასპინძლები საკუთარი კარის სიახლოვეს დაჯარიმდნენ. სტანდარტული მუჯირმა შეასრულა. მისი გამოზომილი დარტყმის შემდეგ, ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. აღსანიშნავია, რომ თავისი კარიერის დასაწყისში ეროვნულ ჩემპიონატში პირველი გოლი მუჯირმა სწორედ ლანჩხუთელებს გაუტანა. მას შემდეგ 22! წელიწადი გავიდა და აჭარელთა უბერებელი კაპიტანი კვლავ ბათუმელთა ლიდერია. მომდევნო სახიფათო მომენტი სტუმრებმა ორი წუთის შემდეგ შექმნეს. ჩირიკაშვილი მარცხენა ფრთიდან ხელსაყრელ პოზიციაზე გადიოდა, მაგრამ ბოლო მომენტში მას მეგრელიშვილი ჩაუწვა და ბურთი პირით ხაზს იქით მოიგერია. მუჯირის ჩაწოდებულ კუთხურს მეტოქის საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ მცველებმა იმარჯვეს და სიტუაცია განმუხტეს. მე-10 წუთზე აჭარლებმა კიდევ ერთი მწვავე შეტევა განავითარეს. მუჯირმა დიაგონალური პასით ჭკუასელი ფლანგზე გაიყვანა, რომელმაც მოედნის კიდემდე ირბინა და გამჭოლი გადაცემა განახორციელა, ამჯერადაც მცველებმა იყოჩაღეს და ხიფათი უვნებელყვეს.

ტაიმის შუაწელიდან მასპინძლებიც გამოცოცხლდნენ და პირველივე სახიფათო შეტევის შემდეგ გოლის გატანაც მოახერხეს. მიქაბერიძე-კვერენჩხილაძე-მიქაბერიძის სამსვლიანი კომბინაცია ამ უკანასკნელის დარტყმით და მეტოქის კარის დალაშქვრით დამთავრდა, თუმცა ასისტენტს უკვე თამაშგარე დაეფიქსირებინა...

ამის შემდეგ გურულები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. შალამბერიძე მარჯვენა ფრთაზე რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტდა და საჯარიმოში შევარდნილ მიქაბერიძისკენ მაღლივი ჩაწოდება განახორციელა, რომლის თავური დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. მიქაბერიძეს მონდომება მესამე ცდაზე დაუფასდა. 33-ე წუთზე იგი მარცხენა ფრთიდან საჯარიმიში შეიჭრა და მისი შეჩერება მგელაძემ მხოლოდ აკრძალული ილეთის ხარჯზე მოახერხა. ნონიკაშვილმა ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტი შალამბერიძემ დიდოსტატურად შეასრულა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი და ბათუმელთა გოლკიპერი კარის სხვადასხვა კუთხეში აღმოჩნდნენ -1:0.

ამის შემდეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. ანგარიშის გათანაბრების კარგი შესაძლებლობა ჰქონდა მუჯირს, თუმცა მისი ძლიერი გასროლა არაზუსტი გამოდგა. საპასუხო შეტევაში დუბლის გაკეთება მართებდა შალამბერიძეს, მაგრამ მის დარტყმულს წინ მამინაშვილი აღუდგა. ტაიმის უკანასკნელ წუთზე შონიასაც ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, თუმცა ზუხბაიაც უშეცდომოდ გაისარჯა და თავისიანები აშკარა ხიფათისგან იხსნა.

შეხვედრის მეორე ნახევარი სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა. ბათუმლები დანებებას არ აპირებდნენ, მაგრამ მათი შეტევები საკმაოდ სწორხაზოვანი იყო, ქაოტურ ხასიათს ატარებდა და რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. სტუმრებს ვერც შეცვლაზე შესულმა გამოცდილმა მიხეილ კაკალაძემ უშველა. ისინი ისევ უსისტემოდ უტევდნენ და მათი იერიშების მოგერიება გურულთა მცველებისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. რაც დრო გადიოდა აჭარლებს შეტევის განხორციელება უფრო და უფრო უჭირდათ. აშკარად ჩანდა, რომ მატჩის ბოლოსთვის მასპინძლებს მეტი ძალა შერჩენოდათ და შეხვედრის უკანასკნელ წუთზე თამაშში ახლად ჩართულ ინგოროყვას მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა გურულები უფრო შთამბეჭდავი ანგარიშით გაიმარჯვებდნენ.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

თეიმურაზ ლორია (,,გურია”) - ,,ბათუმლებთან თამაში ყოველთვის რთულია. ბიჭებმა მოინდომეს და დადებითი შედეგიც მივიღეთ. დიდი მადლობა მათ ამისათვის.”

ასლან ბალაძე (,,დინამო”) - ,,თანაბარი თამაში იყო და წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. პირველი ტაიმი სულაც ჩვენი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ მწვავედ ვეღარ შევუტიეთ. ამ მხრივ ბევრი სამუშაო გვაქვს. .”

,,გურია” (ლანჩხუთი) – ,,დინამო” (ბათუმი) 1:0 (1:0)
25 ოქტომბერი. 15.00. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე’’. 1000 მაყურებელი.

,,გურია”: ზუხბაია, ჟვანია, გოგიაშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, გაბრიჩიძე (ე. კილაძე 75), ჯოჯუა, შალამბერიძე (წილოსანი 86), მიქაბერიძე, კოშკაძე (კ) (ინგოროყვა 84), კვერენჩხილაძე;

მთ. მწვრთნელი: თემურ ლორია

,,დინამო”: მამინაშვილი, ქორიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, სუხიაშვილი, ვარშანიძე (მ. კაკალაძე 59), შონია, ჩირიკაშვილი, ჭკუასელი (დიასამიძე 59), ა. მუჯირი (კ), ტატანაშვილი;

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

ოლი: 1:0 შალამბერიძე (33 პენ.);

გაფრთხილება: მიქაბერიძე (39), ტეტუნაშვილი (60);

არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი

0.29626