რაგბი

0:19 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელებმა რკინიგზელები ჩამოიტოვეს

დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში აჭარლებმა თბილისის "ლოკომოტივს“ "ანგისაზე“ უმასპინძლეს. მოხდა ისე, რომ ზღვისპირელებმა ყველა თამაში პრაქტიკულად სტუმრად გამართეს. მართალია ისინი ერთხელ მასპინძლის სტატუსით ,,ლელოს“ დაუხვდნენ, მაგრამ შეხვედრა ფოთში ,,მალთაყვის“ სტადიონზე გაიმართა და ბათუმელებმა მატჩი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან პირწმინდად დათმეს - 0:20. შემდეგ ქუთაისელთათვის უნდა ემასპინძლათ, თუმცა შეხვედრა 22 ნოემბრისთვის გადაიდო.

აქედან გამომდინარე საინტერესო იყო როგორ წარსდგებოდნენ ბათუმელები საკუთარი მაყურებლის წინაშე, თანაც მატჩს დიდი დატვირთვა ჰქონდა - პრემიალური ქულით გამარჯვების შემთხვევაში ისინი უშუალო მეტოქეს გადაუსწრებდნენ.

თამაში მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს. სტუმრები საკუთარი ლელოს მისადგომებთან დაჯარიმდნენ და ბახვა კობახიძემ ზუსტი დარტყმით ბათუმლები დააწინაურა - 3:0.

რკინიგზელებმა დიდხანს არ გვალოდინეს და სამ წუთში ვახო კავთიძემ ასევე საჯარიმო დარტყმით თანაფარდობა აღადგინა. ამის შემდეგ თბილისელებს რაღაც დაემართათ. ისინი აირივნენ და ბავშური შეცდომების დაშვება დაიწყეს, რითაც კარგად ისარგებლეს ზღვისპირელებმა და ზედიზედ რამდენიმე შედეგიანი შეტევა განავითარეს.

მე-14 წუთზე ბათუმელთა მორკინალებმა რამდენიმე დარტყმით მეტოქის 22 მეტრიან ზონაში შეაღწიეს, შემდეგ მოლი ააგორეს და აზალაძემ ბურთი ჩათვლის მოედანში შეიტანა. კობახიძემ რეალიზაცია ზუსტად გარდასახა - 10:3.

მიღწეულმა წარმატებამ აჭარლებს ფრთები შეასხა და მომდევნო 15 წუთი მათი სრული უპირატესობით წარიმართა. მე-18 წუთზე ბათუმლებმა დაახლოებით იგივე კომბინაცია გაითამაშეს, რომლის დასრულების ფაზაში გიგაშვილმა იყოჩაღა. კობახიძეს რეალიზაციის გამოყენება არც ამჯერად გასჭირვებია - 17:3. სამ წუთში ზღვისპირელებმა მრავალფაზიანი იერიში განავითარეს, ბოლოს შეტევის მიმართულება შეცვალეს და ბურთი მინდვრის კიდეზე გაგოშვილს შეაყოლეს, რომელიც მეტოქეს დაუსხლტდა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. საკმაოდ რთული მდგომარეობიდან კობახიძეს რეალიზაცია გაუცუდდა - 22:3.

25-ე წუთზე რკინიგზელებმა კიდევ ერთი მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს. შეტევის დროს სრულიად უწყინარ სიტუაციაში ბურთი თხელიძეს გადაულოცეს. ბათუმელთა შერკინების შემკვრელმა მეტოქის ნობათით ისარგებლა, დაახლოებით 50 მეტრი ეულად ირბინა და ბურთი კარის ძელებს შორის დაამიწა. კობახიძემ იოლი გარდასახვით თავისიანები კიდევ უფრო დააწინაურა - 29:3.

ნახევარი საათის მიწურულს მდგომარეობა მოედანზე რადიკალურად შეიცვალა. ძნელი ასახსნელია რა მოხდა. ან რკინიგზელები გამოვიდნენ კოშმარიდან ან აჭარლებმა პრემიალური ქულა ჯიბეში დაიგულეს და მოეშვნენ. ფაქტი ერთია, რომ პირველი ტაიმის დარჩენილი დრო დედაქალაქელთა სრული უპირატესობით წარიმართა. საფიქრებელია, რომ ამას ხელი აზალაძის გასინბინებამაც შეუწყო.

30-ე წუთზე რკინიგზელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს, კაცნაკლულ მეტოქეს მთელი ძალით მიაწვნენ და ჩათვლის მოედანზე შეათრიეს. ბურთი სულ ერთი წუთის წინ შეცვლაზე შესულმა ახვლედიანმა დაამიწა. კარის წინ დანიშნული რეალიზაცია კავთიძემ უშეცდომოდ შეასრულა - 29:10.

სტუმრები არც ამის შემდეგ შეჩერებულან და მონდომება მალევე დაუფასდათ. 36-ე წუთზე თბილისლებმა ხელსაყრელი ჯარიმის დარტყმაზე უარი განაცხადეს და ბურთი პირით ხაზს იქით გადაიტანეს. შემდეგ საკუთარი აუტი მოიგეს, მიძალებაში მეტოქე ამჯერადაც დაჩაგრეს და ცარიელ ზონაში ბურთი ჭინჭარაულს გამოუტანეს. დედაქალაქელთა მგეზავმა თანაგუნდელების წამოწყებული კომბინაცია ლელოში შერბენით დააგვირგვინა. რეალიზაციის გარდასახვისას კავთიძე ამჯერადაც ზუსტი გახლდათ - 29:17.

შეხვედრის მეორე ნახევარი რკინიგზელთა უპირატესობით გაგრძელდა, თუმცა მატჩის განახლებისთანავე კობახიძემ ზუსტი საჯარიმო მიითვალა - 32:17. თბილისლები ბევრს მოძრაობდნენ, იერიშის მიმართულებასაც ხშირად ცვლიდნენ, მაგრამ შეტევის ბოლო ფაზის დაგვირგვინებას ვერ ახერხებდნენ. აჭარლები საკუთარ ჩათვლის მოედანს მტკიცედ იცავდნენ და მეტოქეს შიგ შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

68-ე წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთი მიამიტური შეცდომა დაუშვეს. საკუთარი 5 მეტრიანი ზონიდან ბურთის მოგერიების დროს ერთ-ერთ რკინიგზელს ალიქაძემ დაუფარა და ბურთი კარის ძელებს შორის დაამიწა. კობახიძემ თანაგუნდელები ამჯერადაც არ გააწბილა - 39:17.

მატჩის გამარჯვებულის ვინაობა უკვე ეჭვს აღარ იწვევდა. რადგან ამ დროისთვის ლელოების ანგარიში - 5:2 გახლდათ, გასარკვევი მხოლოდ ის რჩებოდა შეძლებდნენ თუ არა აჭარლები მეტოქეზე სამით მეტი გატანილი ლელოს შენარჩუნებას და ამ გზით პრემიალური ქულის მოპოვებას.

დედაქალაქელებმა შეხვედრის მთელი დარჩენილი დრო ზღვისპირელთა ჩათვლის მოედანთან გაატარეს. მათ რამდენჯერმე ხელსაყრელი საჯარიმოს დარტყმაზე უარი განაცხადეს და ხელდახელ თამაშით ლელოს დადება სცადეს, თუმცა აჭარლები თავს მედგრად იცავდნენ და მათთვის სასურველი ანგარიში მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს, არბიტრის საფინალო სასტვენმა ბათუმელთა პრემიალური ქულით გამარჯვება დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი’’ ორივე გუნდის მწვრთნელს გაესაუბრა:

დავით გუგუშვილი (,,ბათუმი’’) - ,,შეხვედრა კარგად დავიწყეთ და დიდი უპირატესობაც გვქონდა, თუმცა ბიჭებმა თამაში უკვე მოგებულად ჩათვალეს და მოეშვნენ, რისთვისაც კინაღამ დავისაჯეთ. თითქმის აღებული პრემიალური ქულა მძიმე ბრძოლაში ხელმეორედ მოსაპოვებელი გაგვიხდა.“

დავით ჩავლეიშვილი (,,ლოკომოტივი“) - ,,პირველ ყოვლისა ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. ბავშვური შეცდომები დავუშვით და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.“

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. IX ტური.

15 ნოემბერი. შაბათი. ბათუმი. ,,ანგისა“. 14:00 საათი. 200 მაყურებელი.

,,ბათუმი“ (ბათუმი) - ,,ლოკომოტივი“ (თბილისი) 39:17 (29:17)

,,ბათუმი“: 15. კობახიძე, 14. მიმინოშვილი (ევგენიძე 73), 13. გაგოშვილი, 12. თ. თუთბერიძე, 11. კვერნაძე (ნინიძე 77), 10. ოდიშარია, 9. ზაბახიძე (ზ. თუთბერიძე 72), 1. ერისთავი (ხოჭოლავა 50), 2. გიგაშვილი, 3. კელენჯერიძე (დავითაძე 60), 4. ხელაძე, 5. აზალაძე, 6. ცირეკიძე 7. ალიქაძე (კ) (კორტავა 72), 8. თხელიძე;

5 ლელო: აზალაძე, გიგაშვილი, გაგოშვილი, თხელიძე, ალიქაძე;

4 გარდასახვა: კობახიძე (4);

2 ჯარიმა: კობახიძე (2);

2 სინბინი: აზალაძე, ცირეკიძე;

მწვრთნელი : დავით გუგუშვილი;

,,ლოკომოტივი“: 15. კალანდაძე, 14. ბიწაძე, 13. ჭურღულია, 12. კავთიძე (კ), 11. ჩიტიძე (ქავთარაძე 55), 10. ჭინჭარაული, 9. კლიმიაშვილი (დავითაშვილი 73), 1. ბეჟუაშვილი (დ. გასვიანი 58), 2. გენებაშვილი (ელოშვილი70), 3. ბალიაშვილი (მაღალთაძე 72), 4. გეგია, 5. ცუხიშვილი (კვანტიძე 70) , 6. ფოფხაძე (ახვლედიანი 27), 7. ბერიშვილი, 8. ფ. გასვიანი;

მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი;

2 ლელო: ახვლედიანი, ჭინჭარაული;

2 გარდასახვა: კავთიძე (2);

ჯარიმა: კავთიძე;

მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი;

მთ. მსაჯი: შოთა თევზაძე

თ/მ: თორნიკე გვირჯიშვილი, მიშა მასხარაშვილი

ვახტანგ დათიაშვილი

ავტორის ფოტოები

0.133845