კალათბურთი

20:56 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ ჟღენტი: “გუნდიდან ისე გამიშვეს, უფროსობიდან არავინ დამლაპარაკებია”

2014-15 წლების საკალათბურთო სეზონის დაწყების წინ სუპერლიგის მონაწილე 8 გუნდიდან ოთხში (“რუსთავი”, “ოლიმპი”, “მგზავრები-არმია”, “შსს აკადემია”) მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. “მსოფლიო სპორტი” ერთ-ერთი მათგანის, “შსს აკადემიას” აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს, არჩილ ჟღენტს ესაუბრა, რომელიც კოტე ტუღუშმა შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ტუღუში “შსს აკადემიაში” გადასვლამდე “არმიას” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

- რა გახდა “შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან თქვენი გათავისუფლების მიზეზი?

- გადმოცემით გავიგე, რომ “შსს აკადემიას” ხელმძღვანელობა უკმაყოფილო ყოფილა 23-ე ეროვნულ ჩემპიონატში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით, ანუ მე-5 ადგილით, რომელიც “შსს აკადემიამ” დაიკავა.

- 23-ე ეროვნული ჩემპიონატის დაწყების წინ “შსს აკადემიას” ხელმძღვანელობამ რა შედეგის მიღწევა დაგისახათ მიზნად?

- “შსს აკადემიამ” 2013-14 წლების სეზონი სერბი მთავარი მწვრთნელის, დრაგან პეტრიჩევიჩის ხელმძღვანელობით დაიწყო, რომელმაც გუნდი პირადი სურვილით 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე 3 ტურით ადრე დატოვა. “შსს აკადემიას” მთავარ მწვრთნელად გუნდიდან პეტრიჩევიჩის წასვლის შემდეგ დავინიშნე, რომელიც 9 გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზე იმყოფებოდა, აუტსაიდერთა შორის მყოფ გუნდს მიზნად ხუთეულში მოხვედრა დაგვისახეს და შევასრულეთ კიდეც. რატომ დარჩა გუნდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო, ჩემთვის გაურკვეველია.

- “შსს აკადემაის” ხელმძღვანელობასთან თუ ისაუბრეთ გუნდში მსალოდნელი ცვლილებების შესახებ?

- უფროსობიდან არავინ დამკავშირებია. “შსს აკადემიაში” სხვადასხვა თანამდებობაზე 5 წელი ვიმუშავე და მე მგონი ვიმსახურებდი აეხსნათ ჩემთვის, რა იყო გუნდიდან გაშვების მიზეზი.

- ვისგან გაიგეთ რომ გუნდიდან გიშვებდნენ?

- ჩემი შემცვლელის, კოტე ტუღუშიდან.

- “შსს აკადემიადან” თქვენს გარდა სხვებიც ხომ არ გაუშვიათ?

- გუნდიდან გაუშვეს ექიმი ზურაბ იოსელიანი და გამოცდილი მწვრთნელი ვაჟა ჭკუასელი, რომელიც ბავშვებთან მუშაობდა. ამ ცვლილების გამო 100-მდე ბავშვი ქუჩაში დარჩა.

- “შსს აკადემიას” ასაკობრივებში გუნდი აღარ ჰყავს?

- გააუქმეს 14, 16 და 20 წლამდელთა გუნდები. დარჩა მხოლოდ 18 წლამდელთა გუნდი, რომელსაც გიორგი ნიკოლაძე ხელმძღვანელობს.

- ახლა რას საქმიანობთ?

- არაფერს, ვზივარ სახლში.

0.115785