საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ბერძნულ რადიო “ატლეტიკ 102,4” საუბარში განაცხადა, რომ გიორგი ლორიას თავის ქვეყანაში ძალიან აწყენინეს და მას ამჟამად საბერძნეთი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს.
ქეცბაია ათენში “პანათინაიკოსი” – ოფი-ს მატჩს (1:2) დაესწრო და თავდაპირველად კომენტარი ხსენებულ დაპირისპირებაზე გააკეთა:
“ოფი მოედანზე კარგად იდგა. “პანათინაიკოსი” კარგად შეისწავლა და ოთხ შეტევაში ორი გოლი გაიტანა. ფეხბურთში მთავარი ესაა. რა თქმა უნდა, “პანათინაიკოსი” უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ოფი-ს პრობლემები ვერ შეუქმნა. ფეხბურთში ის იგებს ვინც უფრო ეფექტურია და არა ვისაც ბურთი აქვს”.
“ამ მოთამაშეს საქართველოში აწყენინეს. ვერ წარმოიდგენთ, ლორიას ხალხი საქართველოს დატოვებას როგორ თხოვდა. საქართველოს ჩემპიონატი არაკონკურენტუნარიანია და ლორიას წაყვანა ბევრ გუნდს სურდა. ბოლოს და ბოლოს, “დინამო” რომ ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა, ლორიაც გათავისუფლდა. ოფი-ს პრეზიდენტს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ჯენარო გატუზო თავის ყოფილ თანაგუნდელს კალაძეს დალაპარაკებოდა ლორიას თაობაზე. მიხარია, რომ მე და კალაძეს დაგვიჯერეს. ლორიას ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში და არა მხოლოდ საბერძნეთში. ჩემთვის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ის საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა. მას წასვლა დააგვიანდა, რადგან საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელები რეკლამირებული არ არიან. მას საქართველოს ნაკრებისთვის უფრო მეტის გაკეთება შეუძლია და მრავალი წლის განმავლობაში ეროვნული გუნდის კარის დაცვა შეუძლია”, - თქვა ქეცბაიამ.
საქართველოს ნაკრების თავკაცმა მერებაშვილის თაობაზე შემდეგი განაცხადა:
“მერებაშვილი კვალიფიციური მოთამაშეა და მან შესაბამისი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. მიხარია, რომ ოფი-ში ჩატარებულ პირველ მატჩში გოლი გაიტანა და გუნდა დიდი გამარჯვება მოაპოვებინა. კარგად დაიწყო და იმედია ასე გააგრძელებს. ოფი-ში კარგი თამაში ნაკრებში დაბრუნებაში დაეხმარება”.
ქეცბაიამ ოფი-ს მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოზეც ისაუბრა:
“გატუზო მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო და ყველა ტიტული მოიგო. ლოგიკურია, რომ საბერძნეთში ყურადღების ცენტრშია. ის ძალიან ბევრს მუშაობს და იცის სამი ქულის მოსაპოვებლად გუნდმა როგორი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. არავის ემახსოვრება ოფი კარგად ითამაშა თუ ცუდად, მთავარი სამი ქულაა”.
ნაკრების დამრიგებლის აზრით, საქართველოში ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც საბერძნეთის ლიგაში კარგად თამაში შეუძლიათ:
“საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებიც საბერძნეთში კარგ დონეზე ითამაშებდნენ. ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგ ქვეყანაში, ლიგაში და პირობებში ითამაშოს. საქართველოში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელზე ვსაუბრობ, რომლებიც საზღვარგარეთ წასვლით ნაკრებსაც დაეხმარებიან”.
ქეცბაია ფიქრობს, რომ საბერძნეთის ჩემპიონატის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია:
“საბერძნეთის ლიგის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია. როდესაც მე ვთამაშობდი, პატარა გუნდებშიც კი, კარგი ფეხბურთელები იყვნენ. სამწუხაროდ, ეკონომიკური კრიზისი ბერძნული ფეხბურთის განვითარებას ხელს უშლის”.