საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ტრავმის გამო მე-2 წინასასეზონო მატჩი გამოტოვა. ქართცელი ცენტრი “მინესოტა ტიმბერვულვზთან” წაგებული (91:110) თამაშის განაცხადში კი გახლდათ, თუმცა, მოედანზე არ გასულა.
მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია “ბაქსის” კიდევ ერთ ცენტრ ლარი სანდერსს, მილუოკელთა სასტარტო ხუთეულის ოთხმა წევრმა კი ჯამში მხოლოდ 12 (!) ქულა ჩააგდო. ერთადერთი, ვინც ღირსეულად გამოიყურებოდა, გუნდის ახალწვეული ჯაბარი პარკერი გახლდათ, ვინც 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
ისიც ვთქვათ, რომ ბრენდონ ნაიტმა და იანის ანტეტოკოუნმპომ ჯამში 15 ტყორცნა განახორცილეს და 15-ვე (!) ააცილეს. სათადარიგოთაგან 14 ქულა მიითვალა ნეიტ ვოლტერსმა, ერიკ მიკაელმა, ერსან ილიასოვამ და ო ჯეი მაიომ კი 11-11 ქულა ჩააგდეს.
“ბაქსმა” საგამოფენო მატჩები უარყოფითი ბალანსით (3 მოგება, 4 მარცხი) დაასრულა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალ სეზონს კი 29 ოქტომბერს შარლოტში, “ჰორნეთსთან” თამაშით გახსნის.