ტაშკენტის “ფახთაქორი”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს, უზბეკეთის ჩემპიონატში გალიდერდა.
ტაშკენტელებმა სტუმრად თანაქალაქელი “ლოკომოტივი” 3:1 დაამარცხეს, ხოლო ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. “ფახთაქორი” 14 გუნდიან ჩემპიონატს 60 ქულით ლიდერობს და “ლოკომოტივს” სამი ქულით სჯობს, თან ერთი თამაშით ნაკლები აქვს. მახარაძე 7 გატანილი გოლით ტაშკენტელთა საუკეთესო ბომბარდირია.
ესტონეთის თასის 1/8-ფინალში ტალინის “ფლორამ” შინ ქვედალიგელი “საუე” 11:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი სათადარიგო იყო, მაგრამ არ უთამაშია.