კალათბურთი

14:09 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლატვიამ არჩევანი ესტონეთზე გააკეთა

2015 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის შესახებ სულ ახალ-ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სამწუხაროდ, ფიბა-ევროპა ძალიან ზარმაცობს და მომავალი ტურნირის შესახებ ცნობებს მწირად ავრცელებს, არადა, სხვადასხვა ვებ-გვერდებზე უკვე ვხვდებით ინფორმაციას ევრობასკეტ-2015-ის წილისყრის ჩატარების თარიღის, კალათების შემადგენლობის და სხვა დეტალების შესახებ, ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანიზაცია ჯიუტად ოფიცილურ დასტურს არაფერზე იძლევა.

წილისყრის წინ გუნდების კალათებში გადანაწილების შესახებ ადრეც მოგახსენეთ. კიდევ ერთხელ გავიაროთ. 8 დეკემბერს პარიზში დაგეგმილი პროცედურის წინ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბოლოსწინა მე-5 კალათაში იქნება განთესილი. ამავე კალათაში იმყოფება გერმანიაც, რაც იმის მომასწავებელია, რომ პირველ ეტაპზე ქართველი კალათბურთელების ბერლინში თამაში გამოირიცხა.

ამდენად, რჩება 3 ვარიანტი – მონპელიე (საფრანგეთი), ზაგრები (ხორვატია) და რიგა (ლატვია). უფრო მეტიც, უკვე ცნობილია, რომ ჩვენს ნაკრებს მეტოქედ ვერც თურქეთი ერგება, რომელიც გერმანელებმა პარტნიორ ქვეყნად აირჩიეს.

ეს ფიბა-ევროპას კიდევ ერთი ნოვაციაა, რომლის არსიც შემდეგშია. ევროპირველობის მასპინძელ ქვეყნებს, რომლებიც, როგორც იცით, ოთხნი არიან, უფლება მიეცათ, ტურნირის უკეთ ორგანიზებისთვის, ფინალისტთაგან ერთ-ერთი კალათბურთის ფედერაცია შეერჩიათ და შესაბამისად, იმ ქვეყნის ნაკრებიც მათ ჯგუფში მოხვდებოდა.

შედეგად, ხორვატიამ მეზობელი სლოვენია აირჩია, საფრანგეთმა კი ფინელები მიიწვია. ადრე იმასაც ვიუწყებოდით, რომ ლატვიამ არჩევანი ლიტვაზე შეაჩერა, თუმცა, ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, რიგაში კიდევ ერთი ბალტიისპირული ქვეყნის – ესტონეთის წარმომადგენლები ჩავლენ.

აი, როგორ ახსნა აღნიშნული გადაწყვეტილება ლატვიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალდის ვოინსმა:

“ცხადია, ჩვენი ნება რომ ყოფილიყო, ვისურვებდით, რიგაში ეთამაშათ როგორც ლიტვას, ასევე – ესტონეთს. ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრეთ და საბოლოოდ, ესტონეთზე შევჩერდით. მოგეხსენებათ, ლიტველები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტებად მოიაზრებიან და ისინი აქცენტს უფრო პლეი-ოფზე აკეთებენ, ამდენად, შესაძლოა, ლატვიაში მათი ბევრი ქომაგი არც ჩამოსულიყო.

სხვა სიტუაციაა ესტონელებთან დაკავშირებით. მათთვის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში იშვიათი მოვლენაა. ტურნირს უდიდესი ენთუზიაზმით ელიან და უკვე გვითხრეს, რომ თითოეულ ჯგუფურ მატჩზე 3 ათასი ბილეთის აღება სურთ.

ამას გარდა, ახალი ფორმატიდან გამომდინარე, შესაძლოა, ლიტვას ჩვენს ჯგუფში მაინც მოხვდეს. ამის შანსი ხომ 50/50-ზეა. პირველი კალათიდან ან ლიტვა გვერგება, ან – ესპანეთი. ესტონეთი კი ბოლო კალათაშია, საიდანაც, შესაძლოა, ნებისმიერი მეტოქე ამოსულიყო, ამგვარად, შანსი 25% გახლდათ”.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ განთესვის მიხედვით, წილისყრის წინ, 24 ფინალისტი ექვს ოთხგუნდიან კალათაშია გადანაწილებული. პირველი კვარტეტი გასული ევრობასკეტის ნახევარფინალისტებმა შეადგინეს. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშევი გუნდები და ისინი მოდიან, რომელთაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

1-ლი კალათა: ხორვატია, საფრანგეთი, ლიტვა, ესპანეთი.

მე-2 კალათა: სერბეთი, სლოვენია, უკრაინა, ფინეთი.

მე-3 კალათა: საბერძნეთი, ლატვია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი.

მე-4 კალათა: იტალია, პოლონეთი, ბელგია, მაკედონია.

მე-5 კალათა: გერმანია, ისრაელი, ჩეხეთი, საქართველო.

მე-6 კალათა: რუსეთი, ჰოლანდია, ისლანდია, ესტონეთი.

0.132643