ჩემპიონთა ლიგაზე დღეს გასამართი 8 დაპირისპირებიდან ყველაზე დიდ ინტერესს “ლივერპულისა” და “რეალის” მატჩი იწვევს, რომელიც ინგლისში გაიმართება. მადრიდულ გუნდს მეტოქესთან ძველი ანგარიშები აქვს გასასწორებელი – “რეალს” “ლივერპულისთვის” არათუ არ მოუგია, მეტოქის კარში გოლიც კი არ გაუტანია.
A ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-იუვენტუსი
პირველ ჯგუფში, 2 ტურის შემდეგ, სიტუაცია უკიდურესადაა დაძაბული. ოთხივე გუნდს აქტივში 3-3 ქულა აქვს. ბურთების უარესი შეფარდების მქონე “ოლიმპიაკოსი”, დღეს, ერთ-ერთ ფავორიტს, “იუვენტუსს” უმასპინძლებს.
“ოლიმპიაკოსმა”, მე-2 ტურში “მალმიოსთან” წაგების შემდეგ, საბერძნეთის ჩემპიონატში ერთი თამაში ჩაატარა და “ეგროტელისი” გასვლაზე დაამარცხა.
“იუვენტუსს”, რომელიც “ატლეტიკოსთან” უქულოდ დარჩა, იტალიის ჩემპიონატში რთული მატჩები ჰქონდა. ტურინელებმა “რომა” დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს, ხოლო გასულ უქმეებზე, მათ “სასუოლოსთან” ქულები დაკარგეს. ამ თამაშში, “იუვენტუსმა” მოგებათა 13-მატჩიანი სერია შეწყვიტა.
“ოლიმპიაკოსსა” და “იუვენტუსს” ურთიერთდაპირისპირების არცთუ მცირე ისტორია აქვთ, მაგრამ მათი ბოლო შეხვედრიდან 10 წელზე მეტი გავიდა. ბერძნულ კლუბს ტურინელებთან მხოლოდ ერთი მოგება აქვს, ისიც სტუმრად. საკუთარ კედლებში ჩატარებული 4 შეხვედრიდან “ოლიმპიაკოსმა” 2 ფრედ დაასრულა და ორიც წააგო.
“იუვენტუსი” საბერძნეთს ტრავმირებული ბარძალისა და კასერესის გარეშე ეწვია. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლიორენტეს თამაშიც. მასპინძელთა მხრიდან მსგავს სიტუაციაში სიოვასი და ბენიტესი არიან.
- “ოლიმპიაკოსმა”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 4 საშინაო თამაში მოიგო;
- “ოლიმპიაკოსმა”, იტალიური გუნდი საკუთარ კედლებში ბოლოს 1979 წელს დაამარცხა. მას შემდეგ, ბერძნებმა იტალიელებს 6-ჯერ უმასპინძლეს და ვერცერთხელ მოუგეს;
- “იუვენტუსმა”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 5 გასვლითი თამაშიდან 1 ფრედ დაასრულა და 4 წააგო.
სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი (4-3-3): რობერტო, ელაბდელაუი, ბოტია, აბიდალი, მასუაკუ, მანიატისი, მილივოიევიჩი, ნდინგა, კაზამი, მიტროღლუ, აფელაი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ოგბონა, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, პოგბა, პირლო, ვიდალი, ევრა, ტევესი, კომანი.
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).
ატლეტიკო-მალმიო
ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტმა ჯგუფური ეტაპი “ოლიმპიაკოსთან” მარხით დაიწყო, მაგრამ “იუვენტუსთამ” მოგებით სიმეონეს შეგირდებმა მდგომარეობა გამოისწორეს. დღეს, მადრიდელები “მალმიოს” მასპინძლობენ და 3 ქულის აღების შემთხვევაში, შესაძლოა, ერთპიროვნული ლიდერებიც გახდნენ.
მე-2 ტურში “იუვენტუსთან” მარცხის შემდეგ, “ატლეტიკო” “ვალენსიას” ეწვია და პირველ 13 წუთში 3 გოლის გაშვების გამო 1:3 დამარცხა. გასულ უქმეებზე, მადრიდელებმა “ესპანიოლი” 2:0 დაამარცხეს.
ჩემპიონთა ლიგის წინა ტურის შემდეგ შიდა ჩემპიონატში გამართულ ორ მატჩში 3 ქულა აიღო “მალმიომაც”, რომელმაც ჯერ მოიგო და შემდეგ საკუთარ კედლებში წააგო.
“ატლეტიკო” და “მალმიო” ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდებიან. 1966 წელს, ჩემპიონთა თასის პირველ ეტაპზე, მადრიდულმა გუნდმა ორივე თამაში მოიგო, სტუმრად 2:0 და შინ 3:1.
მასპინძელთა რიგებში მცირე ტრავმები აწუხებთ კორეასა და ტიაგოს, ხოლო სტუმრების მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჰალსტის, იოჰანსონის, ელანდერისა და ბლომქვისტის თამაში.
- “ატლეტიკომ”, ევროტურნირებზე ჩატარებული ბოლო 20 საშინაო თამაშიდან 18 მოიგო;
- “მალმიომ”, სტუმრად ზედიზედ 5 მატჩში ვერმოგების შემდეგ, ბოლო 2 თამაშში იმარჯვა.
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): მოია, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ანსალდი, ნიგესი, გაბი, კოკე, თურანი, მანჯუკიჩი, გარსია.
მალმიო (4-4-2): ოლსენი, ტინერჰოლმი, ელანდერი, იოჰანსონი, რიკარდინიო, ერიკსონი, ჰალსტი, ადუ, ფორსბერგი, როზენბერგი, ტელინი.
მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია).
1. | იუვენტუსი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:1 | 3 | |
2. | ატლეტიკო | 2 | 1 | 0 | 1 | 3:3 | 3 | |
3. | მალმიო | 2 | 1 | 0 | 1 | 2:2 | 3 | |
4. | ოლიმპიაკოსი | 2 | 1 | 0 | 1 | 3:4 | 3 |
B ჯგუფი
ლივერპული-რეალი
დღის ცენტრალურ დაპირისპირებას “ენფილდი” უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს B ჯგუფის ფავორიტები, “ლივერპული და “რეალი” დაუპირისპირდებიან. მადრიდული გუნდი უდანაკარგოა, ხოლო ინგლისელებმა, პირველ ორ ტურში, კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვეს და 3 ქულა გაჭირვებით აიღეს.
დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი კარგი განწყობით ხვდება. ეს, განსაკუთრებით, “რეალზე” ითქმის, რომელმაც პრიმერას ბოლო 2 თამაში ერთნაირი ანგარიშით – 5:0 მოიგო.
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის შემდეგ პრემიერლიგის ორივე შეხვედრაში იმარჯვა “ლივერპულმაც”. მერსისაიდელებმა “ვესტ ბრომვიჩს” 2:1, ხოლო “ქუინს პარკ რეინჯერსს” 3:2 სძლიეს.
დღევანდელ მატჩში “ლივერპულს” უპირატესობას ის აძლევს, რომ “რეალს”, 3 დღეში, “კლასიკო” ელის და “ბარსელონასთან” დაპირისპირების წინ, მადრიდელები, შესაძლოა, ბოლომდე არ დაიხარჯონ.
გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 3 მატჩს ითვლის. “ლივერპულმა” სამივე შეხვედრა მშრალად მოიგო. 1981 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში, ინგლისელებმა მეტოქე 1:0 დაამარცხეს. იგივე შედეგი დაფიქსირდა 2009 წელს, 1/8-ფინალში, მადრიდში გამართულ დაპირისპირებაშიც. განმეორებით მატჩში კი, მერსისაიდელებმა მეტოქე 4:0 გაანადგურეს. ასე რომ, “რეალს” რევანში სჭირდება.
“ლივერპული” მეტოქეს ტრავმირებული სუსოს, ფლენაგანისა და სტარიჯის გარეშე დახვდება. კიდევ უფრო დიდია “რეალის” დანაკლისი. მადრიდელთა ლაზარეთში აქამდე მყოფ ხესესა და კოენტრაუს სერხიო რამოსი და გარეთ ბეილიც შეემატნენ.
- “ლივერპულმა”, ესპანურ გუნდებთან ჩატარებული 14 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 4 მოიგო;
- “ლივერპულმა”, ევროტურნირებზე გამართული უკანასკნელი 18 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო;
- “რეალმა”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 7 გასვლითი თამაშიდან 5 მოიგო;
- “ლივერპულმა”, ბოლო 20 თამაშში კარი მშრალად მხოლოდ 2-ჯერ შეინახა და ორივეჯერ “ტოტენჰემთან”;
- “რეალმა”, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 თამაში მოიგო. ამ 7 მატჩში მადრიდელებმა 32 გოლი გაიტანეს;
- კრიშტიანუ რონალდუმ, პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 7 მატჩში, 15 გოლი გაიტანა და 71 წლის წინათ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა;
- “რეალმა”, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 30 გოლი გაიტანა, რაც ევროპულ წამყვან ჩემპიონატებში მოთამაშე გუნდებს შორის საუკეთესო შედეგია.
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-3-1-2): მინოლე, მანკილიო, ლოვრენი, შკრტელი, მორენო, ალენი, ჯერარდი, ჰენდერსონი, კოუტინიო, ბალოტელი, სტერლინგი.
რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო, როდროგესი, კროოსი, მოდრიჩი, ისკო, ბენზემა, რონალდუ.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).
ლუდოგორეცი-ბაზელი
“ლუდოგორეცი”, 2 ტურის შემდეგ, უქულოდაა, მაგრამ ბულგარელები ცუდად ნამდვილად არ თამაშობენ. თავიდანვე ჯგუფის აუტსაიდერად შერაცხულმა გუდმა “ლივერპულსაც” დიდი ბრძოლა გაუმართა და “რეალსაც”. “ლუდოგორეცი”, ორივე შემთხვევაში, თამაშის მიწურულს გაშვებული გოლით დამარცხდა.
ცუდ შთაბეჭდილებას არც “ბაზელი” ტოვებს. შვეიცარიელებმა გათამაშება “რეალთან” 1:5 განადგურებით დაიწყეს, მაგრამ მადრიდელთა შეტევის გათვალისწინებით, ეს სამარცხვინო სულაც არაა. სამაგიეროდ, მე-2 ტურში, “ბაზელმა” “ლივერპული” დაამარცხა.
ლიგის მე-2 ტურის შემდეგ, შიდა ასპარეზზე, ორივე გუნდმა 2-2 თამაში ჩაატარა. “ლუდოგორეცმა” 4 ქულა აიღო, ხოლო “ბაზელმა” – 3.
ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე 2013 წელსაც შეხვდნენ. ჯგუფური ეტაპის წინ გამართული ფლეი ოფის ეტაპზე, “ბაზელმა” სტუმრად 4:2, ხოლო შინ 2:0 იმარჯვა.
“ლუდოგორეცს”, ტრავმის გამო, ბართე ვერ დაეხმარება. იგივე მიზეზით ვერ ითამაშებენ “ბაზელის” ფეხბურთელები, ივან ივანოვი და ბერანგ საფარი. შვეიცარიელთა ნახევარმცველი, მარსელო დიასი კი დისკვალიფიცირებულია.
- “ლუდოგორეცს” შანსი აქვს გახდეს პირველი ბულგარული კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქულას აიღებს;
- “ბაზელმა”, ევროტურნირებზე გამართულ ბოლო ორ გასვლით შეხვედრაში 5-5 გოლი გაუშვა;
- “ლუდოგორეცმა”, მიმდინარე სეზონში ჩატარებული 22 თამაშიდან მხოლოდ 10 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი, კაისარა, ა. ალექსანდროვი, მოტი, მინევი, ესპინიო, დიაკოვი, მ. ალექსანდროვი, მარსელინიო, აბალო, ბეზიაკი.
ბაზელი (3-4-3): ვაცლიკი, შერი, სუხი, სამუელი, ქსაკა, ფრაი, დიე, ჰამუდი, ემბოლო, შტრელერი, ელ-ნენი.
მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია).
1. | რეალი | 2 | 2 | 0 | 0 | 7:2 | 6 | |
2. | ლივერპული | 2 | 1 | 0 | 1 | 2:2 | 3 | |
3. | ბაზელი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:5 | 3 | |
4. | ლუდოგორეცი | 2 | 0 | 0 | 2 | 2:4 | 0 |
C ჯგუფი
მონაკო-ბენფიკა
C ჯგუფში ძალები საკმაოდ თანაბრადაა გადანაწილებული, მაგრამ “ბენფიკა” ლიდერებს მაინც 4 ქულით ჩამორჩება. ეს ნიშნავს, რომ დღეს, პორტუგალიელებმა აუცილებლად მოგებისთვის უნდა იბრძოლონ. უქულოდ დარჩენის შემთხვევაში, ჟორჟე ჟეზუსის შეგირდებს 1/8-ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში დაბრუნება ძალიან გაუჭირდებათ.
მიმდინარე სეზონში, ორივე გუნდი არასტაბილურობით გამოირჩევა. “ბენფიკა” შიდა ჩემპიონატში თამაშს თამაშზე იგებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ქულის აღებასაც ვერ ახერხებს. “მონაკოს” კი, შეუძლია საკუთარ კედლებში “ნიცასთან” წააგოს და მომდევნო ტურში პსჟ-სთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში ქულა აიღოს.
“მონაკოს”, ტრავმების გამო, დიმიტარ ბერბატოვი და ბორხა ლოპესი ვერ დაეხმარებიან. “ბენფიკას” მხრიდან საეჭვოა სილვიოს თამაში.
- “ბენფიკამ”, ფრანგულ გუნდებთან გამართული ბოლო 7 თამაშიდან 5 მოიგო;
- “მონაკომ”, მიმდინარე სეზონში ჩატარებული 12 თამაშიდან მხოლოდ 5 მოიგო;
- “ბენფიკამ”, პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, 7 მატჩში მხოლოდ 2 ქულა დაკარგა. ლისაბონელებმა 19 გოლი გაიტანეს.
სავარაუდო შემადგენლობები
მონაკო (4-2-3-1): სუბასიჩი, ფაბინიო, რაგი, კარვალიო, კურზავა, ტულალანი, ბაკაიოკო, ჟერმენი, მოუტინიო, ფერეირა-კარასკო, ტრაორე.
ბენფიკა (4-2-3-1): მორაეში, პერეირა, ლუიზაო, ლოპესი, ელიზეუ, სამარისი, პერესი, სალვიო, ტალისკა, გაიტანი, ჟონასი.
მსაჯი: სზიმონ მარსინიაკი (პოლონეთი).
ლევერკუზენი-ზენიტი
ჯგუფში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ყოველი მოპოვებულ ქულას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, მეორე-მესამე ადგილებზე მყოფი გუნდების შეხვედრაში უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდეთ.
“ლევერკუზენს”, სეზონის ძალიან კარგი სტარტის შემდეგ, სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა. გერმანელებმა, ბოლო დროს, შედეგები გამოასწორეს და ისინი აღარ აგებენ, მაგრამ შმიდტის გუნდს მოგებაც უჭირს. ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში “ბენფიკასთან” 3 ქულის აღების შემდეგ, “ლევერკუზენმა” ბუნდელიგაში 2 ფრე ითამაშა.
“ზენიტი” დიდი ხანია დაუმარცხებელია, მაგრამ ზედიზედ 13 მოგების შემდეგ, ვილაშ ბოაშის შეგირდებმა, უკანასკნელი 3 თამაში ფრედ დაასრულეს.
შეხვედრის ერთადერთი დანაკლისი სიმონ როლფესია, რომელიც “ლევერკუზენს” დიდი ხანია ვერ ეხმარება.
- “ლვერკუზენმა”, ბუნდესლიგის გასულ ტურში, “შტუტგარტთან” 3:0 დაწინაურება მოახერხა, მაგრამ თამაში 3:3 დასრულდა;
- “ზენიტმა” ბოლო 3 თამაში ფრედ დაასრულა, აქედან ორი 0:0.
სავარაუდო შემადგენლობები
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, ჟედვაი, თორფაქი, სპაჰიჩი, ბოენიში, ბენდერი, რაინარტცი, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი, კისლინგი.
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, სმოლნიკოვი, გარაი, ლომბაერტსი, კრიშიტი, ფაიზულინი, გარსია, ჰალკი, არშავინი, დანი, რონდონი.
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).
1. | ზენიტი | 2 | 1 | 1 | 0 | 2:0 | 4 | |
2. | მონაკო | 2 | 1 | 1 | 0 | 1:0 | 4 | |
3. | ლევერკუზენი | 2 | 1 | 0 | 1 | 3:2 | 3 | |
4. | ბენფიკა | 2 | 0 | 0 | 2 | 1:5 | 0 |
D ჯგუფი
ანდერლეხტი-არსენალი
ბელგიაში ერთმანეთს “ანდერლეხტი” და “არსენალი” დაუპირისპირდებიან, რომლებიც კარგ ფორმაში ყოფნით ვერ დაიკვეხნიან. ბრიუსელელებმა, საკუთარ მოედანზე “დორტმუნდთან” განადგურების შემდეგ, ბელგიის ჩემპიონატში 2 ფრე ითამაშეს და მე-2 ადგილზე მყოფ “ბრიუგეს” სხვაობის სამ ქულამდე შემცირების საშუალება მისცეს.
“არსენალმა”, ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში, “გალათასარაი” იოლად კი დაამარცხა, მაგრამ ლონდონელებს საქმე კარგად შიდა ჩემპიონატში არ მისდით. არსენ ვენგერის გუნდმა, პრემიერლიგის ბოლო 2 მატჩში, მხოლოდ 1 ქულა აიღო.
ბელგიური გუნდი მატჩს ტრავმირებული ნ’საკალას გარეშე ხვდება, “არსენალს” კი, როგორც ყოველთვის, არაერთი ფეხბურთელი აკლია. ლონდონელებს ტრავმირებული ოსპინა, ჟირუ, დებუში, სანოგო კოსელნი და იოზილი, ასევე დისკვალიფიცირებული შჩეზნი არ ეყოლება. ლონდონელთა კარს მე-3 მეკარე დამიან მარტინესი დაიცავს, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია.
- “ანხერლეხტმა”, ინგლისურ გუნდებთან გამართული ბოლო 7 თამაშიდან 1 ფრედ დაასრულა და 6 წააგო;
- “ანდერლეხტმა”, ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაში, სამივე საშინაო შეხვედრა წააგო, გაიტანა მხოლოდ 2 და გაუშვა 11 გოლი.
სავარაუდო შემადგენლობები
ანდერლეხტი (4-2-3-1): პროტო, ნახარი, ნუიტნიკი, მანგულუ, დეშახტი, დეფური, ტილემანი, კონტე, პრაეტი, აშემპონი, მიტროვიჩი.
არსენალი (4-1-4-1): მარტინესი, ბელერინი, ჩემბერსი, მერტეზაკერი, გიბსი, ფლამინი, სანჩესი, უილშერი, კასორლა, ჩემბერლენი, უელბეკი.
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).
გალათასარაი-დორტმუნდი
“დორტმუნდს”, როგორც ჩანს, აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე აქვს გაკეთებული. იურგენ კლოპის გუნდი, ბუნდესლიგაში, ყველასთან აგებს და გასავარდნი ზონის სიახლოვეს იმყოფება. სამაგიეროდ, დორტმუნდელები ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავენ. მათ ორივე თამაში მშრალად მოიგეს და დღეს 3 ქულის აღებას “გალათასარაისთან” შეეცდებიან, რომელიც თავს მხოლოდ 1 ქულით იწონებს.
“დორტმუნდისგან” განსხვავებით, “გალათასარაიმ” შიდა ასპარეზზე კარგად ათამაშება მოახერხა. ჩეზარე პრანდელის შეგირდებმა ბოლო 3 თამაში მოიგეს და ლიდერთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.
“გალათასარაი” და “დორტმუნდი” ერთმანეთს მეხუთედ დაუპირისპირდებიან. პირველად ეს 1997 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა, როდესაც “დორტმუნდმა” ორივე თამაში მოიგო. 2000 წელს, უეფას თასის მე-4 ეტაპზე, უფრო ძლიერი უკვე “გალათასარაი” აღმოჩნდა, რომელმაც სტუმრად 2:0 მოგების შემდეგ, შინ 0:0 ითამაშა.
თურქული კლუბი მეტოქეს უდანაკარგოდ ხვდება, ხოლო “დორტმუნდს” ტრავმირებული კირხი, შმელცერი და შაჰინი არ ეყოლება.
- “გალათასარაის”, გერმანულ გუნდებთან საკუთარ კედლებში გამართულ ბოლო 6 თამაშში მოგება არ აქვს;
- “დორტმუნდმა”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ბოლო 7 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
- “დორტმუნდს”, ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები
გალათასარაი (4-3-3): მუსლერა, სარი, კაია, შეჯუ, კამდალი, ინანი, მელო, ჯემაილი, ადინი, ილმაზი, სნეიდერი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, დურმი, ბენდერი, გიუნდოგანი, მხითარიანი, კაგავა, როისი, იმობილე.
მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი).
1. | დორტმუნდი | 2 | 2 | 0 | 0 | 5:0 | 6 | |
2. | არსენალი | 2 | 1 | 0 | 1 | 4:3 | 3 | |
3. | გალათასარაი | 2 | 0 | 1 | 1 | 2:5 | 1 | |
4. | ანდერლეხტი | 2 | 0 | 1 | 1 | 1:4 | 1 |