რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-19 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” სტუმრად ძერჟინსკის “ხიმიკთან” 0:1 წააგო. ქართველი მცველი კახა ალადაშვილი დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველმა გუჯა რუხაიამ სრულად ითამაშა, ხოლო ნახევარმცველი გოგიტა გოგუა ტრავმირებულია და გუნდს ამიტომ ვერ დაეხმარა. 18 წლის ნახევარმცველი ლაშა იმედაშვილი, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს, “სკა-ენერგიას” რიგებში 86-ე წუთზე გამოჩნდა. რუსეთის მოქალაქე მცველი გიორგი ჯიქია “ხიმიკის” სასტარტოში იმყოფებოდა და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. “სკა-ენერგიას” 23 ქულა აქვს და 18 გუნდში მეცამეტეა. “ხიმიკი” 13 ქულით მეჩვიდმეტეა.
ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიამ” გასვლაზე სარატოვის “სოკოლს” 2:1 აჯობა. მცველმა გურამ თეთრაშვილმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ვლადივოსტოკელებში თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ლუჩ-ენერგია” 29 ქულით მეექვსეა.
ასტრახანის “ვოლგარმა” იაროსლავლში ადგილობრივ “შინიკთან” ქულა აიღო – 1:1. ნახევარმცველი თემურ ბუკია ასტრახანელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. რუსეთის მოქალაქე ბუკია მე-18 ტურში გულშემატკივრებმა საუკეთესოდ ცნეს და ინტერნეტპორტალ onedivision.ru-ს ვერსიით სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.